სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარია სკლადოვსკა-კიური - სახელგანთქმული მეცნიერი ქალი

მარი სკლადოვსკა-კიური, დიდი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, 1867 წელს დაიბადა. 1883 წელს დაამთავრა ვარშავის გიმნაზია, 1895 კი - პარიზის უნივერსიტეტი. ცოლად გაჰყვა პიერ კიურის და მუშაობა დაიწყო მის ლაბორატორიაში, ინდუსტრიულ ფიზიკისა და ქიმიის სკოლაში. 1903 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რადიოაქტიურ ნივთიერებათა გამოკვლევა“ . პ. კიურის სიკვდილის შემდეგ (1906) დაიკავა მისი კათედრა პარიზის უნივერსიტეტში. იყო ამ უნივერსიტეტის პირველი პროფესორი ქალი. 1914 წლიდან ხელმძღვანელობდა პარიზის რადიუმის ინსტიტუტის ფიზიკა-ქიმიის განყოფილებას. აქ მასთან მუშაობდნენ მისი ქალიშვილი ირენ ჟოლიო-კიური და ფრედერიკ ჟოლიო-კიური.

მარია სკლადოვსკა-კიურის შრომები რადიოაქტიურ ნივთიერებათა შესწავლის შესახებ, საფუძვლად დაედო ფიზიკისა და ქიმიის ახალ დარგებს. 1898 წლის ივლისში ცოლ-ქმარმა კიურებმა აღმოაჩინეს ახალი ქიმიური ელემენტი პოლონიუმი, ხოლო ამავე წლის დეკემბერში - რადიუმი. 1902 წელს მარია სკლადოვსკა-კიურიმ მიიღო რადიუმის სუფთა მარილის დეციგრამი, რამაც მას საშუალება მისცა განესაზღვრა რადიუმის ატომური მასა, დაედგინა მისი ზოგიერთი ფიზიკური და ქიმიური თვისება, აგრეთვე მისი ადგილი ელემენტთა პერიოდულ სისტემაში.

1910 წელს სკლოდოვსკა-კიურიმ ფრანგ ფიზიკოს ადებიერნთან ერთად მიიღო ლითონური რადიუმი და განმეორებით დიდი სიზუსტით განსაზღვრა მისი ატომური მასა. 1911 წელს მან პირველმა მოამზადა რადიუმის ეტალონი, რომელიც 24 წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთადერთი იყო. შრომები აქვს აგრეთვე რადიოლოგიისა და რენტგენოლოგიის საკითხებზე. 1914 წელს რენტგენოლოგიურად გამოიკვლია დაჭრილები ჰოსპიტლებში, იყო პარიზის სამედიცინო აკადემიის პირველი წევრი ქალთა შორის (აირჩიეს 1922 წელს).

სკლოდოვსკა-კიურის ორჯებ მიენიჭა ნობელის პრემია: 1903 (ფიზიკაში: პიერ კიურისა და ბეკერელთან ერთად) და 1911 (ქიმიაში). იყო მსოფლიოს მრავალი აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი. 1923 წლიდან საპატიო დირექტორი იყო ვარშავის რადიუმის ინსტიტუტისა, რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100