სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი: საქართველოში ძალიან მალე ცოდნას ფასი დაედება

საქართველოში ძალიან მალე ცოდნას ფასი დაედება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო განათლება და იყვნენ კონკურენტუნარიანები, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მეუფე სპირიდონს და აღნიშნა, რომ მისი ძალისხმევის გარეშე საქართველოში ბევრი კეთილი საქმე არ გაკეთდებოდა, მათ შორის ზესტაფონში, ნინოწმინდასა და მაღალმთიან აჭარაში.

„წლების განმავლობაში ვპირდებოდი მეუფეს, რომ ვესტუმრებოდი და დღეს არის ის ბედნიერი დღე, როდესაც შევძელი და გესტუმრეთ. მეუფე სპირიდონის საქმიანობა არის სამაგალითო. ის გვაძლევს მაგალითს, როგორი უნდა იყოს ღირსეული მამულიშვილი, ემსახუროს ღმერთს, სამშობლოს, ხალხს და მე თქვენგან ვიღებ მაგალითს“, - მიმართა პრემიერმა მეუფე სპირიდონს.

მთავრობის მეთაურმა სტუდენტებთან შეხვედრისას განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ეს უნივერსიტეტი, სადაც სწავლა უფასოა, ქველმოქმედების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს.
„თქვენი უნივერსიტეტი დიდ არჩევანს სთავაზობს ახალგაზრდებს და მჯერა, რომ საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნესის, ჯანდაცვის დარგებში აქ მიღებული ცოდნა იქნება სათანადო ხარისხის, თქვენი ბაკალავრები და მაგისტრები კონკურენციას გაუწევენ წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უნივერსიტეტი ჩამოყალიბდება ერთ-ერთ მსხვილ საგანმანათლებლო ცენტრად და მოამზადებს მაღალკვალიფიციურ და კონკურენტუნარიან სპეციალისტებს. მე, როგორც მთავრობის მეთაური, მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ, რომ უნივერსიტეტი განვითარდეს და თქვენ, თითოეულ სტუდენტს გქონდეთ ყველა პირობა ხარისხიანი განათლების მისაღებად“, - მიმართა პრემიერმა სტუდენტებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტები სოლიდურ წვლილს შეიტანენ მეცნიერების განვითრებაში.

„ვიცი, რომ ამ უნივერსიტეტს წლების განმავლობაში გვერდით უდგას ფონდი „ქართუ“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ვიცი, ბატონ ბიძინას არ უყვარს იმ უზარმაზარი ქველმოქმედების შესახებ საუბარი, რასაც აკეთებს ქვეყნისთვის და ხალხისთვის. თუმცა არ შემეძლო არ აღმენიშნა, რომ აქ, მაღალმთიან აჭარაში, განათლების ხელშეწყობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს ამ ადამიანის დამოკიდებულებასა და ღვაწლზე. მინდა თითოეული ჩვენგანის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მას ამისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარმატებები უსურვა.

საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრას 600-მდე სტუდენტი დაესწრო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100