სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ უნდა იზრუნონ კულტურის განვითარებაზე ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა?

რა დაემართება ქართულ თეატრს, თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც დღეს მიდის? სად აღმოვჩნდებით უახლოეს მომავალში? როგორ უნდა განვითარდეს სათეატრო პოლიტიკა ქვეყანაში?
ამ საკითხებზე „დრონი.ჯის“ თეატრმცოდნე, პროფესორი ლევან ხეთაგური ესაუბრება.
ლევან ხეთაგური: „ძალიან ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა შეიძლება დაგვემართოს უახლოეს მომავალში. ხელოვნება იმით გამოირჩევა, რომ ყოველთვის მოულოდნელობებისთვის უნდა იყო მზად. თუმცა, თუ სამეცნიერო მიდგომებს გამოვიყენებთ, რასაკვირველია, შესაძლებელია ავიღოთ ის არსებული კომპონენტები, რაც გვაქვს და ვივარაუდოთ, ამ კომპონენტებით სად შეიძლება აღმოვჩნდეთ უახლოეს პერიოდში... რა მდგომარეობაა სამსახიობო სკოლაში? 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მძლავრი სამსახიობო ჯგუფები არ გამოსულა ქართულ სცენაზე, მაშინ როცა 50-იან, 60-იან, 70-იან თუ 80-იან წლებში განებივრებულები ვიყავით ამ მხრივ. ბოლო ასეთი მძლავრი ჯგუფი იყო გიზო ჟორდანიას ჯგუფი, რომელიც ჯერ სასწავლო თეატრში მოღვაწეობდა და შემდეგ – რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. მათზე გადაიარა 90-იანი წლების რეპერტუარმა და დღესაც პრაქტიკულად უმრავლესობა ამ თაობიდან არის დაკავებული.
არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დღემდე მერაბ ნინიძე ერთადერთი მსახიობია, რომელსაც ოსკარი აქვს მიღებული, ყოველ შემთხვევაში, „ოსკარი“ აქვს მიღებული იმ ფილმს, სადაც ის მონაწილეობდა და ეს მისი დამსახურებაცაა.
ასეთი მიღწევა ქართულ სამსახიობო სკოლას არ ჰქონია. როდესაც ერთი ძლიერი თაობა მოდის სცენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მსახიობი ერთ ადგილასაა კონცენტრირებული, მათი მაღალი პროფესიონალური დონე სხვა თეატრებშიც სწევს დონეს. სხვა თეატრის ახალგაზრდობასაც მათზე აქვს სწორება. ასევე იყო მაშინაც, როდესაც ოთარ მეღვინეთხუცესი არაჩვეულებრივ სეზონებს ქმნიდა რუსთავის თეატრში. მაშინ ქვეცნობიერად თითქმის ყველა მსახიობი ცდილობდა მიებაძა მისთვის და იმ სამსახიობო მიღწევებისთვის. ასევე ხდებოდა მაშინაც, როდესაც რუსთაველის თეატრში იყო შვიდკაცა, ანუ სადღაც ერთ ადგილას დაგროვილი მაღალი პროფესიონალების რიცხვი განაპირობებს იმას, რომ მთლიანად სხვა თეატრებშიც დონე იყოს მაღალი. დღეს არსად არ არიან თავმოყრილი ასე თანაბრად ძლიერი, პროფესიონალი მსახიობები. მე არ ვსაუბრობ ვარსკვლავების პრინციპზე, ვსაუბრობ ძლიერ ანსამბლზე. „არდიფესტმა“ სავალალო მდგომარეობა აჩვენა.
