რევოლუციის „მაესტრო“
[ლაშა ბერულავა]
საქართველოში ფრიად აქტუალურია ტელევიზიებით მანიპულირება. კაცმა რომ თქვას, ამ მანიპულირების საფუძველს თვითონ ტელევიზიები და მათი სარედაქციო პოლიტიკა იძლევიან. ზოგიერთი ტელევიზია მხოლოდ რეიტინგისთვის იღვწის და სხვა ფაქტორებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, ზოგიერთი დაბალანსებული და ობიექტური მედიასაშუალების იმიჯის მორგებას ცდილობს, ზოგს პრეტენზია აქვს, რომ გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაა, ზოგიერთს კი თავისი ტელევიზია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაზე ობიექტური, წარმატებული, მრავალფეროვანი და მაღალრეიტინგული ჰგონია.
ტელევიზიების რეალური მეპატრონეებისა თუ მფლობელების დადგენა ქართული ოპოზიციური სპექტრის აქილევსის ქუსლია. ისინი ჩივიან, რომ მაგალითად, „რუსთავი–2“–ის მფლობელი კომპანია ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული და მასზე სრული მონაცემები არ მოიპოვება.
ამ პრეტენზიის საპასუხოდ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ტელევიზიის მფლობელთა ვინაობას მაქსიმალურად უნდა ჩამოხსნოდა კონფიდენციალურობის საბურველი. ამის შემდეგ პროტესტის გამომხატველი ხმები ჩაცხრა, მაგრამ მაინც არ შემწყდარა.
სხვათა შორის, ბევრ ქვეყანაში პოლიტიკოსებს ან პოლიტიკასთან კავშირში მყოფ პირებს ან პირთა ჯგუფს საერთოდ ეკრძალება არამარტო ელექტრონული მედიის, არამედ ბეჭდური პრესის რომელიმე გამოცემის წილის შესყიდვა. რა თქმა უნდა, მას აქვთ უფლება, იყვნენ კონკრეტული მედიასაშუალებების მფლობელები, მაგრამ ეს მედიასაშუალება დარეგისტრირებული უნდა იყოს, როგორც ამ პოლიტიკოსის ან მისი პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური ორგანო.
საქართველოში კი ასე არ არის: აქ პოლიტიკოსს არ ეკრძალება რომელიმე ტელევიზიის წილის ოფიციალურად, ყოველგვარი გართულებების გარეშე შესყიდვა. კონკრეტული პირობები, როგორებიცაა სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში არჩარევა, ასევე სხვა დეტალები – კონკრეტული პიროვნებების გადასაწყვეტია.
კარგა ხნის განმავლობაში საქართველოში არ იყო პრეცენდენტი, როცა პოლიტიკასთან დაკავშირებული პირები მედიასაშუალების, მით უმეტეს, ელექტრონული მედიის მფლობელები ან მეწილეები ხდებოდნენ. ტრადიცია ცოტა ხნის წინ დაირღვა, როცა ეროსი კიწმარიშვილი, უფრო სწორად, მის მიერ დაფუძნებული კომპანია „მაესტროს“ მმართველი გახდა, მოგვიანებით კი კიწმარიშვილის პოლიტიკური ამბიციებიც გაცხადდა და იგი „ქართული პარტიის“ ერთ–ერთი სახე გახდა.
წესით და რიგით, ამ ფაქტის შემდეგ „მაესტროს“ ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტთა კორპუსს განცხადება უნდა გაეკეთებინათ, სადაც უარს იტყოდნენ „ქართული პარტიის“ პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევაზე, მაგრამ ასე არ მოხდა: „მაესტროს“ მადა ჭამაში მოუვიდა და ისევ ობიექტური და მიუკერძოებელი ტელევიზიის იმიჯით კეკლუცობს.
ობიექტურობა, როგორც ასეთი, საქართველოში საკამათო ცნებაა და იგი ყველას საკუთარი პოლიტიკური პოზიციიდან ესმის. ასე მაგალითად, ობიექტურობაა, თუკი ვრცელ სიუჟეტს მიუძღვნი რუსთაველის გამზირიდან სანაგვე ურნების გაქრობას, მაგრამ კადრში არსად ჩასვამ ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციაზე მომარაგებულ, ბენზინით სავსე ბიდონებს და სახეზე ნიღაბაფარებულ ახალგაზრდებს. სამაგიეროდ, არაობიექტურია და სხვადასხვა სტრუქტურის, მათ შორის, შსს დაკვეთა–დავალებას ასრულებს ჟურნალისტი, რომელიც დაინტერესდება, რაში სჭირდებათ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ბენზინი.
როგორც მოვლენების განვითარება ცხადყოფს, „მაესტროს“ უფრო მეტის პრეტენზიაც უჩნდება, ვიდრე, უბრალოდ, ობიექტური ტელევიზიის იმიჯია: მაგალითად, საკუთარ თავზე აიღოს საპროტესტო აქციების გაშუქების მაესტროს როლი – დაახლოებით ისე, როგორც ეს ბადრი პატარკაციშვილის „იმედმა“ გააკეთა 2007 წელს. ამჟამად არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ამ მედიასაშუალებას ძალიან დიდი სურვილი უჩნდება, გახდეს რევოლუციის მაესტრო (ამაზე მეტყველებს, აქციის გაშუქებისას, ახალი ამბის განსაკუთრებით მძაფრად, ნეგატიურად წარმოჩენა, ოქრუაშვილის მუქარები და ძალადობრივი მოწოდებები „ექსკლუზიურად მაესტროსთვის“, „ქართული პარტიის“ შეცდომების, ანგაჟირებულობის, აგრესიისა და რადიკალიზმის პრევენცია–„გაპრავება“, დამფუძნებელთა თუ მეწილეთა პოლიტიკური ინტერესები და ბევრი სხვა რამ).
თუმცა, ოპონირების მსურველები ჯერ იმაზე უნდა დაფიქრდნენ, რამდენად იქნება დამოუკიდებელი იმ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა, რომლის მმართველად რომელიმე პარტია, მისი ოდიოზური ლიდერები თუ ექს–მხედრიონელი, „ვერის საძმოს“ წევრი და მოსკოვში გამდიდრებულ–გაპოლიტიკოსებულ–გაბიზნესმენებული კოტე გოგელია მოიაზრება, რომელსაც სურს 26 მაისს „აღლუმი ჩაიბაროს“. „აღლუმს 26 მაისს ჩვენ ჩავიბარებთ“ – კოტე გოგელია, ტელეკომპანია „მაესტრო“, 2011 წლის 22 მაისი.
კომენტარი