ვითარება საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული.
ადგილზე იმყოფებიან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, პოლიტიკოსებო და ოპოზიციის ლიდერები. მხარდამჭერები "მიშა, მიშა"- ს სკანდირებენ. ისინი მხარდაჭერას საყვირებითაც გამოხატავენ.
ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით არ ესწრება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განმარტებით, მიუხედეავად ტკივილებისა და საერთო სისუსტისა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოიკრიბოს ძალები და დაესწროს სასამართლო პროცესს, რის საშუალებასაც მას პენიტენციური სამსახური არ აძლევს. ამასთან, ბასილაია ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურს კანონი არ აძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ბასილაია ამბობს, რომ სააკაშვილი არის მხნედ და განწყობილია სასამართლო პროცესზე გამოსვლისთვის.
როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.
ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს.
კომენტარი