ლიტერატურა, რომელსაც სექსი ძლიერ უყვარდა
ეროტიკა ლიტერატურის უკვდავი თემაა. რაღაც დროიდან ეროტიკა მწერლობის აუცილებელ ნაწილად იქცა. ხშირად მწერლებს იმის მიხედვითაც ვაფასებთ, რამდენად კარგად იცნობენ ისინი ინტიმურ სფეროს და როგორ შეუძლიათ მისი გადმოცემა. სხვათა შორის, ის ავტორებიც კი, ვინც ამ სფეროს კარგად იცნობდნენ, ამ თემაზე საუბარს ერიდებოდნენ.
პირველივე ლიტერატურულ ძეგლში გვხვდება მინიშნებები, რომ სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით შეიძლება კონფლიქტს წავაწყდეთ. ვგულისხმობ "გილგამეშიანს" და იმ მონაკვეთს, სადაც ამქვეყნიური დიდებით გაზულუქებულმა და გაამპარტავნებულმა, სეკულარიზებულმა, გილგამეშმა ქალღმერთს ქმრობაზე უარი უთხრა.
თანაც, ეს უბრალო უარი არ იყო. გილგამეშმა ქალღმერთის ქმრები ჩამოთვალა და აღმოჩნდა, რომ ყველა "უბედურ დღეზე იყო გაჩენილი". ქალღმერთმა იწყინა, სხვა ღმერთებს მიმართა და მას სასჯელად ზეციური მოზვერი მოუვლინეს. მოზვერი, რომელიც გილგამეშმა და მისმა მეგობარმა ენქიდუმ დაამარცხეს. გამარჯვებას კიდევ ერთი სასჯელი მოჰყვა -ენქიდუ დაიღუპა. ამით დასაჯეს გილგამეში. გილგამეშის სიკვდილი ჩვეულებრივი სასჯელი იქნებოდა, მაგრამ ღმერთები ღმერთები არიან და შეურაცხყოფა -ქალღმერთის "არმიღება" -ვერ აიტანეს, გილგამეში კი არ მოკლეს, მეგობარი მოუკლეს.
აქ საუბარია თემაზე: შენ -ქ მარი, მე -ცოლი, მე ამას არ ვიზამ. ეს ამბავი შორს არ მიდის. ქალღმერთის ხელ-ფეხი, ქალური, მიწიერი თვისებები არ არის წარმოჩენილი, თუმცა ამავე ნაწარმოებში ჩვენ უაღრესად თანამედროვე სცენაც გვხვდება, პირდაპირ რომ ვთქვათ -ველური სექსის ეპიზოდი. ვფიქრობ, სწორედ აქ ჩაისახა ეროტიკის როლი ლიტერატურაში. ეროტიკა წარმოდგენილია როგორც განმაკაცებელი ფუნქცია. ქალი ცივილიზატორია, ველურის ადამიანად ქცევის, ფილოგენეზის მთავარი შემადგენელი ნაწილი. ვგულისხმობ მონაკვეთს, როცა უდაბნოში დაბადებული, ველური ენქიდუსგან გაწამებულმა მონადირეებმა მისი მოთვინიერება გადაწყვიტეს. ამისთვის კი მხიარული ქალი დასჭირდათ, რომელსაც არასოდეს აღიქვამენ, როგორც მრუშს, გაფუჭებულს.
"გილგამეშიანში" ამ მხიარული ქალის პროფესია მრუშობა კი არა, იშთარის ტაძრის ქურუმობაა, ანუ სექსი საკრალურ დონეზეა აყვანილი. თუმცა, როდესაც ქალღმერთთან ფიზიკურ კავშირზეა საუბარი, სინამდვილეში აქ სწორედ მისი მოადგილეები -შამხათები მოიაზრებიან. ენქიდუ გააფრთხილეს, როგორ უნდა მოქცეულიყო ქურუმთან. ან გაფრთხილება რად უნდოდა, ისედაც ყველაფერი კარგად იცოდა. ქურუმმა გაიხადა, დაანახა მთელი სიმდიდრე და გადარია კაცი, რომელსაც ამ ნეტარების შესახებ მანამდე წარმოდგენა არ ჰქონდა და როგორც ქართულ თარგმანში ვკითხულობთ -ექვსი დღე ნერბავდა და მხოლოდ მეშვიდე დღეს...
