შემთხვევა, რომელმაც მსოფლიო შეძრა: 21 კვირის ჩანასახი მადლიერების ნიშნად ქირურგის თითს წაეტანა
„დრონი.ჯი“ მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ, ადამიანურ და სულისშემძვრელ ისტორიას გაგახსენებთ. იმით დავიწყოთ, რომ მასალის მთავარი ფოტო, რომელიც ბევრი თქვენგანისთვის, შესაძლოა, ცნობილიცაა, ბევრი კი პირველად ხედავს, 1999 წლის 19 აგვისტოსაა გადაღებული და მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა მაშინ ამ ფოტოს ერთხმად დაარქვეს „იმედის ხელი“.
ფოტოზე გამოსახული პატარა ხელი, რომელიც დედის საშვილოსნოდანაა ამოშვერილი, ეკუთვნის 21 კვირის, ჩანასახის სტადიაში მყოფ ბიჭუნას, რომლის სახელია სამუელ ალექსანდრე არმასი. დედამისი ატლანტაში მუშაობდა და მის წიაღში მყოფ ნაყოფს ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი - spina bifida, რის გამოც, შესაძლოა ნაყოფი დაბადებისთანავე ან დაბადებიდან მოკლე პერიოდში დაღუპულიყო.
ეს დიაგნოზი ხერხემლის დეფექტს აღნიშნავს, რომელიც, უმეტესწილად, თანდაყოლილია და რომლის დროსაც ადამიანს არ შეუძლია სხეულის სწორად დაჭერა და სიარული. ის უკურნებელ დაავადებად ითვლება, მაგრამ ერთი გამოსავალი მაინც არსებობს: დედის წიაღში მყოფი, ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ჩანასახისსთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დედის საშვილოსნოშივე - მცირე საოპერაციო ჭრილი, შესაბამისი აპარატურა და უაღრესად ფაქიზი ხელია საჭირო - მცირე შეცდომა კატასტროფის ტოლფასია. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ჩვილი სრულიად ჯანმრთელი იბადება და ამ დაავადებას სამუდამოდ ემშვიდობება.
სწორედ ასეთი ოპერაცია ჩაუტარა ჯერ კიდევ მუცლადმყოფ, ხუთი თვის ჩანასახს ქირურგმა ჯოზეფ ბრუნერმა, რომელიც ნეშვილში, ვანდერბილტის უნივერსიტეტის ცენტრში მუშაობდა და მსგავს ოპერაციებს ატარებდა. როცა დოქტორმა ბრუნერმა ოპერაცია დაასრულა, საშვილოსნოს ჭრილში უეცრად გამოჩნდა ბავშვის პატარა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ხელი, რომელიც ქირურგის თითს წაეტანა და მოუჭირა...
მოგვიანებით დოქტორმა ბრუნერმა გაიხსენა, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი წუთები მის ცხოვრებაში, ხოლო სამუელის დედამ თქვა, რომ ამ ფოტოსურათის ნახვის შემდეგ ის და მისი ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში სიხარულისგან და გაოცებისგან ტიროდნენ.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა, სამუელი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა. ის წელს 12 წლის გახდება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ აწუხებს: მასალას თანდართულ მეორე ფოტოზე სწორედ სამუელ არმასია გამოსახული და ფოტო 2010 წლის სექტემბერშია გადაღებული...
კომენტარი