პრობლემებია ხელობის დონეზე, რაც პირდაპირაა დაკავშირებული იმასთან, რომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში არ ფუნქციონირებს სასწავლო სცენა. არ ისმის ახალგაზრდა მსახიობების სიტყვა, არ არის პლასტიკა... როდესაც მსახიობი ფიზიკურად ვერ მოქმედებს, ვერბალურად ვერ გადმოსცემს აზრს, რაღა დარჩა? ამას ემატება რეჟისურის პრობლემები, რომელიც ასევე აჩვენა არდიფესტმა... განათლების სამინისტრო, რომელიც სხვადასხვა სტიპენდიებს აძლევს ქართველ სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნებში სწავლის გასაგრძელებლად, აუცილებლად სახელოვნებო განათლების სფეროც უნდა გაითვალისწინოს. ამ სფეროშიც საჭირო არის განათლების მიღება საზღვარგარეთ, რომ შემდეგ ეს განათლება უკან დაუბრუნდეს ქვეყანას.
რაც შეეხებათ ძველგაზრდებს, ვინც პროფესიონალურად ფლობდა თავის ხელობას, კვლავაც ასე ლაპარაკობთ ხელობის დონეზე პრობლემებზე, ეს პრობლემები, რასაკვირველია, პირდაპირ არის დაკავშირებული იმაზე, რომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დღემდე სასწავლო სცენა არ არსებობს, არ ფუქნციონირებს, თუ ეს საკითხი არ გადაწყდა, ამ პრობლემის მოგვარება პრაქტიკულად შეუძლებლი იქნება, იმიტომ რომ მაშინ ყველა ამ სამხიობის ნახვა თავად უნივერსტეტის შიგნით იქნება შესაძლებელი და უნივერსიტეტს საფიქრალი აქვს, როგორ მოაგვაროს ეს საკითხი, როდესაც სახეზე სიმპტომებია, რომ სიტყვა არ ისმის, პლასტიკა არ არის, ფიზიკურად ვერ მოქმედებს, ვერბალურად ვერ გადმოსცემს აზრს, რაღა დარჩა? რა კომპონენტი დარჩა, რომლითაც ის პროფესიას უნდა ფლობდეს? ამას დაემატება რეჟისურის პრობლემები, რომელიც ასევე სახეზე აჩვენა „არდიფესტმა“, აღარ ვლაპარაკობ რუსთაველის თეატრის სეზონი მაგისტრანტების წინა გვაქვს, უნდა ჩალაგდეს სპექტაკლები და შეიძლება დარტყმა მივიღოთ ან კარგი გაგებით, ან ცუდი გაგებით, ერთკვირიანი ჩვენებისგან. ამავე დროს ეს არის ის, რაც დაკავშირებულია, როგორც მკითხეთ, რა გველის ახალგაზრდების თვალსაზრისით? აგრძელებს.
ქართული რეჟისურა ძალიან კარგად ფლობს ტექსტზე დაფუძნებული თეატრის ხერხებს, თავის დროზე სერიოზული მიღწევებიც ჰქონდა და ქართული თეატრი ჩაწერილიცაა მსოფლიო სათეატრო კულტურაში, მაგრამ რა გვაქვს დღეს, სად ვართ დღეს? დღეს ტექსტზე არსებული სპექტაკლების დიდი ნაწილიც მძიმე მდგომარეობაშია, რაც პირველ რიგში, დაკავშირებულია პროფესიულ გემოვნებასთან. მე არ ვსაუბრობ ესთეტიკურ გემოვნებაზე, რომელზეც შეიძლება ვინმემ მითხრას, რომ სადაოა. მე ვლაპარაკობ პროფესიულ გემოვნებაზე, რომელიც პრაქტიკულად პროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული. ჩვენ დღეს გადასაწყვეტი გვაქვს და უნდა ვთქვათ, რა არის კარგი – რაოდენობა, თუ ხარისხი? ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს თბილისის თეატრების გაუთავებელი პრემიერები. თუ დავიწყებთ შედარებას, რომ 90-იან წლებში, წელიწადში მხოლოდ სამი პრემიერა იმართებოდა და წელს – 99, მაშინ გავიხსენოთ რა ანგარიშები ბარდებოდა საბჭოთა კავშირში – თუკი წინა წელს დაიკრიფა 500 ტონა ყურძენი, წელს დავკრიფეთ 1 500... სამწუხაროდ, ხელოვნებაში კრეფვის მაჩვენებლები შედეგზე არ მოქმედებს და როგორც გაირკვა, არც საბჭოთა კავშირში არ მოქმედებდა, იმიტომ რომ 500 ტონის ათასხუთას ტონად ქცევა, თურმე ათასი ტონა წყლის დამატებით ხდებოდა. წყლის დამატებით, გაზავების შედეგად ხარისხი ყველაფერზე იკლებს, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ასეთი წყალი დავუმატოთ ხელოვნებას, ამ საკითხებზე დროულად უნდა დავიწყოთ მსჯელობა.