რა თქმა უნდა, ამ ქალმა ყველაფერი ასწავლა ენქიდუს, მაგრამ თავად ის, რომ სექსი, ეროსი, მომთვინიერებელი და ცხოველის ადამიანობის გზაზე დამყენებელი აღმოჩნდა, გრანდიოზული იდეაა ლიტერატურისთვის.
ლიტერატურა გულშემატკივრობს ამ ქალებს იმდენად, რომ დიდი მწერლები დაცემულ ქალებს დიდ გმირებად გვიხატავენ. ამას აკეთებს არა მხოლოდ დოსტოევსკი, არამედ სხვებიც, რომლებიც გვაჩვენებენ, რომ შეიძლება ადამიანი ფიზიკურად დაეცეს, ყველაზე დაბალ სოციალურ საფეხურზე იდგეს, მაგრამ მისი სული ხელუხლებელი დარჩეს, აყვავდეს და ადამიანები გადაარჩინოს.
გავიხსენოთ "ილიადაც". ტროელი მოხუცები ელენეს აგინებენ და ამბობენ, როგორ შეიძლებოდა ქალის გამო ამდენი სისხლი დაღვრილიყო, ამდენი ვაჟკაცი დაღუპულიყო და სხვ, მაგრამ გამოივლის რა ელენე პრიამოსთან ერთად, მოხუცები იტყვიან, რომ ასეთი ქალისთვის ღირდა ომის დაწყება.
ცბიერი ავტორია ჰომეროსი, საერთოდ არ აღწერს სექსს, მაგრამ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აქ ელენეს გარეგნობაზეა საუბარი, თუმცა მისი ვიზუალური მხარე კი არა, მის მიერ მოხდენილი ეფექტია აღწერილი. ამით ჰომეროსი გვეუბნება -აი, რაც თქვენ ლამაზად მიგაჩნიათ, ისეთიაო. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცით, ელენე ოქროსფერთმიანია. ჰომეროსმა ელენეს სახე მთლიანად ჩვენს წარმოსახვას მიანდო.
სარეცლის ენიგმას ვხვდებით "ოდისეაში". პენელოპე არ ენდობა უცხო კაცს, არ სჯერა რომ ის ოდისევსია, ცდის და ამბობს -ლოგინი გარეთ გაიტანეთო. რა თქმა უნდა, ოდისევსმა იცის, რომ ეს შეუძლებელია -ეს ლოგინი გადაჭრილი ზეთისხილის ათასწლოვანი ხეა. სწორედ ამ სარეცელზე, ამ ხის ირგვლივ აშენდა სასახლე. აქაც სარეცლის საიდუმლოა. ჰომეროსი მიუთითებს, რომ ოცი წლის განმავლობაში კაცი შეიძლება ძალიან შეიცვალოს, ვერ იცნო მისი სახის ნაკვთები, გამომეტყველება, მაგრამ მას ვერ შეეცვლება ის უნარ-ჩვევები, რაც ინდივიდუალურია, როგორც თითის ანაბეჭდი, როგორც თვალის ბადურა. ეს მისი სექსუალური პოტენციალი და მისი თამაშის უნარია. კაცი სარეცელზე ამოიცნობა.
ჰომეროსი ფიგურალურად გვეუბნება, რომ ოდისევსი ისევ იქ, იმ თავის კაცობაში გამოიცადა და პენელოპესგან რწმუნება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო. ალბათ პენელოპე ლოგინში ვერ შეცდებოდა.
