გიგა ბოკერია: საპატრიარქოს განცხადების ანატომიის ანალიზს არ ვაპირებ...
Коммерсантъ-online საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას ესაუბრა.
- როდესაც რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებულ კანონს იღებდით, არ გეშინოდათ, რომ ეს ქვეყანას დესტაბილიზაციამდე მიიყვანდა?
- საქართველოში ამ კანონის მიღებამდე რელიგიურ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არაკომერციულ ორგანიზაციად დარეგისტრირებულიყვნენ. ეს შესაძლებლობა უკვე რამდენიმე წელია, არსებობს, თუმცა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებისთვის მნიშვენლოვანი იყო, რომ ისინი თუნდაც ფორმალურად, რელიგიურ ორგანიზაციებად ყოფილიყვნენ მოხსენიებული. ვფიქრობ, რომ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება ამ პრობლემას გადაწყვეტს. ასე, რომ, ეს საკითხი უფრო სიმბოლურია, თუმცა ზოგჯერ სიმბოლოები ადამიანის აღქმაზე გავლენას ახდენენ.
ჩვენთვის მნიშვენლოვანია, რომ ყველა უმცირესობამ, მათ შორის რელიგიურმაც იგრძნოს, რომ ისინი თანასწორები და თანამფლობელები არიან (კარგი გაგებით) ამ ქვეყნის საკუთრების. ბუნებრივია, ისტორიული ფაქტია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ცენტრალურ როლს თამაშობდა და თამაშობს. ეს ყველაზე დიდი კონფესიაა. ამ თეზისს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება არსებობს. მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდაა დაფიქსირებული. თუმცა ეს რწმენის თუნდაც სულ მცირედ შეზღუდვასაც არ ნიშნავს და არანაირად არ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპს, რომ საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი, სახელმწიფო თვალსაზრისით, ქართველია. მხედველობაში არ მაქვს, რომ მათ თავისი ფესვები და წარმომავლობა უნდა დაივიწყონ – ეს მათი პერსონალური ავტონომიაა. თუმცა ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ყველა საკითხი, რომელიც თუნდაც სულ მცირედით მაინც უკავშირდება ამ ასპექტს, ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვენლოვანია.
არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად ინტერპერტირება მოახდინეს. ეს მცდარი ინტეპრეტაციაა. შესაძლოა, რაღაც შემთხვევებში ეს გულწრფელი შეცდომა იყოს, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობაში საქმე გვაქვს პოლიტიკური სპეკულაციის ცინიკურ მცდელობებთან. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს სპეკულაცია შედეგს ვერ მოიტანს. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ: გვქონდა სიტუაცია, როდესაც პასპორტიდან გრაფა "ეროვნება" ამოვიღეთ და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ გრძნობებზე თამაშს ცდილობდნენ.
- ნაციონალიზმზე?
- ეთნიკურ ნაციონალიზმზე. აქ მნიშვნელოვანია, განსხვავება გავაცნობიეროთ, რადგან სამოქალაქო ნაციონალიზმი აბსოლუტურად ჯანმრთელი რამაა, ეთნიკური ნაციონალიზმი კი – ავადმყოფობა. ეს უკვე საქართველოს წარსულია და მასში არასოდეს დავბრუნდებით, თუმცა ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება იმას, რაც ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობისთვის შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, კერძოდ – იმ ისტორიულ ფაქტს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს. აქ არანაირი კოფლიქტი არ არის. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია თანამედროვე თავისუფლებასთან, ლიბერალურ დემოკრატიასთან და მსოფლიოს მოქალაქეობასა და პატრიოტიზმთან შეუთავსებელია, უბრალოდ ტყუიან. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გვყავდა ისეთი ფიგურა, როგორიც ვაჟა-ფშაველა იყო. ის წერდა, რომ პატრიოტიზმსა და კოსმოპოლიტიზმს შორის არანაირი კონფლიქტი არ არის. ჩვენი სახელმწიფო ჰიმნიც კი იწყება სიტყვებით "ჩემი ხატია სამშობლო" და გრძელდება ასე: "სახატე - მთელი ქვეყანა". ანუ, ჩვენ პატრიოტები ვართ, თუმცა ამავდროულად მსოფლიოს მოქალაქეებიც და აქ არანაირი კონფლიქტი არ არის. მათ კი, ვინც აქ კონფლიქტის ძიებას ცდილობს, წარმატებები არ ელის. საქართველო ის სახელმწიფოა, რომელიც სწორედ ამ სამოქალაქო პრინციპებზე შენდება, ეს სეკულარული ქვეყანაა. თავისუფალ ქვეყანაში სხვადასხვა აზრი არსებობს, ხანდახან შესაძლოა, მკვეთრი გამონათქვამებიც იყოს და ამაში უცნაური არაფერია. თუმცა ძალიან იმედგაცრუებეული ვარ რიგი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების გამო, რომლებიც ასეთი გრძნობების გამოყენებას შეეცადნენ.
