სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველა პარტიის თამჯდომარის თავი მიჰგვარეს ბიძინას უკვე და ერთისას ელოდება"

საქართველოს ტერიტორიაზე დღეს არ მოიძებნება არც ერთი იმ კალიბრის და წონის პოლიტიკოსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე გიგი უგულავას მიერ გავრცელებული მიმართვის შეფასებისას აცხადებს.

როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების ნებისმიერი შედეგისა და ხმების დაცვისთვის მზაობის საკითხში წააგო არჩევნები.

”ზოგიერთ ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და ან გამოცდილება არ ყოფნის მიხვდეს, რომ ამ ვითარებაში, ბიძინას ჩანაფიქრის რეალიზება, რაც 2013 წელს შემოთვალა და დღემდე ვერ მიაღწია, რისი წყალობითაც პარტია მთელი ეს დროა სუნთქავს და დღემდე მოვიდა, უბრალოდ პარტიის ხარაკირს ნიშნავს. მეგობრებო, ეჭვი მაქვს პარტიიდან წაგლეჯილი ნაწილაკი შეგრჩებათ და არაფერს მოგიტანთ სამარცხვინო ანგარიშის გარდა ნებისმიერ არჩევნებზე. თქვენც და საერთო საქმესაც... ყველა პარტიის თამჯდომარის თავი მიჰგვარეს ბიძინას უკვე და ერთისას ელოდება. ისევე როგორც ენმ-ის ნაგლეჯს...

არ მგონია ტექნიკური ფანდებით და თანამდებობების წინასაარჩევნო დეკლარირებით შესაძლებელი ყოფილიყო ქართველი ამომრჩევლის გონებაში ორ მკვეთრად საპირისპირო პოლუსზე ფიქრისგან ყურადღების გადატანა და უჩუმრად ბიძინასთვის ძალაუფლების გამოცურება. მთავარი მნიშვნელობა იმას ჰქონდა, ვინ იქნებოდა უკეთ მომზადებული ნებირმიერი შედეგისთვის და როგორ დაიცავდა საკუთარ ხმებს. აქ წავაგეთ სწორედ და არა პირველ ტურში.

საქართველოს ტერიტორიაზე დღეს სამწუხაროდ არ მოიძებნება არც ერთი იმ კალიბრის და წონის ადამიანი და პოლიტიკოსი, რომლიც ბიძინა ივანიშვილს ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. პირიქით, მას აწყობს გარკვეულ ზღვარს ქვეშ მუდმივად მოყოლილი ოპოზიცია.

ერთ-ერთი პირველთაგანი ვარ, ვინც ყველა პოლიტიური პატიმრის და მეგობრის, ლიდერის უსწრაფესად გათავისუფლებას ვემხრობი!!! თუმცა არც ის მგონია, რომ ივანიშვილი ბრიყვი ან გულუბრყვილოა...”, - წერს დავით საყვარელიძე ”ფეისბუქის” პირად გვერდზე.

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ ეთანხმება ყოფილი მერის გიგი უგულავას წერილის იმ ნაწილს, სადაც საუბარი პარტიის ჩაკეტვაზე და ციხე-სიმაგრედ ქცევაზეა.

”უბრალოდ შეკითხვას დავამატებ, რახან ასე საჯაროდ გამოიფინა და გამომზეურდა გიგის წერილი, ეგებ ისიც გულახდილად და მეგობრულად ვთქვათ, ვის გამოა დღეს ენმ-ის იზოლიაცია გამოწვეული? ვისგან შედგება სახელობითად ის ჯგუფი, რომელმაც ამდენი ხანი მართა პარტია და მიზიდულობის ძალა ვერ შექმნა? ასევე კამპანია დაგეგმა და ბოლომდე ამ ფორმით მიიყვანა? არ მგონია ციხეში გამომწყვდეული გიგის თბილისის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებამ პარტია გახსნას რატომღაც და რა ვქნა?... მეტს ვერაფერს დავამატებ. მე 5 ჯერ შემომითვალეს იმ "ბრძენი კაცი"-სგან მახსოვს... ახალგაზრდა ბიჭები ხართ, კარგი სახელით, მიშას ნუ ჩაყვებით და ვილაპარაკოთო... არ ვნანობ”, - წერს დავით საყვარელიძე.

