„ფონდი ნატახტარი“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველო“ პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში კონფერენციას გამართავს
ხვალ, 7 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ „ფონდი ნატახტარი“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველო“ პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში კონფერენციას გამართავს თემაზე: „სოციალური პასუხისმგებლობა ბავშვზე ზრუნვის სფეროს განვითარებისთვის“.
კონფერენციის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე საჯარო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მსხვილი ბიზნესკომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები.
კონფერენცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. პირველ ნაწილში „ფონდი ნატახტარისა“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველოს“ წარმომადგენელები მიმოიხილავენ სფეროში არსებულ სიტუაციას, ისაუბრებენ პრობლემებსა და გამოწვევებზე. კონფერენციის მეორე კომპონენტი დაეთმობა სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციების მოხსენებას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემების დაძლევის პროექტებთან და ინიციატივებთან დაკავშრებით. კონფერენციის მთავარ მიზანს სხვადასხვა სექტორს შორის ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენს. კონფერენციის დასკვნითი ნაწილი კი, მიეძღვნება პრობლემის მედიაგაშუქების საკითხებს, რომლის დროსაც გაიმართება დისკუსია აღნიშნულ თემაზე.
კომენტარი