საქართველოში ძალიან ბევრი თეატრი გვაქვს და ეს ის სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ეს საჭიროა იმისათვის, თუ ჩვენ გვინდა გაიზარდოს ტურიზმი და ყურადღება მოგვაქციონ უცხოელებმა. ყურადღების მიქცევა ხდება იმისდამიხედვით, თუ რა კულტურულ სიმაღლეზე არის ესა თუ ის ქვეყანა, ან მეორე უკიდურესობაა, უცხოელები უნდა გავაოცოთ ჩვენი ძალიან დაბალი განვითარებულობით და მაშინ მათ აქ უნდა იარონ იმის სანახავად, თუ როგორ ვითარდებოდა ცივილიზაცია ადრეულ საფეხურებზე. ამის პრეტენზია, მე მგონი, არა გვაქვს, ხომ? ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ დასავლური კულტურის ნაწილი, რისი ყველა მაჩვენებელიც საქართველოს აქვს, თუნდაც იმით, რომ ყველა ქალაქში მოქმედებს თეატრალური ადგილები, თუ პროფესიული არა, არაპროფესიული მაინც და ეს აუცილებლად ხელჩასაჭიდი და გამოსაყენებელია.
ამიტომ დღეს საქართველომ უნდა იფიქროს, თუ როგორ გააძლიეროს თეატრალური კულტურა დედაქალაქის გარეთ. დედაქალაქში საკმარისი რაოდენობის თეატრებია და კარგადაც არის მიხედილი, უბრალოდ, მათ პროფესიულ საკითხებს თავად უნდა მიხედონ, ხარისხი გაზარდონ. ჩვენს ქალაქებში ჩასულ უცხოელს, გასტრონომიული ინტერესების გარდა, ის ინტერესიც ექნება, საღამოს სადღაც წავიდეს... რეგიონებში თეატრების განვითარებით დაინტერესებული უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტრო. ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირ ვალდებულია, რომ სერიოზული ინვესტირება ჩადოს კულტურაში.
იმიტომ, რომ ეკონომიკის სამინისტროს ნაწილია ტურიზმის დეპარტამენტი და თუ სურთ, რომ ტურიზმის ინფრასტრუქტურა იყოს განვითარებული, მათ შორის სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც. ანალოგიურად, თუკი სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა, რომ გაძლიერდნენ ფერმერები, და თუკი სურს ადგილებზე მოხდეს ადამიანების დამაგრება, ადგილზე უნდა დაფინანსდეს კულტურა, რათა ისინი კულტურულად უზრუნველყოფილნი იყვნენ იქ, სადაც ცხოვრობენ.
თუ ჩვენ გვგონია, რომ კულტურის მხარდაჭერა მხოლოდ კულტურის სამინისტროს საქმეა, ძალიან ვცდებით. თუ გავეცნობით ევრპულ გამოცდილებას, ვნახავთ, რომ სხვა სამინისტროებიც მონაწილეობენ ამ პროცესში: მხარს უჭერენ ხელოვნებას, ოღონდ საკუთარი სამინისტროს მიზნებიდან გამომდინარე. ეს ევროპულმა ქვეყნებმა კარგად გააცნობიერეს, დანერგეს და მოდით, ნუ დავიწყებთ ველოსიპედის თავიდან გამოგონებას.
