პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
,ყოვლად საღმდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ამიერიდან უცხონო კი აღარ ხართ, არამედ წმინდათა თანა თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი. ათასწლოვანი მოლოდინი კაცთა მოდგმის ხსნისა დასრულდა, აღსრულდა მრავალ თაობათა ნატვრა - იშვა იესო.
20 საუკუნის წინ აღმოცენებული ბეთლემის ვარსკვლავი, დღეს კვლავ ამცნობს სამყაროს ენით მიუწვდომელ საიდუმლოს ღვთივგანხორციელებისა, სასწაულს, რომელსაც ვერასოდეს ჩაწვდება ადამიანური გონება, საოცრებას, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა თვით ანგელოზთა დასიც, თითქმის არ არის არცერთი ქვეყანა, არცერთი ქრისტიანული ოჯახი, რომ არ ხარობდეს ამ დღის დადგომით, მაგრამ ფაქტია, ბევრისთვის უცნობია ასეთი განწყობის ნამდვილი მიზეზი და ისიც, თუ რას ავალდებულებს ეს დღე ყოველ ადამიანს. უმრავლესობა ვერ გვიპასუხებს მაინც, რა მიზნით მიიღო კაცობრივი ბუნება უფალმა, რა საჭირო იყო ეს, რა შეიცვალა მისი მოსვლით დედამიწაზე? ამის გაგება ზოგიერთს არც კი აინტერესებს, მათთვის ისიც საკმარისია, რომ კარგი განწყობის და მხიარულების რაღაც მიზეზი აქვთ. დაე, იყოს ეს ქრისტეს შობა, არსობრივ მნიშვნელობას ამას არც ანიჭებენ. მათ კი , რომელნიც ნაკლებად გათვითცნობიერებულნი არიან სარწმუნოებაში, მაგრამ ცოდნის შეძენის სურვილი აქვთ, კიდევ ერთხელ შევახსენებ წმინდა წერილს: ,,ადამი შემოქმედად, ხატად და მსგავსად თვისად შექმნა და სამოთხეში ნეტარი ცხოვრება უბოძა, მაგრამ სამყაროს გვირგვინად და განდეგილად დადგენილი ადამიანი თავისი ნებით, ამპარტავნებითა და უპასუხისმგებლო ქცევით ღმერთს განუდგა და მაცდურის მონობაში აღმოჩნდა. ამასთან ერთად, დაეცა მიწიერი სამყაროც, რომელიც მას ექვემდებარებოდა, ღვთის მადლით აღვსილი ჰარმონია. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეშმაკის ტირანიით გამსჭვალულმა სიძულვილმა და ურთიერთ დაპირსიპირებამ შეცვალა, ეს მდგომარეობა აისახა როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობებში, ისე ცხოველთა, მცენარეთა და საერთოდ მთელი ბუნების არსებობის წესში, ყველაფერი დაექვემდებარა პრინციპს - ბრძოლა არსებობისთვის, ასე, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის გადაულახავი უფსკრული გაჩნდა, ადამმა და ევამ და მათმა შთამომავლებმა დაკარგეს სულიწმნიდის მადლი, რითაც შემოქმედთან კავშირი ხორციელდებოდა და რაც ღმერთთან მათი მსგავსების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი იყო. ამ მადლს მოკლებულნი მოაკლდნენ სწორ აზროვნებასაც და ქმედებასაც, ცოდვას ცოდვა მიუმატეს და საკუთარ თავს მარადიული სიკვდილი განუმზადეს.
