სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის გოგი? - ხაინდრავას სამართალდამცავები მეორედ დაკითხავენ

საფრანგეთის ჟანდარმერიამ ქართულ მხარეს გადასცა ვიდეო და დოკუმენტური მასალა, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ ვინმე გოგი ქართველ კანონიერ ქურდებს შეხვდა და ამ უკანასკნელმა მათ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლაში დახმარება სთხოვა. ამავდროულად ირკვევა, რომ ვინმე გოგის, კანონიერ ქურდებთან ერთად „მხედრიონის“ მსგავსი დაჯგუფების შექმნა სურდათ და ამ შეიარაღებული დაჯგუფების მეშვეობით მათ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოეხდინათ.

ვინ არის გოგი?

ფრანგმა სამართალდამცავებმა ვინმე „გოგის“ იდენტიფიცირება მოახერხეს და ეს უკანასკნელი ჩვენთვის კარგად ცნობილი გოგა ხაინდრავა აღმოჩნდა.

ხაინდრავას უშუალო კავშირი ჰქონდა სამხრეთ საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდთან, რამაზ ლორთქიფანიძესთან. ეს ორი პირი კი ერთმანეთს გასული წლის 9 ნოემბერს შეხვდნენ.

შეხვედრას სხვა ქართველი წარმომავლობის ე.წ კანონიერი ქურდებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ლორთქიფანიძის კუთვნილი სახლი იმავე დღეს დატოვეს. ხაინდრავამ კი - 11 ნოემბერს.

ჟანდარმერიის დოკუმენტაციის მიხედვით, საფრანგეთში გასული წლის 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საფრანგეთის პოლიციამ კრიმინალურ ავტორიტეტთა 23 კაციანი ჯგუფი აიყვანა მათ შორის რევაზ ლორთქიფანიძე, რომელმაც სამართალდამცავებს ჩვენება არ მისცა.

პოლიციამ ასევე დააკავა ლორთქიფანიძის მძღოლი ვინმე არტურ იუზბაშევი, რომლის ტელეფონიდან ამოღებულ ფოტოებში გოგა ხაინდრავა კანონიერ ქურდებთან ერთად ფიგურირებს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა გოგა ხაინდრავას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, „გოგისთან“ დაკავშირება შეუძლებელი იყო, თუმცა, მან „მაესტროსთვის“ დრო მაინც გამონახა და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საკუთარი აზრიც დააფიქსირა:

„ მე ვფიქრობ პირველ რიგში პასუხები უნდა გეცეს იმ შეკითხვებს, როცა 2007 წელს ჩემს წინააღდმეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სადაც ჯაშუშობასა და ქვეყნის ღალატში დამადანაშაულეს. ამ სიმძიმის დანაშაულთან ქურდებთან მეგობრობა მოსატანიც არ არის. რაც შეეხება ბრალდებას, არ არსებობს კანონი, რომელიც ადამაინებს შორის მეგობრობას, ნათესაობას ან ნათლიმირონობას კრძალავს. მე არასდროს არ დამიმალავს ეს ურთიერთობები და კავშირები. თუ რაიმე შეკითხვები ექნება საფრანგეთის მხარეს, იმიტომ რომ ეს შეხვედრა სწორედ ამ ქვეყანაში შედგა, ამიტომ აქ ფრანგული მხარეა მთავარი და მხოლოდ მათ კითხვებს გავცემ პასუხს.“

თავდაპირველად, გოგა ხაინდრავამ პროკურატურის მიერ გაგზავნილ დაკითხვაზე დაბარების ოქმს ხელი არ მოაწერა.

როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, ის საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე ახსნა–განმარტებას საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და მთავრობას მოსთხოვს.

„მაქვს შეკითხვები - თუ რაიმე ეჭვები გაჩნდა ჩემს პერსონასთან, მაშინ რამ განაპირობა, რომ მაშინვე არ დამისვეს კითხვები და ან იმის მერე საფრანგეთში კიდევ ორჯერ ვარ ნამყოფი. რადგან გავრცელდა ფრანგული მხარის მისამართი, ეს უკვე თაღლითობაა, რადგან არანაირი ჟანდარმერია ეს არ არის", - განაცხადა ხაინდარავამ.

თუმცა მოგვიანებით მან პოლიციასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და იგი სამართალდამცავებმა ვაკის პოლიციაში დაკითხეს. ხაინდრავას ინტერესების დამცველი კი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გახლავთ. დაკითხვიდან გამოსულმა „გოგიმ“ კი განაცხადა, რომ მან გამოძიების ყველა შეკითხვას დაწვრილებითი პასუხები გასცა.

ხაინდრავა დღეს კიევში უნდა წასულიყო, მაგრამ მისი ვიზიტი ჩაიშალა, რადგან ეს უკანასკნელი ხვალ, 13:00 საათზე პოლიციაში უნდა გამოცხადეს და გამოძიების კითხვებს ხელმეორედ გასცეს პასუხი.

„საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მოწოდებული მასალების საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება. ამ საქმესთან დაკავშირებით დღეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელდა გიორგი ხაინდრავას პირველადი დაკითხვა. საქართველოს მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ზემოთ აღნიშნული მასალების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას. გიორგი ხაინდრავას შემდგომი დაკითხვა 27 სექტემბერს შედგება“,- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100