გიგი უგულავას საჯარო წერილი მიმართვა :

არჩევნები/ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ. კავკასიური თუ აუსბურგის ცარცის წრის ეს სიტყვები, როგორც არასდროს აქტუალურია დღეს საქართველოში. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ სიყალბის ყველა ნაცადი თუ ინოვაციური მეთოდი იყო გამოყენებული იმ შედეგისათვის, რაც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. მართალია, ცესკო პირდაპირ სუსის განყოფილებად იქცა, მთავარი მანიპულაცია მაინც არჩევნებამდე მოხდა. "სახელმწიფო გადატრიალების", "რევოლუციური სცენარების", "გვირაბების თხრის" კამპანია კანონის და პოლიტიკური ტაქტიკის ფარგლებში იქნებოდა, რომ არა, აშკარად ჩადენილი და სამუდამოდ გამოუძიებელი დანაშაულები - უკანონო და დამონტაჟებული ჩანაწერების გამოქვეყნება, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იარაღის საბადოების "აღმოჩენა", ჩანერგილი თუ დაშანტაჟებული "ზონელების" მამხილებელი "თვალის ახელები" და, რაც მთავარია, წმინდა წყლის პოლიტიკური ტერაქტი - გივი თარგამაძის აფეთქება. დიახ, ის მხოლოდ შემთხვევამ ან ღმერთმა (რწმენისა და გემოვნების საკითხია) გადაარჩინა. დამკვეთმა ის და სხვა დაზარალებული ადამიანები სასიკვდილოდ გაწირა. ამ ყველაფერმა ისედაც მუდმივად რაციონალურობის ზღვარზე მყოფი საქართველოს არჩევნები სრულიად ირაციონალურ კატეგორიაში გადაიყვანა.

ამასთანავე, მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ამ ისტერიკისა და აშკარა დანაშაულებრივი მანიპულაციების გარეშეც შეეძლოთ გამარჯვება და მოიგებდნენ. ამით მათ მხოლოდ საკუთარ უმწიფრობას გაუსვეს ხაზი. ოცნების გამარჯვების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკური მმართველობის ციკლი 8-10 წელიწადს, ორ საარჩევნო პერიოდს მოიცავს. ანუ მოსახლეობა ამ ვადით აძლევს პარტიას/ლიდერს მართვის მანდატს და შესაბამისად, ამდენი ხნით იტანს მას. ბედის ირონიით, მეორე ციკლი მუდმივად მარკესის "პატრიარქის შემოდგომას" ემსგავსება, რასაც იურიდიულად საკონსტიტუციო უმრავლესობას ვუწოდებთ. ასე იყო შევარდნაძის, სააკაშვილის/ჩვენი მეორე "შემოდგომა" და გარდაუვალი აუცილებლობით აქეთ მიილტვის ივანიშვილიც.