ამ ეპოქის დრამატურგებთან სექსი საერთოდ არ გვხვდება. კი ბატონო, ჩანს სიყვარულის ელემენტები -ქალის გამო კაცმა თავი მოიკლა, მაგრამ უფრო ახლოს, როგორც რუსები ხუმრობენ -"ближе к телу" -ჩვენ დაშვებულები არ ვართ.
ეროტიკამ აპოთეოზს რომაულ პოეზიაში, კერძოდ "ენეიდაში" მიაღწია, სადაც სიყვარულს ქალი ემსხვერპლა. აქ უკვე გვაქვს მინიშნება, რომ გმირებს შორის სქესობრივი აქტი შედგა, თუმცა ავტორს დეტალები არ აინტერესებს.
"ენეიდაში" სიყვარულის ვითარება ახსნილია იმით, თუ რა ხდება გმირის სულში, მაგრამ სხეულთან ჩვენ არ გვიშვებს. როგორც ჩანს, ეს ძალიან მაღალი პოეზიაა საიმისოდ, რომ სხეულის დონეზე ჩამოვიდეს. ამაში ვერ დავეთანხმები ვერგილიუსს, მას ჰქონდა ტალანტი, შეეძლო რომ ეს აღეწერა.
იქვე, რომაულ პოეზიაში იყო ეროტიკის ელემენტები, განსაკუთრებით კატულუსთან. საერთოდაც უნდა ითქვას, რომ ამ დროს უკვე გამდიდრდა ჩვენი წარმოდგენები. გარდა იმისა, რომ გვაქვს სიყვარული ტრადიციული წარმოდგენით, ეროტიკული მომენტები გვხვდება ფილოსოფიურ ნაწარმოებებშიც. მანამდე კი -პოეზიაში, მაგალითად, ერთსქესიანი სიყვარული საფოსთან, რომელიც მომენტალურად იქცა ორსქესიანად, როგორც კი საფო ლათინურად ითარგმნა. რაც მართალია, მართალია -ბრწყინვალე გამოვიდა! მთავარი სიყვარულია და არა სქესი. საფოც და კატულუსიც კარგი პოეტები არიან (ერთი ქალებზე წერს და მეორე იმავე ტექსტს კაცისა და ქალის ურთიერთობას უძღვნის). ანტიკურობა გვიმტკიცებს, რომ მთავარი სიყვარულია და არა მისი სუბიექტი ან ობიექტი.
ახლა, რაც შეეხება იმ ფილოსოფიურ ნაწარმოებს, რომელიც, რა თქმა უნდა, მხატვრულია, ლიტერატურას ეთვლება. პლატონის "ნადიმში" ეროსი მიმოხილულია როგორც ღმერთი, როგორც ფუნქცია. ჩემი აზრით, ლიტერატურაში სულ ორი ნაწარმოებია, რომელიც სიყვარულს თეორიულად შეეხო: ერთია პლატონის "ნადიმი", რომელშიც სიყვარულის შვიდი კონცეფციაა განხილული, მათ შორის, ეროსის, ეროტიკის, სექსის; მეორე კი -ანრი ბეილის, ანუ სტენდალის მიერაა დაწერილი.
არაერთი ლიტერატურული ძეგლი ვიცით, რომლებიც ეროსის, ეროტიკის გარეშე უბრალოდ არ იარსებებდა. მაგალითად, "ლედი ჩატერლეის საყვარელი" თავიდან ბოლომდე სექსზე, რიტმზე, ტემპზეა აგებული.
სხვა ამბები იყო მაღალ ლიტერატურაში, სადაც ითვლებოდა, რომ არ შეიძლებოდა ასეთი რამ! როჩესტერსა და ჯეინ ეარს შორის როგორ შეიძლებოდა "ის", "В советском союзе секса нет" იყო ამ ნაწარმოებებში. თუმცა ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ როდესაც წიგნებში სექსი დაიბადა, ლიტერატურა კვლავ თავის სიმაღლეზე დარჩა.
