საქართველოში ერთადერთი ლამაზი ქალია და ისიც კაცია (?!) – სად გადის ზღვარი გემოვნებასა და უტაქტობას შორის
პოპულარული ქართველი ბლოგერი გურამ შეროზია მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს სათაურით „საქართველოში ერთადერთი ლამაზი ქალია და ისიც კაცია (?!) – სად გადის ზღვარი გემოვნებასა და უტაქტობას შორის“ რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
ხშირად მოისმენდით, ან სოციალურ ქსელებში, მეგობრების სტატუსებში ნახავდით შემდეგი შინაარსის გამოთქმას: საქართველოში, ერთადერთი ლამაზი ქალია და ისიც კაცია.
და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მსგავს კომენტარებს აზიარებდნენ თავად ქალბატონებიც.
კი ბატონო, ქალბატონი კესარია, ნამდვილად ლამაზი ქალია, რამდენად ყველაზე ლამაზი – ეს თქვენი გემოვნების საკითხია, მაგრამ აუცილებელია სრულიად საქართველოს ქალების შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი იუმორის უმაღლეს ხარისხს გავუსვათ ხაზი?
შეიძლება ადამიანებს ეხუმროთ შეხედულებებზე, მენტალიტეტზე, უწიგნურობაზე და გქონდეს მიზეზად მათი გამოსწორება, მაგრამ ყველა ქალის ერთ ქვაბში მოხარშვა, ასეთი დისკრიმინაციული კომენტარით – ჩემი სუბიექტური შეხედულებით – ჩვენივე სირცხვილია.
სადღაც გვსმენია, რომ უკრაინელი გოგონების „შებმა“ ადვილია, დაგემხსვრათ თუ არა აღნიშნული სტერეოტიპი, ენაგადმოგდებული რომ დასდევდით კაზანტიპზე აღნიშნულ უკრაინელ გოგონებს და ყოველ დღე, ინტერვიუებში, სექსზე დაგეშილ ქართველ კაცებს გვაკრიტიკებდნენ?
თუნდაც მარტივი იყოს და გაცნობიდან ერთ საათში ლოგინში გვიწვებოდნენ, როგორ შეიძლება არ გვქონდეს ამბიცია და „მუღამი“ მოხიბლვის პროცესის, გვეზარებოდეს წვალება და ლანგრით მორთმეულზე ვოცნებობდეთ?
არ მესმის კაცის, რომელიც დასცინის ქალიშვილებს, მაგრამ ცოლად მაინც ქალიშვილი უნდა;
არც იმ კაცების მესმის, ვინც სატანის მოვლენილებად თვლის და აგინებს „ბოზებს“, მაგრამ „მყვირალობის“ ყოველი მორიგი შემოტევის დროს, ისევ მათთან იკმაყოფილებს მოჭარბებულ ვნებებს
თემას ნუ გადავუხვევთ და დავუბრუნდეთ ისევ ქალების ვიზუალს, სამწუხაროა, რომ ჩვენი, კაცების დიდი ნაწილისთვის ლამაზი ქალი – ლამაზ საჯდომთან და მკერდთან იგივდება, უფრო სწორად დიდი ზომის საჯდომთან და მკერდთან და ეს არის სულ, რაც გვყოფნის სრული ბედნიერებისთვის.
ჩემთვის ყველაზე საინტერესო და სასურველი ქალები, სკანდინავიაში, ლათინურ ამერიკაში და საქართველოში ცხოვრობენ.
რატომ საქართველოში? ალბათ იმიტომ, რომ ფორმებთან ერთად, მხიბლავს სახასიათო ნაკვთები, მეტყველი თვალები, განსხვავებული შარმი და ის, რომ სხვა ქვეყნების ქალების დიდი ნაწილისგან ბევრი რამით განსხვავდებიან.
გირჩევთ იმოგზაუროთ ბევრი, ევროპაში, დააგემოვნოთ თუ არა, დაათვალიეროთ მაინც, ბევრი, სხვადასხვა ეროვნების ქალი და დასკვნებიც უფრო გამარტივდება.
ზოგადად, რა არის მომხიბლველობა? გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა ხედავთ ულამაზეს გოგონას, გიყვარდებათ ერთი ნახვით და ხმის ამოღებიდან 15 წუთში, მისი დანახვაც არ გინდათ? და პირიქით, ნახეთ გოგონა, რომელსაც ვერც კი გამოარჩევთ სხვებისგან, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მასზე ლამაზი ქალი დედამიწის ზურგზე არ გეგულებათ? მე მქონია მსგავსი შემთხვევა და არაერთხელ, ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენც…
მომხიბლველობას, ვიზუალთან ერთად ქმნის – გემოვნება, მეტყველება, მანერები, იუმორი, ქარიზმა, ტემბრი, ჩაცმულობა, აზროვნება, განათლება, სახასიათო შტრიხები და ბევრი სხვა პარამეტრი, შესაბამისად, თუ ქალს აფასებთ, როგორც ნივთს – ეს თქვენი ზოგადი უნარების პრობლემაა.
შემიძლია გაგაცნოთ ჩემი ძალიან ბევრი ევროპელი, მამრობითი სქესის მეგობარი, რომელიც მოხიბლულია ქართველი ქალებით, ჩვენი გარკვეული ნაწილი კიდევ ყველა არაქართველ ქალს, ქართველებზე გაცილებით მომხიბლველად თვლის.
ჰოდა, შევთანხმდეთ, რომ საქართველოში არაერთი ლამაზი ქალია, ხოლო თუ საერთოდ არ მოგწონთ ქალები და ეს არის თქვენი სკეპტიციზმის მიზეზი (ან ის, რომ ვერცერთი ქალი ვერ დაითანხმეთ სექსზე და ზოგადად გაბოროტდით), გაიხსენეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მინიმუმ ერთი ქალი მაინც არსებობს, ეს არის დედა და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ხანდახან დუმილი ყველაზე ღირსეული კომენტარია.
კომენტარი