სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურატურის განცხადება ჟვანიას გვამის ფოტოებთან დაკავშირებით

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ინტერნეტის საშუალებით უცნობი წყაროს მიერ გავრცელებულ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ფოტოებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მასალის გამოქვეყნება ემსახურება ერთადერთ მიზანს, ხელი შეეშალოს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას და დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებს, ვინაიდან, ამ ეტაპზე აღნიშნული მასალის გამოქვეყნებამ შეიძლება დააზიანოს და გაართულოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება.

ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. გასული წლების განმავლობაში საქმეში დატოვებულია მთელი რიგი გამოუკვლევი დეტალები და პროკურატურის მთელი ძალისხმევა მიმართულია ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

ამ ეტაპზე დეტალების სრულად გამჟღავნება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, რაც, უდიდესი ინტერესის მიუხედავად, საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს.

მოცემულ მომენტში პროკურატურა დგას ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გვამების ექსჰუმაციისა და ახალი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების წინაშე, ვინაიდან საქმის ანალიზით დგინდება, რომ ჩატარებული ექსპერტიზები არასრულყოფილია. მათში არ არის ნამსჯელი გარდაცვლილების სხეულზე არსებულ ფიზიკური დაზიანებების ნიშანდობლივ კვალზე, რაც ბევრ კითხვას ბადებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი პროკურატურა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებებთან, რათა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს გვამების ექსჰუმაცია და ჩატარებულ იქნას ახალი სრულყოფილი ექსპერტიზა ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და უახლოეს მომავალში მოხდება ექსჰუმაცია შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად.

რაც შეეხება ვიდეო მასალის გავრცელებას და ავტორის იდენტიფიცირებას, პროკურატურა გამოძიების ფარგლებში, ამ საკითხსაც შეისწავლის. ასევე საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტო მასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის მ.ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში, საქმისგან განცალკავებით, რაც ასევე ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს. მიუხედავად მომხდარისა, მთავარი პროკურატურა ინტენსიურად განაგრძობს საქმის გამოძიებას და ძალისხმევას არ დაიშურებს, ზ.ჟვანიას და რ.უსუპოვის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100