სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორნი ქალაქში, ანუ ოპოზიციური არდადეგები და ფეხებზე დაკიდებული ხალხი

ქართული ოპოზიციის ლიდერებმა ხანგრძლივი არდადეგები გამოაცხადეს და დასასვენებლად უცხოურ ელიტარულ კურორტებს მიაშურეს. ორნიღა დარჩნენ ქალაქში – "კონსერვატორი" ლაშა ჩხარტიშვილი და "ხალხის პარტიაში" ნაცმოძრაობიდან გადაბარგებული ალეკო შალამბერიძე. თვეზე მეტია, ყველა სოციალურ პრობლემებზე, რაც თბილისში დაგროვდა, ეს ორი კაციღა რეაგირებს მთელი ოპოზიციის მაგიერ, დევნილების აქციაა თუ გარემოვაჭრეებისა, ლაშას და ალეკოს გარეშე არ ჩაუვლია. ორივე მათგანი თავიანთ პარტიაში, დამეთანხმებით, მეორე რიგის ლიდერია, აი, პარტიული "ლიდერშიკები" კი არ გამოჩენილან. ორიოდ ბრიფინგი გამართა ნინო ბურჯანაძემ, შალვა ნათელაშვილი და მისი პარტიის ლიდერები, მორიგეობით ისვენებდნენ, ისე, რომ როგორც შალიკოს უყვარს თქმა, მათ "უერთგულეს მხარდამჭერთ, რომელთაგანაც ყოველი მესამე არაგველია", ლეიბორისტთა დეფიციტი არ ეგრძნოთ. "ეროვნული ფორუმი" შვებულებაში არ გასულა. მაგრამ ვერ ვიტყვი, მათმა აქტიურობამ ხალხში მინავლული სპროტესტო ცეცხლი ააბრიალაო.

მოკლედ, ოპოზიციის ლიდერები უცხოეთში ისვენებდნენ ოჯახებთან ერთად, ნაწილმა _ წყნეთსა და საგურამოს შეაფარა თავი საკუთარ ფეშენებელურ ვილებში. მათ რომ ჰკითხო, ზაფხული პოლიტიკურად მკვდარი სეზონია და ამიტომ არ აქტიურობდნენ. რატომღაც. პოლიტიკურად მკვდარი ეს ზაფხული არ ყოფილა პარლამენტისთვის, რომელიც ოფიციალურ შვებულებაშია, მაგრამ სპიკერატი და კომიტეტის თავმჯდომარეები აგვისტოს მიწურულამდე თბილისიდან არ წასულან, პოლიტიკურად საკმაოდ ცოცხალი იყო ეს ზაფხული თბილისის საკრებულოსთვის და მათ შორის, საკრებულოელი ოპოზიციონერებისთვის, შვებულებაში არ გასულან გუბერნატორები, მინისტრები, თბილისის მერი გიგი უგულავა, არც სხვა ქალაქის მერები, არადა, ამათ კანონით ეკუთვნით შვებულება.
ოპოზიციის შვებულება კი არც ერთ კანონში არ სწერია, მეტადრე, არასაპარლამენტოსი, ე. წ. ქუჩის ოპოზიციისა. მათ თავად დაიბრალეს ხალხის ქომაგობა, მათი ჭირ-ვარამის გამზიარებლობა, მაგრამ არც ერთი არ ჩანდა, როცა გარემოვაჭრეები აქციას აქციაზე მართავდნენ, დევნილები სუბელიანის სამინისტროსთან შიმშილობდნენ, ექსპერტთა ერთი ნაწილი ხელისუფლებას ფასების ხელოვნურ გაზრდაში ადანაშაულებდა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამოჩნდა ერთი, ეთქვა – ჰო, ეგრეაო.

ოპოზიცია სასექტემბროდ იმუქრება – დიდი აქციები უნდა გავმართოთო. გამოჩნდება ახლა ნინო ბურჯანაძე და შეიცხადებს – უი, მომიკვდეს თავი, პური გაძვირებულაო (გეგონება, ცხონებულ მამაჩემის ფირმებს შემოაქვთ ფქვილი საქართველოში და არა – ანზორ ბურჯანაძისა), თითქოს, კომპიუტერი არ ჰქონდეს, ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, ან უცხოეთში ისეთ ბუნგალოში ისვენებდა, ტელევიზორი არ იყო და ეს ამბავი სიახლეა მისთვის.
