მე მინდა გულზე შენი ხელი მედოს და მოდი...
მე მინდა გულზე შენი ხელი მედოს და მოდი
გულზე მე შენი ხელისგული მინდა რომ მედოს
შენი მოსვლის წინ ცეცხლს დავანთებ და მე შენს ლოდინს
ასე მოვითმენ.
მინდა მთელი ღამე რომ ენთოს ცეცხლი დიდი და სიჩუმეში ამ ცეცხლის ხმები
ისმოდეს მხოლოდ, როგორც ზღვის ხმა გვესმოდა ერთ დროს,
გულზე კი მედოს შენი მკლავი, მტევანი, ხელი და ცეცლი ენთოს.
გარეთ კი თოვდეს, არ გვახსოვდეს არავინ გარეთ.
ეძინოს ქალაქს მძიმე ძილით, ეძინოს ქალაქს.
ეძინოთ მამებს, ძმებს ეძინოთ ტკბილად და მწარედ,
ათოვდეს თეთრად ყოველ ადგილს, სივრცეს და ალაგს.
ქარხნებს, სადგურებს, აეროპორტს ეძინოთ მშვიდი
ძილით და ცამაც დაისვენოს,
არ იყოს ფრენა, ეზოს ძაღლები მაწანწალა,
მავთულზე ჩიტი თვლემას მიეცეს,
ყველაფერი მიეცეს ნელა ძილს და სიმშვიდეს.
მე კი შენი სუსტი და თეთრი ხელი მეჭიროს მთელი ღამე და გულზე მედოს,
წამით გაჩერდეს ჩვენს ფანჯრებთან უცნობი ღმერთი -
ჩვენც ჩაგვეძინოს - ცეცხლი კი ენთოს.
კომენტარი