ამ რეალობის შექმნის შესაძლებლობა კი აღარ არსებობდა, რადგან კაცთა ხსნა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეეძლო, რომელიც უცოდველი იყო და ხელეწიფებოდა სხვათა სიმძიმე ეტვირთა, ასეთი კი ამქვეყნად არ მოიპოვებოდა, რადგან პირვანდელი ცოდვა ყველას მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ამას კი ცალკეული ადამიანის პირადი ცოდვებიც ემატებოდა. ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედმა და განმგებელმა ცანი მოდრიკა, ადამიანური ბუნება მიიღო და ჩვენი ხსნისათვის დავითის ქალაქში, ბეთლემში იშვა, იქ ბაგაში, სიცივესა და სიმწარეში დაიბადა ახალი ადამი - იესო, რათა ამპარტავნებით დაცემული ძველი ადამის ცოდვა გამოესყიდა, მართალთა სულები ჯოჯოხეთიდან ეხსნა და ღმერთთან კავშირი აღედგინა. აი, ეს არის ჩვენი დიდი სიხარულის მიზეზი, სათავე ენით გამოუთქმელი ბედნიერებისა. სხვა რა უნდა შეადარო ამ დღის სიდიადეს? როგორ ხორციელდება პირველქმნილ ჰარმონიასთან ჩვენი დაბრუნება? პირველ რიგში ქრისტიანული ნათლისღებით, ,,ბეჭედი მონიჭებულ არს, სულის მიერ წმინდისა, ამინ! _ ამბობს საიდუმლოს აღსრულებისას მოძღვარი და შვიდჯერ სცხებს მირონს მას ვინც ინათლება, რითაც ადამიანს ენიჭება სულიწმინდის მადლი და ეძლევა განცხრომისა და ნეტარი მარადიულობის დამკვიდრების შესაძლებლობა. ამ მიუწვდომელი წყალობის გამო, გაოცებული წმინდა მამები საუკუნეთა მანძილზე გულწრფელად კითხულობდნენ: ,,რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ზეკაცისაებრ, რამეთუ მოხედავ მასკკ.
ჩვენი ხსნისათვის მაცხოვრის თავგანწირვა უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამ ეპისტოლეში აღნიშნულ გრძნობაზე მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება. ეს თვისება ადამიანში ასაკთან ერთად ვითარდება, ამასთან, რამდენადაც მაღალ სულიერ საფეხურზე იმყოფება ესა თუ ის პიროვნება, მით მეტად არის მასში ეს განცდა. პავლე მოციქული ამბობს: ,,როდესაც ვიყავი ყრმა ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორ ყრმა, ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობის დროიდნდელს. ჩვენც გვმართებს ყრმობიდან გამოსვლა, ანუ სულიერი გაზრდა და გაცნობიერება ჩვენი პასუხისმგებლობისა, უპირველეს ყოვლისა შემოქმედის, უფლის, სამშობლოსა და მოყვასის წინაშე, პასუხისმგებლობა როგორც ცოცხლების ისე გარდაცვლილების მიმართ, რაც გულისხმობს ჩვენს ვალდებულებებს მშობლებთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან მიმართებაში, ასევე სამსახურეობრივ პასუხისმგებლობას. ჩვენი წინაპრები თავიანთ შვილებს ბავშვობიდან უღვივებდნენ ამ გრძნობას, ამიტომაც იყო ჩვენ ერი ძლიერი, მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, იგი იბრძოდა კიდეც და ამასთან, დაუღალავად შრომობდა და ქმნიდა რწმენისა და მამულის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში ქუდზე კაცი გამოდიოდა, საერთოდ კი ოჯახში სოფელსა თუ თემში ყველას თავისი პასუხისმგებლობა ჰქონდა, მეფე ზრუნავდა მთელს ერზე, პატრონობდა და ხმლით იცავდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრებთ, ეკლესია ანათლებდა და სულიერად ამტკიცებდა ერს, გლეხები ქმნიდნენ დოვლათს, ყველანი ერთად კი შეადგენდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიან, მთლიან ორგანიზმს, სადაც თითოეული თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურებოდა ერს. რომელიმე ამათგანის დაძაბუნება იწვევდა ყველას დასუსტებას, რადგან არცერთი მათგანის ფუნქცია არ იყო უმნიშვნელო, თუმცა რაც უფრო მაღალი იყო წოდება და თანამდებობა, მით მეტი იყო პასუხისმგებლობაც. ეს ზოგჯერ სიცოცხლის განწირვას მოითხოვდა, ზოგჯერ მეფის ან სასულიერო პირის თავდადება იყო საკმარისი, მაგალითად წმინდა დემეტრე მეფე, წმინდა ევდემონ კათალიკოსი. ზოგჯერ კი მთელი ერის, ასი ათასი მოწამის თავისუფლება და პასუხისმგებლბა ურთიერთდაკავშირებული მცნებებია. ვინც თავისუფლებას ჰკარგავს მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის გრძნობაც უქვეითდება.
