დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად სამუხრუჭე ხუნდებს ასახელებს
თინათინ ბოკუჩავა: თბილისში საწვავის ხარისხზე დიდი პრობლემა მოძველებული ავტოპარკია
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა 18 აპრილს, თბილისის ატმოსფერული ჰაერის მოკვლევის მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა. სამუშაო პროცესის დაწყებიდან დღემდე, სამუშაო ჯგუფს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა 10-ზე მეტი განცხადება მიაწოდეს. ჯგუფმა ჰაერის დაბინძურების მიზეზები უნდა გამოიკვლიოს და პრობლემების მოგვარების გზები შეიმუშავოს. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და სამუშაო ჯგუფის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც კომისიის წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა გაუზიარეს.
„ჩვენთან
შემოსული თითქმის ყველა კვლევა სხვადასხვა საკითხს ეხება. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში შემოსული ხუნდები შეიცავს აზბესტს. დაახლოებით 15 წელია, რაც საქართველოში აზბესტზე შეზღუდვა არსებობს საპრეზიდენტო ბრძანების სახით. აკრძალულია აზბესტის შემცველი პროდუქციის იმპორტი, მაგრამ საქართველოში შემოტანილი სამუხრუჭე ხუნდები შეიცავს აზბესტს. აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებსაც ქვეყანაში აზბესტის შემცველი ხუნდები შემოაქვთ“ - თქვა თინათინ ბოკუჩავამ.
აზბესტის მთავარი თვისება მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადობა და თბოუნარიანობაა. ამასთანავე, ის იაფი მინერალია, ადვილად არ ცხელდება და დამუხრუჭების ხარისხს ზრდის. სწორედ ამიტომ მას ფართოდ იყენებენ სამუხრუჭე ხუნდების საფენებად. აზბესტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებაა და კიბოს გამოწვევაც შეუძლია.
თინათინ ბოკუჩავამ თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად სამშენებლო სექტორში გარემოსდაცვითი ნორმების დაუცველობაც დაასახელა:
„ერთ-ერთი კვლევა ეხებოდა მშენებლობების თემას და იმას, რომ სამშენებლო პროცესში შენობები სათანადოდ არ იფუთება და მტვერი ჰაერში ვრცელდება. ასევე, საჭიროა გათბობის ცენტრალიზებული მილების შექმნა, რადგან არასწორად დამონტაჟებული მილები გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზია.“
კომისიაში შევიდა ვერტიკალური გამწვანების შესახებ იდეაც. ახალი
სივრცითი განვითარების კოდექსის მიხედვით, დაწესებულია მინიმალური ზღვრები, თუ რა უნდა გაამწვანოს მშენებელმა, მაგრამ შესაძლოა, ამას ვერტიკალური გამწვანების კომპონენტიც დაემატოს.
თინათინ ბოკუჩავას განმარტებით, პრობლემაა საბურავების თემაც; ქვეყანაში ყოველწლიურად ათასობით საბურავი შემოდის და ქვეყნიდან არც ერთი არ გადის. ეს მაშინ, როცა საქართველოში მისი გადამუშავების რესურსიც არ არსებობს. დეპუტატის
თქმით, იყო რეკომენდაცია, რომ ასეთი საბურავების შეგროვებისა და გადამუშავების საკითხი მოგვარდეს.
ჰაერის დაბინძურების კიდევ ერთ მიზეზად
ბოკუჩავა მოძველებული ავტოპარკს ასახელებს. მისი თქმით, ავტოპარკის განახლების
საკითხი უფრო მწვავედ დგას ქვეყანაში, ვიდრე - საწვავის ხარისხის საკითხი.
სამუშაო ჯგუფის წევრი ამბობს, რომ
ჯერჯერობით უცნობია, როდის მიეწოდება საზოგადოებას საბოლოო დასკვნა.
„გვინდა, რომ მხოლოდ კომისიის წევრები კი არ ვიკრიბებოდეთ, არამედ, მოწმეებიც დავიბაროთ. გვინდა, დავიბაროთ გარემოს ზედამხედველობის სააგენტოდან და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან წარმომადგენლები და მათთან ერთად ვისაუბროთ ამ თემებზე. გვინდა, ეს ხალხი მოვიყვანოთ, გამოვკითხოთ და ამის შემდეგ მივიღოთ ის რეკომენდაციები, რომელიც, შეიძლება, შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებებში გადაითარგმნოს“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
კომენტარი