სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი დედამთილები - დიქტატორები ოჯახში

ალბათ არცერთი იგავი არ გაუთავისებიათ ქართველებს ისე კარგად, როგორც „ძალა ერთობაშია“, რომელზეც თაობები იზრდება. „ერთობის“ ეს პრინციპი ოჯახურ ცხოვრებაზე გამორჩეულად და თავისებურად აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ხანს ტენდენციის შეცვლაზე, ევროპეიზაციაზე, „დრომოჭმული ადათების“ წარსულში დატოვებაზე ბევრს საუბრობენ, ქართული ოჯახების უმრავლესობა მაინც, ტრადიციულად, თაობათა ერთობლივი ძალებით ერკინება ცხოვრებას: ამიტომ, ოჯახების სტრუქტურის დამახასიათებელ ატრიბუტად კვლავ რჩება ახალგაზრდა თუ ნაკლებად ახალგაზრდა წყვილთან ერთ ჭერქვეშ მცხოვრები დედამთილი, რომელიც, არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით და პირადი დაკვირვებებით, ქართველი რძლებისათვის ქმართან განქორწინების რეალური თუ პოტენციური მიზეზი არც ისე იშვიათად ხდება.

ძნელი სათქმელია, რამდენად ჩაბარდა წარსულს დედამთილის მიერ რძლის არჩევის მრავალსაუკუნოვანი და მრავალნაცადი „ტრადიცია“ საქართველოში, თუმცა თუ ირგვლივ არსებულ სიტუაციას გადავხედავთ, ფაქტია, რომ დავით კლდიაშვილის თუ სხვა ქართველ რეალისტ მწერალთა მიერ აღწერილი ტრაგიკომიკური ეპიზოდების მოდერნიზებული ვარიანტები, არც ახლაა მთლად უცხო ქართული სოციუმისთვის.

ქალის მოსანახულებლად აბანოში წასვლა და მსგავსი მეთოდები აღარაა საჭირო. თანამედროვე ტექნოლოგიები ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. მაგალითად, „სვეტი“ სადედამთილოებისათვის დედაქალაქში ამის საუკეთესო საშუალებად, სოციალური ქსელები იქცა, სადაც რძლობის კანდიდატთა შერჩევა საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს.

ქართული ოჯახის შექმნის ერთი ჩვეულებრივი და, ალბათ, ბევრისთვის ნაცნობი სურათია: ახალ ოჯახში რძალი შედის, სადაც პირველ ეტაპზე, რომელიც შემდგომ რამდენიმე ეტაპად გარდაიქმნება, დედამთილსა და რძალს შორის ღია თუ ფარული, დაუძინებელი ომი იწყება.

ქართველი რძლების უმრავლესობა, როგორც წესი, ბავშვს პირველივე წელს სწორედ იმიტომ აჩენს, რომ პატრიარქალურ ქართულ ოჯახში, სადაც ყველას საკუთარი ადგილი მკვეთრად განსაზღვრული აქვს, ეს ადგილი მანაც მყარად დაიმკვიდროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ან განქორწინება, ან მთელი ცხოვრება „ხმის უფლების ქონის გარეშე ყოფნა“ ელის.

ამის მერე, მთელი ოჯახი ელოდება, დაქორწინებიდან პირველივე ცხრა თვეში როდის გააჩენს საჯიშედ გამზადებული ნათია, ნატუკა თუ თაკო სასურველ მემკვიდრეს, კიდევ უფრო სასურველია, ვაჟიშვილს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რძალს ურთულესი ბარიერების გადალახვა უწევს ოჯახში, რაც, როგორც აღვნიშნეთ, განქორწინებითაც შეიძლება დასრულდეს. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა რძალს მხოლოდ ერთი შვილის, გოგონას გაჩენას დედამთილი ბავშვის გაჩენაში არ „უთვლიდა“ და მას ზურგს უკან აუგად მოიხსენიებდა.

ქართველი ქალი საუკეთესო დედა და ბებიაა - ეს სტერეოტიპი საქართველოში მყარად არის დამკვიდრებული. საუკეთესო დედამთილის სტატუსი კი მისთვის ჯერ არავის მიუკუთვნებია (თუმცა, პირველი მოსაზრებაც სადავოდ შეიძლება მივიჩნიოთ, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით).

ნებისმიერ ადგილას, სამზარეულოში, ინტერნეტში, სამსახურში, ქუჩაში, წვეულებაზე ზღვა რაოდენობით მოისმენთ და წაიკითხავთ გულისმომკვლელ ისტორიებს მონსტრი დედამთილების შესახებ, რომლებიც დაქორწინებულ წყვილებს სიცოცხლეს უმწარებენ.

მაგალითად, ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა ჰყვებოდა, თუ როგორ დაუნგრია ცხოვრება საკუთარმა დედამთილმა. ქალბატონს, რომელსაც მთელი ცხოვრება ერთადერთი ვაჟიშვილისათვის ცოლად ექიმი სურდა, სხვა პროფესიის გოგონას შერთვის შემდეგ, საკუთარი „ფერადი“ ოცნებების დამსხვრევის გამო, ისეთი მძაფრი რეაქცია ჰქონდა, რომ ვაჟზე და ახალ რძალზე ზემოქმედებას სრულიად უცნაური მეთოდებით ცდილობდა.

კერძოდ, რძლის მოყვანით გამოწვეული მდგომარეობის აღსანიშნავად, ძაძებით შეიმოსა, როგორც მგლოვიარე და ასე რამდენიმე თვის განმავლობაში ახდენდა პირადი „დიდი ტრაგედიის“ საჯარო დემონსტრირებას.