გავიხსენოთ რა მოხდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საქართველოში. მთელი ეს ჰარმონიული სისტემა მოიშალა, მეფისა და ეკლესიის დამოუკიდებლობა გაუქმდა, ძალაუფლება უცხო ძალის ხელში გადავიდა, რის შედეგადაც თავადაზნაურობა უგულო ბატონად იქცა, ყოველივე ეს კი მთელი სიმწვავით გლეხკაცობაზე აისახა. ქართველმა კაცმა მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი კარდინალურად შეცვლა, საერო საზრუნავის ადგილი პირადულმა დაიკავა, სამშობლოზე ფიქრის ნაცვლად, მისი გონება მხოლოდ საკუთარ კარ-მიდამოზე და ოჯახზე ზრუნვამ მოიცვა.
დიდმა ილიამ ეს პრობლემა ცნობილი ლექსით ,,ბედნიერი ერიკკ, ნათლად დაგვანახა.
ერის უპასუხისმგებლობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1918 წელს, წმინდა ილია მართლის გზის ნაცვლად უცხო ქვეყნის ათეისტური პარტია არჩია, შემდეგ კი, კიდევ უფრო სამწუხარო შედეგმაც არ დააყოვნა და მოკლე ხანში ქვეყანა კომუნისტური იმპერიის ნაწილი გახდა.
უფალი მართლია სამართლინია, მაგრამ ამავე დროს მოწყალე, ის არა მარტო მოგვაგებს ცოდვათა ჩვენთათვის, არამედ გვრწვრთნის იმის გათვალისწინებით, თუ რამდენის დატევა შეგვიძლია. ამიტომაც, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, გაცილებით უკეთესად ვართ ვიდრე ვიმსახურებთ და მრავალ ჭირგამოვლილი წმინდა იოანე ოქროპირის მსგავსად, მუდამ მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს ყელაფრისთვის და თუ გვსურს მდგომარეობის გამოსწორება, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და უფლის წყალობა ამით მოვიპოვოთ, ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენით კი ვერაფერს გავხდებით.
საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა დამღუპველი იყო და იქნება ყოველთვის. სამწუხაროდ, თითოეულ ჩვენთაგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა, ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელთბილნი და ამიტომაც, ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და ,,მეკკ-ს პრინციპი, რაც ჭეშმარიტ ღირებულებათა დამანგრეველია.
ჩვენი სულიერი სისუტის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ დღესასწაულებს ფაქტიურად მიწიერი გრძობებით ვეგებებით, და რეალური განცდა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა არა გვაქვს, რომ ჩვენს გარშემო ვამჩნევთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს ან გვძულს და უბრალო ხალხი ყურადღების მიღმა გვრჩება, ღვთის წინაშე კი დიდი და მცირე არ არსებობს, რომ ცოდვა აღარ გვაშფოთებს და მისი სიმძიმის განცდაც აღარ გვაქვს. რომ თითქმის გაწყვეტილი გვაქვს კავშირი ბუნებასთან, მისდამი მხოლოდ მომხმარებლურ დამოკიდებულებას ვიჩენთ, და ჩვენი უპასუხისმგებლო ქცევით ვანადგურებთ მის სიკეთეს. ჩვენი დანაშაულია ისიც, რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს წარსულს, ჩვენ ისტორიას, არადა მისი ცოდნა გვეხმარება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, საკუთარი თავი შევიცნოთ და სიცოცხლის აზრი კარგად გავაცნობიეროთ. არა ერთხელ მითქვამს ისიც, რომ დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას, კალმით ანუ სიტყვით ბრძოლის დრო და მასთან შეჭიდება გონიერმა მცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ, უნდა შევძლოთ ყალბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ უფრო მობილიზებულნი, სულიერად უფრო მტკიცენი და უფრო ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ.
განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო, გაუძელით ინფორმაციულ შემოტევას, რომელიც ნიაღვარივით მოედინება მასმედიიდან, და ცდილობს ცრუ ღირებულებების გავლენის ქვეშ მოგაქციოთ, არ გახდეთ თანაზიარნი ფსევდო კულტურისა, რომელიც ამახინჯებს ფსიქიკას, აუხშებს გრძნობებს და ფიტავს შინაგან სამყაროს, შეიყვარეთ წიგნი ისწავლეთ ღრმა აზროვნება, ისწავლეთ ღმერთის შიში და სიყვარული, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ერთგული მეციხოვნენი გავხდეთ.
