სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრადიციული ბათუმური კონკურსი - „ლექსების გამოფენა“ ამჯერად პროზასაც მოიცავს

ალბათ გსმენიათ, რომ ბევრისთვის ხელოვნების დარგებში კონკურსი დაუშვებელია. როცა საქმე ეხება მხატვრულ ლიტერატურას, კიდევ უფრო რთულდება და მწვავდება ეს საკითხი: ლიტერტურა სიტყვის ხელოვნებაა და მკითხველის გემოვნების გარდა კიდევ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

ლიტერტურული კონკურსები, რომლებიც იმართება საქართველოში, ყოველთვის ხდებოდა მითქმა-მოთქმის საგანი. როცა ჭორ-მართალი აირევა ერთმანეთში, საზოგადოება ან ღიზიანდება, ან კიდევ საერთოდ ინერტული ხდება და ამით საქმე წინ ნამდვილად არ მიდის.

ლიტერატურული კონკურსის ნამდვილად დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ ბევრისთვის ის სტიმულატორია: გადადებულ კალამს ისევ მოიმარჯვებენ ხოლმე, ან გამოუქვეყნებელ ნაწარმოებს გააცნობენ საზოგადოებას და გამოცოცხლდებიან ,,რითმებით (და არა მარტო რითმებით) მოლაპარაკე” ადამიანები.

2004 წელს ბათუმელმა ახალგაზრდა კაცმა ზაზა ფირცხალაიშვილმა გადაწყვიტა, რომ ლიტერატურული კონკურსი მოეწყო აჭარაში, რითაც არა მარტო ადგილობრივ შემოქმედებს მისცემდა ასპარეზს, არამედ მთლიანად საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მწერლებსაც აძლევდა შანსს, დამკვიდრებულიყვნენ იმ ქვეყანაში შემოქმედის სტატუსით, სადაც რუსთაველსა და გალაკტიონს უმოღვაწიათ.

ბუნებრივია, ყველა ახალ წამოწყებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ფინანსური მხარდაჭერის გარდა საჭირო გახლდათ ბევრი დეტალის გათვალისწინება, მაგრამ ბატონ ზაზას ჩანაფიქრი კარგად აუსრულდა: პროექტი ,,ლექსების გამოფენა” აჭარის მასშტაბით განნხორციელდა სამჯერ 2004, 2005 და 2007 წლებში და მასში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა პოეტმა. 2008, 2009, 2010, 2011 წლებში “ლექსების გამოფენა” ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წელს კი დაგეგმილია 12-13 მაისს და ჩატარდება ტრადიციულად ბათუმში.

კონკურსის პირობის თანახმად თითო ავტორს შეუძლია საკონკურსოდ წარმოადგინოს ადრე გამოუქვეყნებელი თითო ნამუშევარი. ნამუშევრების მიღების დაწყებიდან გამარჯვებულის გამოვლენამდე სამთვიანი პროცესია, რომლის განმავლობაშიც მუშაობს ჟიური.

ჟიური იცვლება ყოველ წელს, რომელსაც არ ჰყავს თავმჯდომარე. ყოველი გამოფენის დასკვნით საღამოზე ხდება “ლექსების გამოფენის” ასი საუკეთესო ლექსის კრებულის პრეზენტაცია, პროქეტის ორგანიზატორია რეგისტრირებული კავშირი “ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი”, უკვე მეოთხედ “ლექსების გამოფენის” პარტნიორია ქალაქ ბათუმის მერია.

დასკვნით ეტაპზე ფინალისტები (დაახლოებით 130 შემოქმედი) ჩამოდიან ბათუმში. ორგანიზატორები ყველა მონაწილეს 2 დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ სასტუმროს უფასო მომსახურებით, კვებით და შიდა ტრანსპორტით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საღამოებზე დასწრება თავისუფალია, 2010 წელს პროექტის ერთ-ერთი სპონსორი იყო ,,თი-ბი-სი ბანკი”, 2011 წელს კი ,,ვისოლი”.

კონკურსი პოეზიასა და მინიატურულ პროზას შეეხება. ტრადიციულად წელსაც პროზასა და პოეზიაში იქნება სამ-სამი პრიზი (700-500 და 300 ლარიანი). პრიზები, მართალია, რომ არაა რაღაც განსაკუთრებული ოდენობის, მაგრამ მოტივაციას როგორღაც მაინც განსაზღვრავს. თუ კონკურსმა ახალი სახეები გააცნო საზოგადოებას, ეს უკვე დიდი წარმატებაა.

რადგან ერთ ავტორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროზაშიც და პოეზიაშიც თითო ნაწარმოებით, ეს უკვე ზრდის გამარჯვების შანსს და მოტივაციასაც. როგორც აღვნიშნე, კონკურსის დასკვნით ეტაპზე გასულ ნაწარმოებთა ავტორები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროთი და შიდატრანსპორტით (ბათუმში). დაგეგმილია საუკეთესო ნაწარმოებებისაგან შედგენილი კრებულის დაბეჭდვა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ საკმაოდ კომპენტენტური ჟიური, რომელსაც წარმოადგენენ ზაზა ბიბილაშვილი, ზაალ ებანოიძე, გიორგი ლობჟანიძე, პაატა ნაცვლიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, დათო ტურაშვილი.

კონკურსს აქვს რამდენიმე სპეციფიკური მხარე: ნაწარმოების გაგზავნის დრო, ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს acad nusx-ში, მინიატურული პროზა ზუსტად უნდა მოიცავდეს ას სიტყვას და ასე შემდეგ, თუმცა კონკურსანტებს ისეთ პირობებს არ უყენებს ,,ლექსების გამოფენა”, რომ მისი დაძლევა ვერ მოხერხდეს.

კონკურსის ორგანიზატორებსა და მონაწილეებსაც წარმატებულ ,,ლექსების გამოფენა 2012”-ს ვუსურვებ. იმედია, რომ ბათუმური კონკურსი ღირსეულ შემოქმედებს წარმოაჩენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100