ცალკე საკითხია ჩვენი ხარვეზები თუ შეცდომები. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ჩვენს მომხრეებში აქტიურად განიხილებოდა საკითხი - რა როლი ითამაშა მიშას მიერ დაანონსებულმა - მე გადმოვცურავ ზღვა-ს. ჩემის აზრით, აქ სიმართლე შუაშია. თავისთავად ცხადი იყო, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს მოიგებდა, მიშა სააკაშვილი აიღებდა ოდესა-თბილისის რეისზე ბილეთს და შეძლებდა დაუბრკოლებდად ჩამოსვლას სამშობლოში, მშობლიურ ქალაქში. ისევე როგორც, მაგალითად, მე გიგი უგულავა, და სხვებიც დავტოვებდით საპატიმროებს. ეს თავისთავდ ცხადი საკითხი იყო და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდებოდა. მაგრამ პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პასუხის არქონა ერთ საკვანძო კითხვაზე - ვინ არის თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი? ვინა არის ის პირი, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პროგრამის (ობიექტურად საუკეთესო და რეალისტური) შესრულებაზე? პარტია ამ შეკითხვაზე დაბნეული, პირდაპირ ვთქვათ, ბლუყუნებდა. როგორ წარმოგვიდგენია ასეთ პირობებში გამარჯვება? როგორ შეიძლება გამარჯვების იმედი გქონდეს და არ იყო მკაფიო მთავარ საკითხში. მე, მართალია, საერთოდ არ ჩავრეულვარ არანაირი ფორმით წინასაარჩევნო კამპანიაში და ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა მაძლევს ღიად თქმის უფლებას - ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილი (მიუხედავად მისი შესაძლო სურვილისა). მაგრამ ეს ვიცოდი მე და კიდევ შესაძლოა 20 კაცმა, ხოლო ამომრჩევლებისთვის ჩვენ გაურკვევლობას, დაბნეულობას ვასხივებდით. ჩვენ ან პირდაპირ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ჩვენი პარტიის პრემიერ- მინისტრობის კანდიდანტი მიხეილ სააკაშვილია, ან პირდაპირ გვეთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი არის დავით ბაქრაძე, სიის პირველი ნომერი, ვინც ლოგიკურად უნდა ყოფილიყო ასეთად დასახელებული ან მოგვეწვია და შეგვეთავაზებინა კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც ჩაუდგებოდა სათავეში კამპანიას. გაურკვევლობამ, რომელიც ჩვენ დავუშვით, შექმნა წარმოდგენა, რომ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, საზოგადოებას ვთავაზობთ მიშა სააკაშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ მმართველობას. და მოხდა ის, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ქვეყანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ამჯობინა. აქვე ხაზს ვუსვამ, მე არ ვსაუბრობ აქ წაგების მიზეზზე.

ჩვენი წაგების მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრე, ის უფრო გლობალურია და ნაკლებად იყო დამოკიდებული, ვინ იქნებოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრობის თუ სხვა მინისტრობის კანდიდატები. თუმცა, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება, მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დასახელება ჩვენი კამპანიისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგი იქნებოდა. და ეს კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო არც მიხეილ სააკაშვილი და არც წინა მთავრობის საკვანძო არცერთი მინისტრი. საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ, რომ ადგილზე პარტია ჭმუნავდა, ხოლო მიშა ხან ციხეში მყოფ ყოფილ ძალოვან მინისტრებს საერთოდ პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავდა (რაც იდეაში არა მისი, არამედ ამ ადამიანების და ამომრჩევლის გადასაწყვეტია), ხან ამერიკიდან - შსს მინისტრად ხატია დეკანოიძეს ასახელებდა (რაც თავისთავად ნამდვილად არაა ცუდი იდეა). ეს ერთი კონკრეტული ტაქტიკური თუ სტრატეგიული შეცდომა მე იმის საილუსტრაციოდ მომყავს, რომ ახლა უკვე დროა სწორი დასკვნები გავაკეთოთ და მომავალზე ვიფიქროთ.

სრულიად ცხადია, რომ ჩვენი პარტია არის დღეს ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად ხელი შეუშალოს ოლიგარქის მიერ ქვეყნის სრულ "პრიხვატიზაციას". ენმ-ის როლი ქვეყნის მომავლისთვის, მისი ევროპული განვითარებისთვის გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მისი ისტორიული როლი გაცილებით დიდია, ვიდრე, თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე, "ქართული ოცნების", რადგან, როგორც ჩერჩილი ამბობს: "მართალია უმრავლესობა მართავს, მაგრამ ჭკუა უმცირესობას მოეკითხება".