ცნობილი დოკუმენტური ფილმია, რომელიც უცხოურ არხებზე ხშირად გადის, სადაც ინდოელ დედამთილებზეა საუბარი. ეს უკანასკნელნი, არასასურველი რძლის მოცილებას ტრადიციული ფორმით, რძლისთვის ცეცხლის წაკიდებით და დაწვით ახდენენ. რძლის მოცილების ამგვარ მეთოდს ინდოეთში უკვე ისეთი მასშტაბური სახე აქვს მიღებული, რომ დედამთილებისათვის სპეციალური ციხეც კია შექმნილი, სადაც ასეულობით ქალბატონი იხდის სასჯელს.

დაწვის რა მოგახსენოთ, მაგრამ დამოკიდებულებების მხრივ, არც უკეთესი სიტუაციაა საქართველოში, სადაც როგორც ამბობენ, მაგალითად, რძლისათვის ჯადოს გაკეთების მიზნით, მკითხავ-მჩხიბავების კარზე უამრავ ქართველ დედამთილს ნახავთ, რადგან „რძალმა შვილი გადაიბირა და ამის შემდეგ 40 წლის ლევანიკო თუ 35 წლის ნიკუშა მას საერთოდ აღარ უგდებს ყურს“.

დედამთილების ქცევაში რძლებს ყველაზე მეტად რაც აღიზიანებთ, სწორედ მათი უცნაური დამოკიდებულებაა ვაჟიშვილების მიმართ, რომლებიც რძალს ისე უყურებენ, თითქოს ამ უკანასკნელმა „შვილი წაართვა“. ქართველი დიასახლისების უმრავლესობა, რომლისთვისაც, გარკვეული სპეციფიკის გათვალისწინებით, ოჯახი განსაკუთრებულად საკრალური მნიშვნელობის „წმინდათაწმინდა“ ადგილია, ახალი წევრის შემოსვლის შემდეგ, მისთვის ძალაუფლების განაწილებას განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდის.

კიდევ ერთი დეტალიც, რაც ზოგადად, ქართველი დედებისათვის არის დამახასიათებელი, ორივე სქესის შვილების აღზრდისას. ერთხელ ერთი ქართველი ცნობილი ტელესახე, რომელიც ადრეულ ასაკში გათხოვდა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ არაფრით მისცემდა უფლებას საკუთარ შვილს, რომ ადრე გათხოვილიყო. ადრე გათხოვება რამდენად მისაღები თუ მიუღებელი მოვლენაა, ეს სხვაა, მაგრამ აქ მეორე მომენტია საინტერესო:

ფსიქოლოგების აზრით, ქართველი დედების უმრავლესობას ვერ გაუცნობიერებია, რომ პიროვნულად ის სხვაა და შვილი სხვა და რატომღაც თვლის, რომ მისი გემოვნება, ცხოვრება, შეცდომები და ასე შემდეგ, შვილმაც უნდა გაიმეოროს. ამიტომაც არის, რომ ქართველი დედები , შვილებზე საუბრისას, გარკვეული მოქმედების აღწერისას, ხშირად იყენებენ ნაცვალსახელს „ჩვენ“. ესეც ერთ-ერთი საფუძველი და მიზეზია იმისა, რომ დედამთილებს არაფრით სურთ იმასთან შეგუება, რომ მისი და მისი ვაჟიშვილის გემოვნება, შესაძლოა, სულაც არ დაემთხვას ერთმანეთს და რომ ისინი სრულიად სხვადასხვა პიროვნებები არიან.

ამგვარ ოჯახურ დიქტატს, ალბათ, საზოგადოებრივი მდგომარეობაც განაპირობებს. ქართველი ქალი, მოსამსახურე თუ უმუშევარი, რომელიც თანამედროვე პატრიარქალურ საზოგადოებაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რომელსაც ხშირად ვერც კი აცნობიერებს, ვერ ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას საზოგადოებაში, ამ სიტუაციის დაბალანსებას და მის კომპენსირებას, და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ოჯახში, ისეთ წევრებზე ცდილობს, რომელთანაც მისი დიქტატი უკვე ნორმად და ტრადიციად იქცა. ქართველი რძლებისათვის კი, უამრავი პრეტენზიის მიუხედავად, ასეთი ცხოვრება მაინც, გარკვეულწილად, მართლაც ნორმად რჩება.

ქართველი ქალი, რომელმაც 40 წლის ასაკს მიაღწია და თავისი ცხოვრების წესით, ფაქტობრივად, „ჩაკეტილია“, ვერაფრით დაემსგავსება ევროპელ ქალს, რომელიც პენსიონერობის ასაკშიც მოგზაურობს, ბოიფრენდი ჰყავს, საკუთარი ცხოვრებითაა დაკავებული და რძლისთვის ნაკლებად იცლის.

ამიტომ საქართველოში დედამთილის ერთი მოკლე ფრაზა, „ისეთი გოგოა, ოჯახის არაფერი აინტერესებს“, შეიძლება სრულიად გამამართლებელ გარემოებად იქცეს მის მიერ რძალზე განხორციელებული აგრესიისათვის. ქართველი ქალი, რომელიც ვაჟიშვილის გაჩენის შემდეგ, ჯერ კიდევ რძლობის ასაკში, 25 წლით ადრე იმარაგებს მომავალი რძლისთვის ზეწრებს და საოჯახო ნივთებს, რძლობიდან დედამთილობამდე რთულ და გრძელ გზას გადის, რომელიც საბოლოოდ, იმავე რძალთან „საომარი მოქმედებებით“ სრულდება. მთლიანობაში კი ეს ყველაფერი, ქართული ოჯახის დამახასიათებელ სპეციფიკად იქცა და პოზიციებს, 21–ე საუკუნეშიც, ჯერჯერობით, კვლავ მყარად ინარჩუნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100