- მაშინ საპატრიარქომ რატომ უპასუხა ასე მტკივნეულად და ემოციურად ამ შესწორებებს?
- მე ახლა საპატრიარქოს განცხადების ანატომიის ანალიზს არ ვაპირებ. მათ, ბუნებრივია, უფლება აქვთ, ასეთ საკითხებზე საკუთარი აზრი გამოთქვან. ვიმედოვნებ, რომ იმას, რის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ, საბოლოოდ ყველა მორწმუნე გააცნობიერებს, მათ შორის – ისინიც, ვინც გულწრფელად იყვნენ შეშფოთებულები. ჩვენი ეკლესია ამ ფუნდამენტურ პრინციპებს იზიარებს. საპატრიარქოს განცხადებაში ძალიან მკაფიოდაა აღნიშნული (და მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად ვიზიარებ პრინციპს, რომლითაც საპატრიარქოს დეკლარაცია იწყება), რომ რწმენის თავისუფლება ფუნდამენტური ქრისტიანული პრინციპია.
- მაგრამ ოპოზიციას პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი ძალიან სწრაფად, ორი-სამი დღის განმავლობაში, კონსულტაციებისა და განხილვის გარეშე მიიღეთ...
- ამაში მათ ვერ დავეთანხმები. ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მათ შორის - დაინტერესებულ საზოგადოებასთანაც. ყველა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხით იყო დაინტერესებული, ჩართული იყო პროცესში. ბოლო წლის განმავლობაში ეს საკითხი ძალიან ინტენსიურად განიხილებოდა, ბევრი შეხვედრა იყო სხვადასხვა ჯგუფებთან პარლამენტში, მთავრობაში. ღიად ხომ არავინ დავობს, გარდა ცალკეული მარგინალებისა, რომელთა აზრით, რელიგიის თავისუფლება მიუღებელია და ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს?!
არსებობს ასევე ასეთი სოფიზმი, თითქოსდა არ შეიძლება, უმცირესობებს რაიმე უფლება მივცეთ, რადგან ეს რაღაც ჯგუფებს გააღიზიანებს. ეს მიუღებელია.
- ანუ, ნებისმიერი სახის მორატორიუმი კანონზე შეუძლებელი იყო?
- ძალიან არასერიოზული იქნებოდა ფიქრი იმაზე, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა კანონს, რომელიც უმცირესობებს უფლებებს ანიჭებს.
- და რაც შეეხება საკუთრების საკითხს?
- დიახ, იყო სპეკულაციები, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საკუთრებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს ავტომატურად გადაწყვეტდა, ან მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებას ჩამოართმევდა. ეს აბსურდია როგორც სამართლებრივი, ისე ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით. დიახ, საკუთრების საკითხი არსებობს და ამ ნაწილში არის დისკუსია. სწორედ ამიტომ გაჟღერდა კომისიის შექმნის შეთავაზება, რომელიც ამ თემას მკაფიოდ განიხილავს.
- ანუ, ეს კანონი არ აძლევს სომხურ ეკლესიას იმ საკუთრების მიღების უფლებას, რომელზეც ის პრეტენზიას აცხადებს?
- ნებისმიერ ეკლესიას საკუთრების უფლება ამ კანონამდეც ჰქონდა: მას შეეძლო, არაკომერციულ ორგანიზაციად დარეგისტრირებულიყო და ჰქონოდა ყველა ის უფლება, რომელიც ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას საქართველოში. ზოგიერთს ასე დარეგისტრირება არ სურდა და ეს კანონი ახლა შესაძლებლობას აძლევს, დარეგისტრირდეს, როგორც რელიგიური ორგანიზაცია. საკუთრების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს და არარეგისტრირებულ კავშირსაც კი. ამ თვალსაზრისით ეს კანონი არაფერს ცვლის. არსებობს რამდენიმე შემთხვევა, რომელშიც ისტორიული თვალსაზრისით ეკლესიების კუთვნილების შესახებ დავა ფიგურირებს. თუმცა ეს კანონი არანაირ დავას არ წყვეტს, ასეთი შემთხვევებისთვის კი კომისიის შექმნის ინიციატივა გაჟღერდა. ასე, რომ, ეს საკითხები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის.
- მაგრამ გამოითქმის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხური ეკლესია ახლა ამ სადავო ეკლესიების მიღებას შეძლებს, მაშინ, როცა ქართული ეკლესია სომხეთის ტერიტორიაზე სადავო ეკლესიებს ვერ მიიღებს...