ჩემი აზრით, ჩვენი პარტიის სტრატეგიული ამოცანაა - გამოვიდეთ "ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის" მდგომარეობიდან. უფრო ზუსტად, კი ისეთი ალყაშემორტყმული მდგომარეობიდან, როცა იცი - ციხე-სიმაგრე დაეცემა და მაინც გმირულად იბრძვი. თუ მხატვრულ ლიტერატურაში ეს მთელი ჟანრია, თანამედროვე პოლიტიკაში - ფატალური შეცდომა და სრული უპერსპექტივობაა. ეს ოთხი წელიწადი ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ღირსეულად გავატარეთ. პარტიამ ისეთი დევნა განიცადა, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანებმა. ეს დევნა ახლაც გრძელდება და მე არც რეპრესიების გაგრძელებას გამოვრიცხავ. მაგრამ პარტიის პასუხი ამაზე არა ჩაკეტვა, 2013 წლის დასაწყისის მდგომარეობაზე გაყინვა, არამედ, პირიქით, გახსნა და განვითარება უნდა იყოს. აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს; აირჩიოს ახალი პოლიტიკური საბჭო, რათა მოხდეს იმ ახალი და წარმატებული ადამიანების პარტიის მართვაში ინტეგრირება, რომლებმაც ამ არჩევნებზე თავი გამოიჩინეს, იქნება ეს ცენტრალურ საბჭოში თუ რეგიონებში. გასაგებია, რომ ივანიშვილი შეეცდება ნაციონალური მოძრაობა ნახევრად პარტიზანულ მდგომარეობაში ამყოფოს, თუმცა ამ არჩევნებმა ივანიშვილის, რეალურად ერთადერთი, ოცნება დაამსხვრია - ნაციონალური მოძრაობა არა თუ გაქრა, მას ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. შემთხვევითი არაა, რომ საერთაშორისო პრესა, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ამ არჩევნებზე ორ გამარჯვებულ პარტიაზე საუბრობს. თუმცა ახლა ჩვენი ვალია "ნაციონალური მოძრაობა" უფრო მეტად გავხადოთ დასავლური ყაიდის დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაცია. მხოლოდ ასე შეძლებს ის ქვეყნის ოლიგარქის მარწუხებისგან, უფრო სწორედ, აბლაბუდისგან დახსნას.

მე კარგად მესმის, თუნდაც თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული შფოთვები. ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია. აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის. ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა. არ ვიცი რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს. მეტიც, მე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვაპირებ გადავდგე, რათა მივცე შესაძლებლობა - თბილისის აქტივმა ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ერთი სიტყვით, პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უმდა ჩატარდეს არჩევნები. ეს არ და ვერ იქნება განხილული როგორც პოლიტდევნილებისა თუ პოლიტპატიმრების მიმართ ღალატი. ამას მე, როგორც ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, გეუბნებით. ჩვენი დევნილობა და პატიმრობა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეიძლება კიდევ დიდი ხანი გაგრძელდეს. მე ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. პარტიას სჭირდება განვითარება და ის არ უნდა გახდეს ამჯერად ჩვენი პატიმრობის თუ დევნილობის მძევალი, სწორედ ეს უნდა ივანიშვილს. მეტიც, ამ პოლიტსიშლეგის დასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჩქარდება თუ ნაციონალური მოძრაობა გაძლიერდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ - საერთაშორისო ინსტიტუტებში. ცხადია, ეს არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან პარტიისგან გამიჯნვას, პირიქით, ამით ჩვენ პარტიას განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ. ესაა ფაქტის კონსტატაცია, ჩვენ, ციხეში თუ ქვეყნის გარეთ იძულებით მყოფნი, სრულფასოვნად ვერ ვმონაწილეობთ პარტიულ პოლიტიკაში, იმედია დროებით. და როცა ეს ცხადი სიგიჟე დასრულდება, მე/ჩვენ სიხარულით ჩავერთვებით პარტიის ცხოვრებაში და არც შიდა კონკურენციას შევუშინდებით. მართალია, კაცს შეიძლება გალაკტიონის ლექსი გაგახსენდეს და ცოტა შეცბე: ".. წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული..", მაგრამ ამჯერად, მერაბ კოსტავას სიტყვები უფრო გამოგვადგება - მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში.

მეგობრებო, გთავაზობთ მსჯელობას ამ თემაზე, ხოლო პარტიის თბილისის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გადადგომა შემდგარ ფაქტად მიიღეთ.
წერილი საჯაროა და მისი ადრესატი ყველა ჩვენი მხარდამჭერია, რისთვისაც მათი გულწრფელად და უზომოდ მადლობელი ვარ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100