"სახალხო დამცველის წინააღმდეგ საჯარო თავდასხმები მიუღებელია" - ევროკომისრის განცხადება კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას ომბუდსმენის მანდატის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
"ქართველმა პოლიტიკოსებმა სახალხო დამცველის დამოუკიდებელ მანდატს სრულად უნდა სცენ პატივი", – ნათქვამია მიატოვიჩის განცხადების სათაურში.
"მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან საქართველოს სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები, მისი და მისი ოფისის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო. მე ვაფასებ სახალხო დამცველსა და მის ოფისს, მათი ძალისხმევისთვის, შეინარჩუნონ ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი შესაძლო სტანდარტები ყველა იმ ინდივიდის მიმართ, ვიზეც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება.
ეს საკითხი ჩემს დღის წესრიგში მნიშვნელოვანი იყო გუშინ, სტრასბურგში, "ქართული ოცნების" თავმდჯომარე ირაკლი კობახიძესთან და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან გამართული შეხვედრის დროს.
ვენეციის პრინციპების მიხედვით, წევრი ქვეყნები არიან ვალდებულები ეფექტიანად დაიცვან ომბუდსმენების საკუთარი ინსტიტუციები ნებისმიერი საფრთხისგან ან მათი ეფექტიანი ფუნქციონირების დამაბრკოლებელი ქმედებებისგან. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, სახალხო დამცველი, მისი სამსახური და ასოცირებული ექსპერტები უზრუნველყონ ისეთი სამუშაო პირობებით, სადაც ხელი ეწყობა მათი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენებას, ევროსაბჭოს მინისტრების კომიტეტის 2021 წლის რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ეფექტიანი, პლურალისტური და დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუციების განვითარებისა და გაძლიერებას.
ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროსაბჭოს ჩათვლით, რათა შესაძლო იყოს ომბუდსმენის ინსტიტუციის ექსპერტიზისთვის ნდობა; ომბუდსმენის ინსტიტუცია, რომელსაც შეეძლები საკუთარი სამუშაოების დამოუკიდებლად და ეფექტიანად შესრულება, საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის პარიზისა და ვენეციის პრინციპების სრული შესაბამისობით" - წერს მიატოვიჩი.
კომენტარი