ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში, გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენით გარდაიცვალა. "ბათუმელებს" მერის წარმომადგენელმა ჩაისუბანში, ჯუმბერ ყურშუბაძემ უთხრა, რომ კაცი ტყეში ოჯახთან ერთად იყო.
"მთის ასპიტი რქმევია ამ გველს, ყოფილა ჩვენს მთებში. გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა რომ ნახეს სურათი, თქვეს, ეს გველიაო. ტყეში იყო ფაქტობრივად, სასწრაფომ ვერ აუსწრო და გარდაიცვალა", -ამბობს ჯუმბერ ყურშუბაძე გამოცემასთან.
მისივე თქმით, ფოტოს მიხედვით, ტურისტს გველი ხელში ჰყავდა აყვანილი, ეკეთა ხელთათმანიც, მაგრამ სავარაუდოდ, ვერ იგრძნო, რომ ქვეწარმავალმა უკბინა.
"აქამდე არ ყოფილა აქ მსგავსი შემთხვევა. გადამფრენ ფრინველებს აკვირდებიან ამ ადგილზე, მაგრამ გველი რომ ვინმეს ხელში აეყვანოს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა",- ამბობს ჯუმბერ ყურშუბაძე.
კომენტარი