არსებობს ნაწარმოები, რომელიც პირდაპირ ეროტიკას ეძღვნება. უპირველეს ყოვლისა -"ლოლიტა", რომელიც იმდენად ეძღვნება ეროტიკას, რომ ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ გავიგეთ, ნობელის კომიტეტში აღშფოთებულან, ამის დამწერს პრემია როგორ უნდა მივცეთო. გამოდის, ნობელის კომიტეტს ნაბოკოვის მიერ აღწერილი ფენომენის არსებობა აშფოთებდა, თითქოს, რომ არ დაეწერა, ლოლიტები არც იარსებებდნენ.
საინტერესოა, რომ ეს "ლოლიტას" კრიტიკის ყველაზე სუსტი ნაწილია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ნაწარმოები პედოფილიაზე არაა. შეიძლება მოგვწონდეს, შეიძლება არა, მაგრამ მასში ჭარბად მოწოდებული ინტიმი დაინახეს, ინტიმი, რომელზეც თურმე არ უნდა საუბრობდნენ.
"ლოლიტა" ბრწყინვალე წიგნია, მაგრამ არსებობს უფრო დიდი წიგნებიც, რომლებიც, ასევე კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდნენ სწორედ იმის გამო, რომ მათში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეროტიკული მომენტები.
უპირველეს ყოვლისა, შედარებით უწყინარი წიგნი -"ანა კარენინა" მინდა ვახსენო. რომ ვთქვა, ამ ნაწარმოებში სექსი არ არის-მეთქი, მეტყვიან -როგორ კაცო, პირველი გვერდი სწორედ ამ ამბებით იწყებაო. კრიტიკოსებმა ეს ნაწილი გაატარეს, თუმცა აღშფოთდნენ იმაზე, რომ ტოლსტოიმ ქალის ფიზიოლოგიის ძალა აჩვენა.
ითვლებოდა, რომ ქალი კდემამოსილია და მამაკაცს ლამის უთმობს, თითქოს ამ მხრივ მას საერთოდ არ ჰქონდეს არანაირი სურვილები. ეს რომ რეალობას არ შეესაბამებოდა, ალბათ ვხვდებოდით, მაგრამ ლიტერატურაში ამას არ წერდნენ. ყველაფერი უცბად მოხდა, როდესაც ანა კარენინას ვრონსკი შეუყვარდა. ქალმა დაინახა, რომ მისი ქმარი საზიზღარია, საზიზღარი ფიზიოლოგიურად, რომ არ უვარგა ყურები, ატკაცუნებს თითებს. რაც უფრო მეტად შეუყვარდა ერთი, მით უფრო შესძულდა მეორე. ვრონსკი ახალგაზრდა კაცია, ფრიადოსანია ეროტიკაში და მის ფონზე წარმოიდგინეთ ქმრის მოვალეობის შემსრულებელი ასაკოვანი კაცი. ამაზე როგორ შეიძლებოდა ლაპარაკი?! ტოლსტოი კი წერდა.
მეტიც, ნიკოლოზის ძემ ქალის ბუნება უზარმაზარი ძალით ნატაშა როსტოვასთან გვაჩვენა. ნატაშას უყვარდა ანდრეი ბალკონსკი, მზად იყო ნებისმიერ წამს გაჰყოლოდა, მაგრამ ანდრეის მამამ ახალგაზრდები გატანჯა -უნდა გავიდეს წელიწადი... სწორედ ამ წლის განმავლობაში ნატაშას უჩნდება გრძნობა, რომ დრო გადის და ის მისთვის იკარგება. მას უთხრეს -შენ მწიფე ხარ, რომ გაჰყვე რჩეულს, მაგრამ უნდა მოითმინო წელიწადი. ნატაშამ ვერ მოითმინა. დაიწყო ჯანყი, კინაღამ გაიქცა, კინაღამ საბოლოოდ დაღუპა თავი. სიყვარული კი დაინგრა, დაინგრა იმის გამო, რომ მოიძებნა კურაგინი, გაფუჭებული, ცუდი კაცი. მინდა გავუგოთ ნატაშას, ადამიანს, ახალგაზრდას, რომელსაც სხეულმა უკარნახა, რომ რაღაც უნდა მოხდეს, დრო გადის...