შალვა ნათელაშვილს ახლაღა გაახსენდება, რომ დევნილების ნაწილს სამეგრელოში, სოფელ ფოცხოში გამოუყვეს საცხოვრებლად არცთუ ვარგისი კორპუსები, ბრიფინგს ბრიფინგზე გამართავს და ყოველ საღამოს ოპოზიციური ტელევიზიების სტუდიებში იჯდება. ირაკლი ალასანია სასექტემბროდ აღმოაჩენს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ უფრო გაუარესებულა, "მემარჯვენეთა" ლიდერი დავით გამყრელიძე უფრო დიდ აღმოჩენას გააკეთებს – სათითაოდ დაითვლის პატიმრებს ციხეში და აყვირდება – მერაბიშვილს ეს რამდენი ხალხი დაუჭერია, ციხე – გადავსებულიაო. აი, გამყრელიძე როცა იყო ხელისუფლებაში, მკვლელებსა და ყაჩაღებს პოლიცია "ჩუპა-ჩუპსის" კანფეტს აძლევდა და ისე უშვებდა სახლში. კობა დავითაშვილმა კი დატოვა "დესანტი" თბილისში ალეკო შალამბერიძის სახით, მაგრამ თავად სად გაქრა ორი თვე, კაციშვილმა ვერ გაიგო. კობა საყვარელ თემას ააგდებს – პენსიონერებს პენსიები გაუზარდეთ, საერთოდ – საარსებო მინიმუმი გაზარდეთ, ფასებმა იმატა პროდუქტებზეო. კობაც შუა სექტემბერში აღმოაჩენს, რომ ფასებმა მოიმატა. სადაც იყო, იქ, ეტყობა, ვერ იგრძნო, ან მაგის ჯიბე ვერ გრძნობს ფასთა სხვაობას. რაც მთავარია, ჯერ ხინკალი და "ნა ვერტილე" არ გაძვირებულა, ძველი მარაგია შემოტანილი და ამიტომაც არის ჩუმად.
ჰოო, გოგა ხაინდრავაც გამოგვეცხადება გარუჯული და ახალ-ახალ დიაგნოზებს დაუსვამს სააკაშვილს. ადრე იძახდა, ჰეროინზე ზის მიშაო, ახლა იტყვის – კოკაინზე ზისო. ხაინდრავას გამოცდილების კაცს ნარკოტიკებში, წესით, უნდა დავუჯეროთ, მაგრამ ეგ არის, პოლიტიკოსია და შავი პიარის სუნი უდის მაგის დიაგნოზებს.
ლევან გაჩეჩილაძე ახლა იახტით სეირნობს ალბათ, მეტყელებაში ვარჯიშობს – სექტემბრიდან უფრო ომახიანად უნდა იძახოს – "მიშა, მოვედი!" "მიშა, მოვდივარ!" გინება-დაგინების კურსები "გრეჩიხამ" თბილისში გაიარა, ხანიდრავასთან ერთად.

სალომე ზურაბიშვილიც მალე დაბრუნდება პარიზიდან, ჩიქორთული ქართულით გააკრიტიკებს ხელისუფლებას, ისევ გაიხსენებს 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომს და ნიკოლა სარკოზის ღვაწლს რუსის ჯარის შეჩერებაში, მერე კი, ახალი კონსტიტუციის პროექტს გადასწვდება – ისაო, ესაო, ეს პროექტი ანტიდემოკრატიულიაო და თუ მოვიღეთ, მიშა 2013 წლის მერე პრემიერად მოგვევლინება და ამ კონსტიტუციით ევროკავშირში ვერ შევალთო. არადა, თუ რომელიმე ქვეყნის საკონსტიტუციო მოდელს მიესადაგება ახალი კონსტიტუციის პროექტი, უპირველესად, ფრანგულს. მაგრამ ამას ცოცხალი თავით ხომ არ იტყვის სალომე, ის ისევ ქუჩის აქციების მომხრეა, "დიალოგის ეშმაკის ენაა" – აი, ასეთია დიპლომატი ქალბატონის "ოპოზიციური გაგება".
