ხუდონჰესის სეისმური მდგრადობა უზრუნველყოფილია
საზოგადოებასა თუ მედიაში ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ნელ–ნელა პიკს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის მოწინააღმდეგე ოპონენტთა შენიშვნების დიდ ნაწილზე პასუხი უკვე გაცემულია, რამდენიმე გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია მაინც ცდილობს, პროექტში გარკვეული სახის ნაკლოვანებების აღმოჩენას. ამჯერად, საუბარი სვანეთის ტერიტორიის სეისმომედეგობაზე გვექნება, სადაც ხუდონის პროექტი უნდა განხორციელდეს. რამდენად საშიშია მესტიის რაიონის სოფელი ხაიში სეისმომედეგობის თვალსაზრისით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი, დოქტორი ოთარ ვარაზანაშვილი საუბრობს.
ბატონო ოთარ, სეისმურად რამდენად საშიშ ზონაში მდებარეობს მესტიის რაიონის სოფელი ხაიში. რამდენბალიანი მიწისძვრა შეიძლება ვივარაუდოთ კაშხლის მშენებლობის ადგილას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლოს რომელ წელს იყო მიწისძვრა?
ამ საკითხთან დაკავშირებით, მე და ჩემი კოლეგები უახლეს ინფორმაციას ვფლობთ, რადგან ხუდონჰესის ინვესტორმა კომპანიამ - შპს „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიამ“ გასული წლის შემოდგომაზე დაგვიკვეთა ხუდონჰესის მშენებლობის ტერიტორიის სეისმური საშიშროების დეტალური შეფასების სამუშაო. სეისმომედეგი კაშხლის პროექტირებისას მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, თუ რამდენბალიან ზონაში ვაშენებთ. ობიექტის სეისმური დატვირთვები გაითვლება უშუალოდ მისი ფუძე-გრუნტების სეისმური რხევების მოსალოდნელი მაქსიმალური აჩქარების დონეების მიხედვით. თანამედროვე და რეალურ გათვლებზე დაყრდნობით, ჩვენი რეკომენდაციით, ხუდონჰესის მაქსიმალური სეისმური საშიშროების შეფასება და ძირითადი სეისმური დატვირთვების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს მაქსიმალური აჩქარების 0.8 g მნიშვნელობისთვის, რაც ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე ეს ადრე იყო მიღებული. ასეთ შემთხვევაში ხუდონჰესის სეისმური მდგრადობა უზრუნველყოფილი იქნება. რაც შეეხება სეისმურ აქტივობას, მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალი სეისმურობა, 8 და 9 ბალი ინტენსივობის, ობიექტის ტერიტორიაზე შექმნა ახლო ზონაში (30 კმ რადიუსით ობიექტის გარშემო) მომხდარმა უძლიერესმა ისტორიულმა მიწისძვრებმა (ჩვ.წ.-მდე 1250 წ., ჩვ.წ. 1100 წ., 1750 წ.), ხოლო 1966, 1968, 2005 წლებში წარმოშობილი ზომიერი მიწისძვრები მოწმობენ ხუდონესის მშენებლობის გარემომცველი ლოკალური არის თანამედროვე მაღალ სეისმურ აქტივობაზე.
საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალურია საკითხი, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში სვანეთი დაიტბორება, შექმნილია რეგიონის განადგურების ფონი. რამდენად სახიფათოა აღნიშნული კაშხლის მშენებლობა? დღეს ბევრს საუბრობენ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, მიწისძვრაზე, სვანეთის დატბორვაზე. რამდენად რეალურია ეს საფრთხე?
როგორც ვიცი, ხუდონჰესის წყალსაცავის ზედაპირის სარკის ფართობის საპროექტო მნიშვნელობა 5.3 კვ. კმ-ს არ აჭარბებს, რაც მესტიის რაიონის 0.18 %–ს შეადგენს და რა სვანეთის დატბორვაზეა ლაპარაკი არ მესმის. მით უმეტეს, რომ მასზე ორნახევარჯერ უფრო დიდ ენგურის წყალსაცავს, არავითარი სახის კატასტროფა არ მოუტანია.
რამდენად პოტენციურია და რამდენად ენერგოდამოუკიდებლობის მომტანი იქნება ქვეყნისათვის ხუდონის მშენებლობა?
ხუდონჰესი, რომ საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, ამაზე დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი უკვე თანხმდება.
არსებული მონაცემებით საქართველოს გამოყენებული აქვს საკუთარი ჰიდრორესურსების მხოლოდ 11 პროცენტი, მაშინ როდესაც შვეიცარიასა და ავსტრიაში ეს მაჩვენებლი 90 პროცენტს შეადგენს. ასევე ოფიციალური მონაცემებით ევროპის მასშტაბით საქართველო არის მეორე ადგილზე ჰიდრორესურსების სიდიდით. საქართველოში 26 ათასი მდინარეა. ამის გათვალისწინებით, თქვენი, როგორც რიგითი მოქალაქის აზრით, რამდენად მართებულად იქცევა თუნდაც ხელისუფლება, თუნდაც საზოგადოება, რომ არ არის მოთხოვნა იმაზე რომ ეს რესურსები მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. მაშინ როდესაც ჩვენ არ გვაქვს არც გაზი, არც ნავთობი.
პასუხი უკვე თქვენს მიერ დასმულ კითხვაშია. ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის აზრით, მართებულია, რომ საქართველოს ჰიდრორესურსები მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული.
კომენტარი