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რიგი ჩვენი ოპონენტები ამ საკითხებს საერთაშორისო ასპექტს და სხვადასხვა ვიზიტებს უკავშიორებდნენ. ნამდვილად, საერთაშორისო ასპექტი ფაქტორია და საქართველოს ამასთან დაკავშირებით აკრიტიკებდნენ, თუმცა მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეები თანასწორები იყვნენ საკუთარ უფლებებში. მოქალაქეთა ნაწილი, რომლებიც არა ქართულ, არამედ სხვა ეკლესიებში შედიან, ჩვენი მოქალაქეები არიან და ეს სხვადასხვა ქვეყნებს შორის ვაჭრობის საკითხი არ უნდა იყოს.
თავად რელიგიის თავისუფლების საკითხის დასმა ჩემთვის მიუღებელია. მე არ ვსაუბრობ საკუთრების რეგისტრაციის საკითხზე, რომელიც შესაძლოა, სადავო და შეუთანხმებელი იყოს სხვადასხვა კონფესიებს შორის, რადგან ჩვენთან საბჭოთა ოკუპაცია იყო, მანამდე - რუსეთის იმპერიის ანექსია, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, შემდეგ დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდი და კვლავ საბჭოთა ოკუპაცია. ასე, რომ, ბუნებრივია, ბევრი საკითხი დარჩა, რომელშიც უნდა გავერკვეთ. თუმცა ეკლესიას საკუთრების უფლება ყოველთვის ჰქონდა, დღეს კი ეს უფლება სიმბოლური და პროცედურული თვალსაზრისითაც უფრო მარტივად რეალიზებადია. ეს საკუთრების ქონის უფლებაა და არა რაიმე სადავო საკითხების ავტომატური გადაწყვეტის უფლება.
- და მაინც, განმარტეთ თუ შეიძლება, შეუძლია თუ არა ამ კანონის მიღებას, რაიმენაირად იმოქმედოს სადავო ეკლესიების კუთვნილების საკითხში სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის დავის გადაწყვეტაზე?
- სრულიად მკაფიოდ შემიძლია, გითხრათ, რომ არა. უბრალოდ სომხურმა ეკლესიამ გააკეთა არჩევანი, არა როგორც არაკომერციული ორგანიზაცია დარეგისტრირებულიყო, ახლა კი ის შეძლებს, დარეგისტრირდეს, როგორც რელიგიური ორგანიზაცია, რაც მას საშუალებას მისცემს, ტექნიკურად უფრო მარტივად და მისთვის უფრო მისაღები ფორმით შეიძინოს, ხაზს ვუსვამ – შეიძინოს საკუთრება,L იქონიოს ახალი ტაძარი ან ტაძარი, რომელიც უკვე არის და იგი რელიგიურ და არა არაკომერციულ ორგანიზაციაზე გააფორმოს. ეს მათთვის მნიშვენლოვანი იყო, ჩვენთვის კი მნიშვენლოვანი იყო ის, რომ ეს მათთვის მნიშვენლოვანია და არა მხოლოდ სომხური სათვისტომოსთვის, არამედ კათოლიკური, ბაპტისტური და ნებისმიერი სხვა სათვისტომოებისათვის.
- დადის ხმები, რომ ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ანტისომხური განწყობა იზრდება...
- როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამით სპეკულაციას ახდენენ. მე მათ მარგინალებს ვუწოდებდი. ახლახანს, მაისის დემონსტრაციების დროს, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის 3%-ზე ნაკლები უჭერდა მხარს, სპიკერები გამოდიოდნენ და ამბობდნენ: "თქვენ გინდათ ეს ხელისუფლება? მათ სურთ, რომ ყველა, ვინც ცხოვრობდა საქართველოში, იყოს ქართველი და ჩვენთან თანასწორუფლებიანი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ!". ასეთი ადამიანები არსებობენ, მაგრამ ისინი, საბედნიეროდ, უმცირესობაში არიან და ვიმედოვნებ, ყოველთვის ასე დარჩებიან და ეს ყოველთვის მიუღებელი იქნება პოლიტიკური კლასისთვის, ისტებლიშმენტისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ ასეთი განწყობები მრავალი წლის წინ გავიარეთ და იქ არასოდეს დავბრუნდებით. საქართველო ყველას ქვეყანაა, ვინც აქ ცხოვრობს, ყველა მისი მფლობელია და ეს ხელისუფლება ასეთ ფასეულობებზე დგას.
- განხეთქილებამდე ხომ არ მიგიყვანთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ამჟამინდელი დაპირისპირება?
- ეკლესია და სახელმწიფო კონსტიტუციითაა გამიჯნული. ჩვენ საერო სახელმწიფო გვაქვს. რას ნიშნავს დაპირისპირება?! შესაძლოა, იყოს დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე, - ეს თავისუფალი საზოგადოებაა. ეკლესიის მრევლი ჩვენი საზოგადოების დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია. მორწმუნეთა შორის ბევრი სხვადასხვა ადამიანი და სხვადასხვა აზრია და ეს ნორმალურია, - ეს ხომ პოლიტიკური პარტია არ არის?!
კომენტარი