სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმელი მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა ავსტრიაში

21 ოქტომბერს, ავსტრიის ქალაქ კრემსში, გალერეა "დალიკო“-ში ბათუმელი მხატვრის ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო. ქართველი ხელოვანის ფერწერულ ტილოებთან ერთად წარმოდგენილი იყო ავსტრიელი ფოტოგრაფის, უში ოსვალდის ბათუმში გადაღებული ფოტოები. გამოფენა კრემსის "დუნაის უნივერსიტეტის“ ხელოვნებათმცოდნეობისა და კულტუროლოგიის პროფესორმა, დოქტორ ბარბარა მარგარეტ ეგერტმა გახსნა. საღამოზე გაიმართა "ბათუმის კატალოგის“ პრეზენტაცია, სადაც თავმოყრილი იყო 2015 წელს ბათუმში გამართული ავსტრიულ-ქართული პლენერის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ასტრიდ ფროლიხმა და სარა ლინდნერმა.

გამოფენის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო. „ჩვენი მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩენა და ხელშეწყობა.მსგავსი ღონისძიებები ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და კულტურის პოპულარიზაციას" - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ნათია სირაბიძემ.

გამოფენა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ავსტრიული მხარის მოწვევითა და ორგანიზებით მოეწყო. ბათუმელი მხატვრის გამოფენას ხელოვნებათმცოდნეები, საქართველოს საელჩოსა და კრემსის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბექა ბოლქვაძე ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმისა და შემდგომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია სახვითი ხელოვნების მიმართულებით. ამჟამად მუშაობს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორად. 2009 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, ხოლო 2010 წლიდან აჭარის ახალგაზრდა მხატვართა კავშირის თავმჯდომარე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100