ეს ტოლსტოიმ დაწერა და მის წინააღმდეგ აღდგა, გადაირია, გაგიჟდა ყველა, ყველამ ჭკუის სწავლება დაუწყო. ის დიდი კაცი იყო და გადაიტანა, ეცინებოდა კრიტიკოსებზე. შემდეგ კი გადასარევ გამოსავალს მიაგნო: თქვა, ზოგადად, არც "ანა კარენინა" ვარგა და არც "ომი და მშვიდობაო". ამიტომაც დაანებეს თავი. არადა, მართლა ასე ფიქრობდა, უკეთესები მაქვს დაწერილიო. თავადვე გაემიჯნა საუკეთესოს, რაც მისი ხელიდან გამოსულა.
ის, რაზეც ტოლსტოიმ მიგვანიშნა, მთავარ ამბად აქცია ჯოისმა "ულისეში". რა არის "ულისე"? ჩვეულებრივ, ამბობენ, რომ ულისე ორგმირიანი ნაწარმოებია. ეს დიდი ტყუილია. საერთოდაც, თუ ნამუსია, "ულისეს" -"პენელოპე" უნდა ერქვას. "ულისე" ირონიული სახელია, იმიტომ რომ ამ ნაწარმოებში ლეოპოლდ ბლუმი ყველაზე ნაკლებადაა გმირი. აქ სტივენ დედალუსი გაცილებით მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ქალბატონი ბლუმია. თუ ვინმეს ამოდენა წიგნის წაკითხვა ეზარება, ბოლო თავს მიადგეს, არ იქნება ურიგო.
აი როგორი ტექსტია: ჯერ ერთი, ითვლება, რომ ჯოისმა ქალის ფსიქოლოგია ძალიან კარგად იცის. ვფიქრობ, ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის ნაჯვარი იგულისხმება, ანუ არა მარტო ქალის ფიზიკურობა, არამედ ქიმიაც. ჯოისი ბრწყინვალედ იცნობს ადამიანის ინტიმური ცხოვრების ყველაზე ბნელ ნაწილებს. ფიქრებში იგი სრულიად თავისუფალია. იფიქრო მოლი ბლუმივით, ეს ძალიან რთული წარმოსადგენია.
მოლი თავისუფალია, მისი ქმარი კი ფიქრობს -ღალატობს თუ არა ცოლი. გასაგებია, რომ მან ამ კითხვის პასუხი იცის, თუმცა ურჩევნია, რომ ეჭვები ღრღნიდეს. აქ საუბარია არა ღალატზე, არამედ იმაზე, რომ მოლი საკუთარ საქციელს ღალატად არ თვლის. ის სხვაგან იხედება, სოციალური ნაწილი, შეფასებები -ღალატი, ერთგულება, მისი ლექსიკის ნაწილი არ არის. იყო დრო, როდესაც "ულისე" ამის გამო არ იბეჭდებოდა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი.
სწორედ ამერიკის კონტინენტზე იყვნენ მწერლები, რომლებმაც ეროტიკა წარმოუდგენელ სიმაღლეზე აიყვანეს, თანაც ისე, რომ სხეულთან ძალიან ახლოს არ მისულან. ბავშვობიდან ჩამრჩა ფრაზა - როდესაც ჰემინგუეის პერსონაჟი ომში მამაკაცობას კარგავს, მას ეუბნებიან -შენ სამშობლოსთვის სიცოცხლეზე მეტი გაიღეო. ეს სიტყვები პარიზში ითქვა, პარიზში, რომელიც ჰემინგუეის სიტყვებითვე -მუდმივი დღესასწაულია და სადაც სამშობლოსთვის სიცოცხლეზე მეტის გაღება წარმოუდგენელი ბედის ირონიაა.