გავიზიაროთ ეს გამოცდილება, დავნერგოთ და უფრო მეტად ხელი შევუწყოთ მთლიანად საქართველოს განვითარებას. რეგიონალური თეატრალური ინფრასტრუქტურის განვითარება შექმნის ძალიან ბევრ სამუშაოს საშუალებებს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, რათა მათ დადგან სპექტაკლები. საქართველოში უნდა დაინერგოს მოძრავი და არა ერთ ადგილას მიბმული რეჟისორების სისტემა. მათ უნდა შეეძლოთ სხვადასხვა ქალაქებში იმუშაონ და სხვადასხვა აუდიტორიას შეხვდნენ. რაც ხელს შეუწყობს მათ უფრო მეტად წარმოჩენას.
თეატრის მიმართ დამოკიდებულება მართვის თვალსაზრისით, ჩვენთან, სამწუხაროდ, ძალიან კონსერვატორული და ტრადიციულია. ჩვენ გვგონია, რომ თეატრს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სტაციონალური შენობა, უნდა იყოს დასი, ესაა ყველაზე მოძველებული მიდგომა, რომელიც აფერხებს კიდეც თეატრის განვითარებას. მესმის, რომ ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, სადაც არსებობს ასწლოვანი ნაციონალური თეატრები, როგორიცაა: რუსთაველის თეატრი, „კომედი ფრანზესი“, სამხატვრო თეატრი....
ასეთ ქვეყნებში, ცხადია, ყველა ახალგაზრდის მისწრაფება უნდა იყოს ამ სცენებზე მოხვედრა, მაგრამ იგივე საფრანგეთი, იგივე რუსეთი, ბრიტანეთი, გერმანია მდიდარია უამრავი არაფორმალური ახალი სივრცეებით, ახალი პროექტებით, ახალი სასცენო მოედნებით და ისეთი ადგილები იქცევა თეატრალურ სივრცეებად, რომელიც მანამდე არასოდეს მოიაზრებოდა თეატრისათვის. ამას გარდა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ დღეს ჩვენ არა გვაქვს არც ერთი თანამედროვე ტიპის თეატრალური სცენა. კი, ძალიან ბევრ თეატრს აქვს კარგი განათების, ხმის აპარატურა, მაგრამ სათეატრო სივრცე არის ძველი ტიპის და ძველი ყაიდის, რაც აფერხებს როგორც თანამედროვე დრამატურგიის შეტანას, ასევე თანამედროვე ექსპერიმენტების ჩატარებას.

თუკი მოწესრიგდება პროექტების საგრანტო დაფინანსების სისტემა, რეჟისორების, მსახიობების ჯგუფები აღარ დაელოდებიან იმას, როდის დაუძახებენ დიდ სცენაზე, დაფინანსების შემთხვევაში ისინი თავად გამონახავენ სასცენო მოედანს. სახელმწიფო ვალდებულია აფინანსებდეს თეატრალური ხელოვნების განვითარებას. ცრუობს ის, ვინც ამბობს, რომ უცხოეთში თეატრები არ ფინანსდება. მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო ყველგან ზრუნავენ სათეატრო ხელოვნების დაფინანსებაზე, თეატრი ყველგან ფინანსდება სუბსიდირების წესით, უბრალოდ, სხვადასხვა ფორმები, მოდელები და მიდგომებია. მე ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას სათეატრო ხელოვნების მხარდაჭერის ფონდი, რომელიც იმოქმედებს ზუსტად იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ფუნქციონირებს ეროვნული კინოცენტრი. უნდა არსებობდეს ცალკე სათეატრო ხელოვნების დაფინანსების წყარო, სადაც აკუმულირდება ის თანხები, რომელსაც დღეს სამინისტრო და მერია აბსოლუტურად გაუაზრებლად ხარჯავენ ხან სიის ამოკითხვით და ხან ჩამორიგებით. ამ თანხების გაცემა უნდა მოხდეს ექსპერტების მიერ, საპროექტო განაცხადების განხილვის საფუძველზე.
