ხუდონჰესის მშენებლობისას გარკვეულ კომპრომისზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს
ხუდონჰესის მშენებლობის ირგვლივ დებატები არ ცხრება. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებს, ექსპერტებს და მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილს პროექტის მიმართ პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. თუმცა, ყველა მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ხუდონის მშენებლობა ეკონომიკურ განვითარებას განსაზღვრავს და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგრამ შესათანხმებელი რჩება რამდენიმე საკითხი, როგორიცაა განსახლება და ეკოლოგიური ფაქტორი, რომლებიც განსაკუთრებულად სენსიტიური თემებია.
მიხეილ მახარაძე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი:
ძალიან ფრთხილი თემაა. ვფიქრობ, რომ ხუდონჰესის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. სვანებს გაფრთხილება სჭირდებათ, მთავარია, მათთან ურთიერთობაში მთავრობამ კონსენსუსს მიაღწიოს. დამაჯერებლად იქნას ნათქვამი, რომ ხუდონჰესის მშენებლობა ზიანს არ მოუტანს გარემოს. ოპტიმალურად უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. ეს თუ იქნება მიღწეული, მაქსიმალურად დავუჭერ მხარს პროექტის განხორციელებას, რამდენადაც ის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.
ზვიად კვაჭანტირაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: ხუდონჰესის მშენებლობას მხარს ვუჭერ. დღესდღეობით ამაზე პერსპექტიული პროექტი საქართველოში არ მეგულება. შეიძლება, დღეს ამას სათანადოდ ვერ ვაფასებდეთ, მაგრამ 2-3 წელიწადში ქვეყანაში მეტი ელექტროენერგიის საჭიროება დადგება. ეკონომიკური განვითარება ელექტროენერგიის დეფიციტს შექმნის, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ. ამ თვალსაზრისით, ხუდონი არის ყველაზე მომგებიანი პროექტი. რაც შეეხება ზემოქმედების ფაქტორს, არსებობს სპეციალისტების დასკვნები, რასაც ვენდობი.
თუმცა, პროექტის მორალურ მხარეებზე თუ ვსაუბრობთ, პროექტის ინიციატორებს მართებთ, მოუხმონ ცივ გონებას და საკითხი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაიჭრას. ეს უნდა მოხდეს მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური დაცვით, გარკვეულ კომპრომისზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს.
დიდი იქნება თუ მცირე, ჰესების მშენებლობა ქვეყნისთვის მომგებიანია. ამიტომ პროექტის ოპონენტთა არგუმენტი, რის გამოც ისინი ხუდონჰესის მშენებლობას არ უჭერენ მხარს, არ მაკმაყოფილებს. მეტსაც გეტყვით, მე რომ ვიყო სვანეთის მოსახლე და განსახლების პრობლემის წინაშე აღმოვჩნდე, ალბათ გამიჭირდებოდა... თუმცა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სამოსახლოს დავტოვებდი... გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ასე მოვიქცეოდი!
ტარიელ ლონდარიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:
ვერ წარმომიდგენია საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც შეიძლება ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგი იყოს. ენერგოდამოუკიდებლობისთვის გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მივესალმები. ამ თვალსაზრისით, ხუდონჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და მასზე უარის თქმა ქვეყნის კეთილდღეობაზე უარის თქმის ტოლფასია. რამდენიმე წლის წინ ჩვენი ქვეყანა რუსი აგრესორების მხრიდან დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა და საფრთხეში აღმოვჩნდით. ხუდონჰესის მშენებლობით შევძლებთ, ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუქცევადი გახდეს.
კომენტარი