რატომ უწოდებენ აშშ-ში ლიბიის ომს „ქალურს?“
აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გუშინ ლიბიაში სამხედრო მოქმედებები უნდა შეეწყვიტა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩვეულებრივად გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული კანონი „სამხედრო უფლებამოსილების შესახებ“, რომელიც 40 წლის წინ იქნა მიღებული, აშშ-ის ადმინისტრაციას ამის გაკეთებას ავალდებულებდა. როგორც ცნობილია, ამ კანონის მიხედვით, დედამიწის ნებისმიერ წარტილში ომის დაწყების შემთხვევაში, 60 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, სამხედრო ძალებმა მოქმედებების გასაგრძელებლად, კონგრესის თანხმობა უნდა მიიღონ. ამ ვადის გასვლის მერე კი, მეორე ვადა 30 დღეა.
60 დღე 20 მაისს ამოიწურა, დამატებითი 30 კი - გუშინ, მაგრამ ლიბიის ომი კვლავ ძველებურად გრძელდება. ხოლო კანონი სამხედრო უფლებამოსილების შესახებ, ამ კონკრეტულ ომს, თავისი სპეციფიკურობის გამო, არ ეხება. პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს ეს პირადად აცნობა. მიზეზები კი ის არის, რომ ჯერ ერთი, აქ მონაწილეობას ამერიკელი ქვეითები არ იღებენ და მეორეც, ლიბიის ოპერაცია გაეროს უშიშროების საბჭოს ეგიდით მიმდინარეობს.
თუმცა, აშშ-ში, ამ საკითხთან დაკავშირებით, დიდი აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკითხი: შეძლო კი პრეზიდენტმა ამ საკითხის ამოწურვა? როგორც უცხოური პრესა იუწყება, სავარაუდოდ, არა. კონგრესში უკვე აპირებენ ორი რეზოლუციის პრიექტის განხილვას, რომელიც ადმინისტრაციას მოუწოდებს შეწყვიტოს ლიბიის ომში მონაწილეობა, რომლისთვისაც პრეზიდენტს კონგრესის თანხმობა არ მიუღია.
როგორც ირკვევა, ლიბიის ომთან დაკავშირებით, პრეტენზიებს ობამას არა მხოლოდ დემოკრატი პრეზიდენტის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები - რესპუბლიკელები, არამედ თავად კონგრესმენი დემოკრატებიც წარუდგენენ. ერთ-ერთი მათგანი დენის კიუსინიჩი პენტაგონის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასაც მოითხოვს, რომელიც აშშ-ს ლიბიის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას აუკრძალავს.
დავა ლიბიის მოვლენების შესახებ, ვაშინგტონში ბოლო ხანს განსაკუთრებით გამძაფრდა. ზოგი ამერიკელი პოლიტიკოსი ამ ომს „ქალურსაც“ კი უწოდებს. ქვეტექსტი კი აქ ისაა, რომ ოპერაციის მომზადება-განხორციელებაში სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყო აქტიურად ჩართული. თუმცა, კონკრეტული ომის ამ ტერმინით შემკობა, როგორც ჩანს, გარკვეული სხვა ფაქტორებითაცაა განპირობებული.
კომენტარი