ამერიკელებს „სექსის გადასახადს“ დაუწესებენ?
როგორც bloomberg.com ვარაუდობს, შესაძლოა, ამერიკელებს ე.წ. სექსის გადასახადი დაუწესონ. ვარაუდის საფუძველი გახდა აშშ-ის ჯანდაცვის ფედერალური უწყების განკარგულება, რომლის თანახმადაც 2012 წლის 1 აგვისტოდან ამერიკულ სადაზღვევო კომპანიებს დაევალათ, აუნაზღაურონ მოქალაქეებს კონტრაცეპტივებში დახარჯული თანხა.
„თუკი აშშ-ის 200 მილიონი სექსუალურად აქტიური მოქალაქე ერთი სქესობრივი აქტისთვის, მინიმუმ, 2 დოლარს მაინც გადაიხდის, ბიუჯეტი წელიწადში, დამატებით 10 მილიარდ დოლარს მიიღებს“, - წერს გამოცემა.
„შემოსული თანხა შეიძლება იმ ქალთა შობადობის კონტროლის დასაფინანსებლად იყოს გამოყენებული, რომელთა სადაზღვევო კომპანიას მსგავსი ხარჯების (ანუ, კონტრაცეპტივების) დაფარვა არ მოუწევს“, - აცხადებს პროფესორი სტეფან კარტერი.
ცნობილია, რომ კათოლიკური ეკლესია უარყოფს ნებისმიერი კონტრაცეპტივის გამოყენებას. ეპისკოპოსები უკვე გამოვიდნენ ჯანდაცვის უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
„ფეხმძიმობა ავადმყოფობა არ არის, რომლის მკურნალობის ხარჯების დაფარვა სადაზღვევო კომპანიას უნდა დაევალოს“, - აცხადებენ ღვთისმსახურები.
სტეფან კარტერი კი მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრის გზა მეტად მარტივია: გადასახადი არა კომპანიებისა და ორგანიზაციებისგან, არამედ თვითონ მოქალაქეებისგან უნდა აიკრიფოს - ყოველი ჩატარებული სქესობრივი აქტისთვის.
აშშ-ის მოქალაქეებმა პროტესტი უკვე გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში არსადაა ნახსენები სექსი, აღმსარებლობის თავისუფლებაზე კი მკაფიოდაა მითითებული.
კომენტარი