სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2012 წლის არჩევნების შემდეგ პუტინი დაბანილი იქნება

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის პასუხმა კითხვაზე, რას გააკეთებს 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ერთი ძველი, მაგრამ კარგი ანეკდოტი გამახსენა. სანამ თქვენც გაგახსენებდეთ, შეკითხვაზე ვლადიმირ პუტინის მიერ გაცემულ პასუხს გადავავლოთ თვალი:

„2012 წლის არჩევნები საკმაოდ ბინძური იქნება. როგორც კი დასრულდება, დასაბანად წავალ...“ - თქვა რუსეთის დე-ფაქტო მმართველმა. დიახ, სწორედ დაბანა (ანუ, სიბინძურის ჩამორეცხვა) და არა ბანაობა ჰქვია იმას, რასაც პუტინი აპირებს, ასე რომ, ნუ იფიქრებთ, თითქოს თარგმანი შეგვშლოდეს...

ანეკდოტი კი ასე ჟღერს: საბჭოთა ეპოქაში, ერთ-ერთ მივარდნილ რაიონულ ცენტრში მდებარე მეცხოველეობის ფერმაში რაიკომის მდივანი რეკავს და ფერმის დირექტორს ელაპარაკება: „ჩემო აქვსენტი, ხვალ თქვენთან ჟურნალისტები აპირებენ ჩასვლას, ფილმი უნდა გადაიღონ. აბა შენ იცი, მოემზადე: თანაც, კაი გოგოები, სუფთად და ლამაზად ჩაცმულები დაახვედრე, რომ ინტერვიუ მისცენ...“

ფერმის გამგემ თუ დირექტორმა, თავის მხრივ, თანამშრომლები შეკრიბა, მცირე თათბირი ჩაუტარა და ახალგაზრდა, სტაჟის გამო მომუშავე გოგოებს სთხოვა, მეორე დღეს სუფთად და ლამაზად ჩაცმულები მოსულიყვნენ, თან მიზეზიც „აუხსნა“:

„აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, რადგან ჟურნალისტები მოდიან და ინტერვიუ უნდა მისცეთ“. ის-ის იყო, რომ თათბირი უნდა დასრულებულიყო, როცა ერთმა გოგონამ მორცხვად ასწია ხელი და იკითხა: „უკაცრავად, რა უნდა მივცეთ? ვერ გავიგე, ინტერვიუ რას ნიშნავს და როგორ უნდა მივცე?!“. ფერმის გამგე დაფიქრდა და ბოლოს უპასუხა: „მეც არ ვიცი, რას ნიშნავს, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, დაბანილები იყავით...“

ახლა კი პუტინის პასუხს მთლიანად გადავხედოთ: „წავალ და დავიბან. ამ სიტყვას ჰიგიენური და პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. თითეული საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომლის გადაგორებაც ჩვენ მოგვიწევს, ჰიგიენის დაცვა აუცილებელი იქნება.“ – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100