დრო მცირე გვაქვს და არ უნდა აღმოვჩნდეთ იმ ხუთი ქალწულის მდგომარეობაში, რომელთა კანდელსაც უფლის მოსვლისას საკმარისი ზეთი არ აღმოაჩნდა, მიუხედავად იმის, რომ იყვნენ მორწმუნენი და უფლის მომლოდილენი განდევნილ იქნენ ღვთის სასუფევლიდან. ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ, ანუ მათ, რომელნიც საკუთარ ნებას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამქვეყნიურ საცდურთან წინააღმდეგ ბრძოლას არ უშინდებიან, ყოველი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ისეთი პიროვნება უნდა იყოს, თავისუფალი და სულიერად ძლიერი, რათა ეს ხერხემლად ექცეს. ასეთი ადამიანების აღზრდის საქმეში ეკლესიას დიდი როლი აკისრია. საერთოდ ეკლესია ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას, იგი გამორჩეული ინტსტიტუციაა იმითაც, რომ ინარჩუნებს საუკეთესო ტრადიციებს, და აქვს რა უწვალებელი რჯული და მოძღვრება, ყველა ეპოქაში მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ, გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს მიუახლოვდა ადამიანთა თანასწორობის შესახებ ღირებულებათა იმ სტანდარტებს და ფასეულობებს, რასაც ეკლესია მე-20 საუკუნის წინ ქადაგებდა, მონათმფლობელობისა და ფეოდალიზმის პერიოდში, ძალმომრეობისა და დაუნდობლობის ხანაში ქრისტეს სახარება მოუწოდებდა ხალს თანასწორობისკენ.
ყოველი ქრისტიანის ცხოვრება აბსოლუტურად თავისუფალი, ხოლო ეკლესიის წევრები მის თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული, თითეული მრევლის წევრი მხოლოდ საკუთარი სინდისით არის დაკავშირებული მოძღვართან და ერთ-ერთ უმთავრესი საიდუმლო სინანსულისა, მხოლოდ მის პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, ადამიანი დამოუკიდებლად წყვეტს რას იტყვის აღსარებაში და იმასაც, რამდენად იქნება ეს ნათქვამი სინანულით გაჯერებული, სრული თავისუფლებით მოქმედი და ამავე დროს ჭეშმარიტი სინანულით გამსჭვალული პიროვნება იღებს სულიწმინდის მადლს, რომელიც ცვლის მის სულიერ და ყოფიერ სამყაროს და მას ღვთის სათნო შვილად აქცევს. შემდეგ კი უკვე იგი თვითონვე ხდება გზის მაჩვენებელი სხვათათვის. ამაზე წერდა წმინდა სერაფიმე საროველი: ,,მოიკვეთე სულიწმინდის მადლი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოიპოვოს სულის სიღრმეში დამალული, უფლისგან ბოძებული ეს საჩუქარი, ვალდებულია ააღორძინოს იგი, რათა ღირსეულად აღასრულოს თავისი ვალი ამ წუთისოფელში და შემდეგ ჩვენს დიდებულ წინაპართა მსგავსად, ზეცის მოქალაქეობა მოიპოვოს.
შორეული ქვეყნიდან ახალშობილი იესო ქრისტეს თაყვანისცემად მიდიან აღმოსავლელნი მოგვნი, მიდიან მწყემსნიც თავისი გულწრფელობით, ანგელოზთა გალობის მსმენელნი, მაშ წავიდეთ ჩვენც, რათა ვიხილოთ ბაგასთან მწოლი იესოს დიდებულება და აღარასოდეს განვშორეთ, რადგან საუკუნო სიცოცხლის სიტყვები მას აქვს მხოლოდ, ნათელი ქირსტესი განგვანათლებს ყოველგან.
ჩემო სულიერი შვილებო, ჩემო ნათლულებო, ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო და ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო - ყველას გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
უფალმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმინდისა, რათა იხაროთ ორთავ სოფელსა შინა, ამინ!"
კომენტარი