ახალი კონსტიტუციის პროექტს წიხლქვეშ გაიგდებენ რესპუბლიკელები. ესეც სექტემბერში მოხდება. ოღონდ სხვებისგან განსხვავებით, მათ პროექტი წაკითხული ნაღდად ექნებათ (სხვებს თვალით არ უნახიათ, ისე აკრიტიკებენ, მაგალითად, გოგა ხაინდრავა და "გრეჩიხა"). ვახტანგ ხმალაძემ რომ ჩააბულბულა, ეს ამასწინათ ვნახე "კავკასიაზე", მაგრამ სად იყვნენ მაშინ, როცა პროექტის განხილვა მიმდინარეობდა? რა უნდა ექნა ხელისუფლებას, დამჯდარიყო, დალოდებოდა როდის გამობრძანდებოდნენ არდადეგებიდან პატივცემული ოპოზიციონერი გვამები და მერე დაეწყო პროექტის განხილვა? ანდა, რა უნდა ეთქვათ უცხოელი ექსპერტების, პოლიტიკოსების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის? – "გრეჩიხა" საგურამოში ისვენებს, თავის ძმასთან ნარდს აგორებს და როცა მორჩება, მერე დავიწყოთ განხილვაო? არადა, ამ ნარდმაც როგორ იცის კაცის შეტყუება, მით უფრო, როცა საგურამოს ჩრდილობში თამაშობ და თან მწვადზე... თანაც – ნაღდზე.
რა ჯობია წალამზე შემწვარ მწვადს. მერე რა, რომ გაძვირდა ყველაფერი, მერე რა, რომ ხალხი შიმშილობს, მავანთ წამლის ფული არა აქვთ...! აი, ასეთია ოპოზიციის პასუხი ხალხის პრობლემებზე, როცა მათ არა სჭირდებათ, როცა არდადეგებზე არიან, ხალხი და მათი გასაჭირი. როცა ქულების აკრეფისა და რეიტინგების აწევის დრო დაუდგებათ, როცა აქეთ – ხელისუფლებასთან და იქით – უცხოეთის ქვეყნების ლიდერებთან, უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვაჭრობის ხანა დაუდგებათ, მაშინ გაახსენდებათ ხალხიც, მათი გასაჭირიც, გაძვირებული პროდუქტი და წამალი, უწამლობა და უექიმობა, დევნილები და აყრილი გარემოვაჭრეები. შეიყრებიან ერთად, შემოუძახებენ ხალხს, თუ გაყვა ხალხი, ხომ კარგი, თუ არადა, მთელი შემოდგომა იტინგიცებენ, მერე საახალწლო არდადეგებზე გავლენ და იანვრის ბოლომდე ხალხს ისევ დაიკიდებენ.
ექვსი წელია ამ გრაფიკით ცხოვრობს ჩვენი ოპოზიცია, მათი ლიდერები და რაღა ახლა შეიცვლებიან? არა მგონია, რაც არიან, ისევ ის დარჩებიან. ვისაც აიყოლიებენ (თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთები კიდევ არიან), მათ კვლავ პირში ჩალაგამოვლებულებს დატოვებენ, თავად სარფიანად ივაჭრებენ და პოლიტიკური დივიდენდებისა რა გითხრათ, მატერიალურს ნაღდად მიიღებენ – გაისად ამ დროსაც ხომ უწევთ არდადეგები და ხომ უნდათ უცხოეთში დასვენება?
ისე, ეს საზაფხულო _ ოპოზიციური არდადეგები იმად მაინც ღირდა, რომ ბოლოს და ბოლოს, გავარკვიეთ: კობა დავითაშვილის პარტია ერთკაციანი კი არა, ორკაციანი ყოფილა და ეს დაამტკიცა ალეკო შალაბერიძემ. ლაშა ჩახრტიშვილის აქტიურობამ კი, კონსერვატორთა "ტრიო" (ძიძიგურ – კუკავა – გუჯაბიძე) კვარტეტად გადააქცია. ახლა "ხალხის პარტია" ორ ხმაში, "კოსერვატორები" კი ოთხ ხმაში შეუბერავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100