მსოფლიო ლიტერატურის თვალსაზრისით, ქალების და ეროტიკის დამოკიდებულება განსაკუთრებულია იაპონიაში. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ვისაც "ნანკინელი ქრისტე" წაუკითხავს, ეცოდინება ავტორის დამოკიდებულება -მითი ცალკე მიდის, ცხოვრება ცალკე. ის, ვინც ქრისტე გგონია, სინამდვილეში, ღვთის პირიდან გადავარდნილი, წვერმოშვებული ჟურნალისტია; ის, რაც ქრისტეს მიერ ხსნა გგონია -ჩვეულებრივი მომენტია, როდესაც შეიძლება განიკურნო, თუკი ვენერიულ დაავადებას სხვას გადასდებ, ხოლო ის, რომ "ნანკინელი ქრისტე" მოკვდება, შენ არ იცი, რადგან უკვდავი, ქრისტე გგონია.
ამ ტიპის დამოკიდებულებით სავსეა იაპონური ლიტერატურა, ოღონდ, ყველაფერთან ერთად აქ უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთსქესიანი სიყვარული გვხვდება. მისიმას შემოქმედებას ვგულისხმობ, უცნაური კაცის, რომელიც ბისექსუალიც იყო, კულტურისტიც, კინომსახიობიც და ხარაკირიც გაიკეთა. ამ ყაიდის გენიოსი ძნელად წარმოსადგენია. რა გასაკვირია, რომ მას ნობელის პრემია არ მიანიჭეს.
ევროპულ ლიტერატურაში იყო ისეთი წიგნებიც, რომლებზეც ხალხი ამბობდა -გენიალურია, მაგრამ უნდა აიკრძალოს. ასეთია საზოგადოებისთვის სილის გამწვნელი ეროსით სავსე "ნოტრ-დამ-დე-ფლერი", ძალიან მაღალ დონეზე გადმოცემული არა მარტო ჰომოსექსუალობის, არამედ კრიმინალების სფეროს, სისხლთან, სიბინძურესთან, ტალახთან და მკვლელობასთან შერეული და შეზავებული, ციხეში დატრიალებული სიყვარულის პოეზიის გამო.
ასევე, ბორის ვიანი, რომელიც, ვფიქრობ, საუკუნის ერთ-ერთი ენიგმაა, იმიტომ რომ დიდი ხნის შემდეგ მას კიდევ მიუბრუნდებიან. ვიანმა აჩვენა ქალის სიძულვილი ქმრისადმი, რადგან მან ის დააორსულა. შემდეგ კი -ამ ქალისადმი სხვა კაცის სიყვარული, რომელმაც პიგმალიონის ტიპის ქანდაკება შექმნა. მოკლედ, მთელი ამბებია.
ერთი სიტყვით, ლიტერატურაში ეროსი ძირითად მწერლებთანაც კი ძირითად ადგილს იკავებს. იშვიათია მწერალი, რომელსაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ უწევდეს. ზოგიერთი მას თეორიულადაც სწავლობს და შემდეგ თავისივე ნაწარმოებებით პასუხობს. ზოგ შემთხვევაში ეროტიკა ძალიან სერიოზული ფილოსოფიური სიღრმით არის გადმოცემული. დრო გადის და ამ სფეროში მწერლები უფრო და უფრო ოსტატდებიან, ბევრად უსწრებენ წინ გამომსახველობით საშუალებებს, თუნდაც კინოს, სადაც გარკვეული კლიშე ჩამოყალიბდა. ამერიკელებმა გადასარევად იციან სექსის სცენების გადაღება, ოღონდ მაყურებელს მინდა ვუთხრა, ნუ გაიმეორებთ, ეს კამა-სუტრა არაა, ეს აბსოლუტურად დაუდასტურებელი, შეუმოწმებელი, ტრავმატული ფორმებია. ვინც სცადა, იცის.
კომენტარი