სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს

დღეს დილით, დაახლოებით 05.00 საათზე, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული.

ირაკლი ოქრუაშვილი ბიძაშვილთან ერთად დააკავეს და ამ დრომდე გლდანის მე-7 საპყრობილეში იმყოფება. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტმა, რომელიც მონიტორინგის საბჭოს წევრია, დაკავებული საკანში მოინახულა და ინტერვიუც ჩამოართვა.

ოქრუაშვილის თქმით, მის ბიძაშვილსაც იგივე ბრალდებას უყენებენ, რასაც მას. ოქრუაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ჰქონდა მიღებული და ელოდა მოვლენების ზუსტად ისე განვითარებას, როგორც განვითარდა.
"ჩემს წინააღმდეგ 6 ეპიზოდთან დაკავშირებით არის საქმე აღძრული და ზუსტად ვიცოდი, რომ როგორც კი ჩამოვიდოდი, მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ამ პროცედურებს შეგუებული ვიყავი. ეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა მომხდარიყო და ვარჩიე, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ თვეში დავბრუნებულიყავი საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.,
მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი და ამინისტიის პროექტი მისთვის არანაირ შეღავათს არ იძლევა.

"თუკი საპარლამენტო კომიტეტი მიიღებს იმ დადგენილებას, რასაც გეგმავს, ამის მიხედვით, მე უფლება მომეცემოდა საზღვარი გადმომეკვეთა დაუბრკოლებლად, მერე კი ისევ მედავა სასამართლოში. რომც შევიდეს ეს დადგენილება ძალაში, ჩემთვის არაფერს არ შეცვლიდა. ასე რომ, ადრე თუ გვიან ეს პროცედურები გასავლელი მქონდა და რაც მალე დავიწყებდი, მით უკეთესი იყო", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, ყველა საქმე, რაც მის წინააღმდეგ არსებობს, თავიდანვე განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ რაც შეიძლება მძიმე დანაშაულები დაეკისრებინათ. ოქრუაშვილის განცხადებით, ყველა ეპიზოდი თითიდან არის გამოწოვილი.

"როდესაც 2007 წელს დამაპატიმრეს, ტაქტიკა იყო, რომ მაქსიმალურად დაემძიმებინათ ჩემთვის ბრალი. 2011-ში შეცვალეს ტაქტიკა და გადატრიალების მუხლი წამიყენეს. ყველას ახსოვს, რაც ხდებოდა და მივიჩნევ, რომ ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილი იყო", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება მის წინააღმდეგ ექვს ეპიზოდს, როგორც ოქრუაშვილმა განმარტა, ექვსი ეპიზოდიდან ერთი საქმის განხილვა დღეს იგეგმება. სამი საქმე შემოსავლების სამსახურში თაროზეა შემოდებული, ერთი კი სასამართლოშია ასევე თაროზე.

"ჩემს წინააღმდეგ არსებული საქმეები გაჩერებულია, მხოლოდ ერთი საქმეა, რომლის მიხედვითაც მომესაჯა 11 წელი. ვაპირებ, რომ ყველა საქმესთან დაკავშირებით აქტიურობა დავიწყო. ამასთან, 11-წლიანი სასჯელის შესახებ ვაპირებ სააპელაციო პროცედურების დაწყებას, რასაც ალბათ, რამდენიმე თვე დასჭირდება და შეგუებული ვარ რამდენიმეთვიან პატიმრობას", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მის ინტერესებს ადვოკატები ზვიად კორძაძე, დავით კორკოტაშვილი და მამუკა ჭაბაშვილი დაიცავენ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100