დღეს სახელმწიფო ხარჯავს ფულს სათეატრო ხელოვნებაზე, მაგრამ ეს თანხები გაფანტულია და საჭიროებს ერთიან პოლიტიკას, რომელიც მის სწორ განაწილებას უზრუნველყოფს. სათეატრო ხელოვნებისთვის კინოცენტრის ანალოგიური სტრუქტურის შექმნა აუცილებელია. რეჟისორებს ეცოდინებათ, სად შეუძლიათ მიმართონ, შეიტანონ თავიანთი პროექტები და მიიღონ დაფინანსება. ქვეყანაში უნდა არსებობდეს სათეატრო პოლიტიკა, უნდა არსებობდეს რაღაცა სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხებს მოაწესრიგებს. დღეს სამინისტროს ამის მოგვარება არ შეუძლია და ეს მისი საქმეც არ არის. სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შექმნას ასეთი სტრუქტურა, რომელიც მოაშორებს მას ამ თავის ტკივილს.
მსახიობთა, რეჟისორთა ჯგუფები არ უნდა ელოდონ დიდ სცენებს, უნდა მოიძიონ დაფინანსება, მოძებნონ ახალი სივრცეები და განახორციელონ პროქტები. ითამაშონ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება და მაყურებელს მიიზიდავენ. ჩვენ გვავიწყდება ისიც, რომ პრაქტიკულად არ ვიყენებთ ქვეყანაში არსებულ შიდარესურსებს. თბილისში ითამაშეთ 4-5-ჯერ? წადით და რაიონებში, სხვა ქალაქებში ითამაშეთ 20-ჯერ და უფრო მეტ მაყურებელს მოემსახურებით, ვიდრე ერთ ადგილას თბილისში თამაშის შემთხვევაში. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ამ მიდგომებს, ჩვენზე განვითარებული ქვეყნები – ბრიტანეთი, საფრანგეთი – ამ პრინციპით აცოცხლებენ თეატრს, ჩვენ ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში ვართ, ჩვენ ვიძახით, ჩვენ გვაქვს ჩვენი შენობა, ჩვენ ვზივართ და ყველამ იაროს ჩვენს სანახავად, ასეთი განცხადება სულ რამდენიმე თეატრს შეუძლია გააკეთოს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში.
თეატრები, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფოსგან, ისინი ამავე დროს ვალდებულები არიან მოემსახურონ სახელმწიფოს. ერთია, რომ რუსთაველის თეატრში ყველა უნდა მივიდეს და სადაც რუსთაველის თეატრი მივა, ეს უნდა დიდი ზეიმი იყოს და საქართველოში ამის ტრადიცია ყოველთვის არსებობდა. პროექტები უნდა მოძრაობდეს საქართველოს ტერიტორიაზე. 20-ჯერ თამაში, 25-ჯერ თამაში, ეს არის პრაქტიკულად საშუალო რიცხვი დღეს მსოფლიოში სპექტაკლების სიცოცხლის ხანგრძლივობის. თუ ნამდვილ სტატისტიკას ავიღებთ, ვნახავთ, რომ მეტჯერ არც დიდ თეატრებში თამაშდება სპექტაკლები. შეიძლება სპექტაკლი რამდენიმე სეზონი იყოს რეპერტუარში, მაგრამ ჯამში 20-25-ჯერ არც თამაშდებოდეს. ყველაფერი თვლითაა. სინამდვილეში თქვენ მომატყუებთ, რომ მთელი სეზონი იყო, მაგრამ იგივე რაოდენობას ითამაშებთ...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100