ივანიშვილი ჭიათურაში: გამორთეთ კამერები, არ ჩაიწეროთ, ხალხის მოსყიდვას დაგვაბრალებენ...
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საჩხერისა ჭიათურის ვიზიტების გაუხმაურებელ დეტალებზე აკეთებს აქცენტს გაზეთი „ალია“ 19 აპრილის ნომერში. ნანა თვალაბეიშვილის სტატიაში „სად ენაცვალე მიშას, სად, ქალო, მოდი, დაკარ ხელი, სად ენაცვალე, ერთი მითხარი, ყვერებში?!“ აღწერილია, როგორ და რა პრინციპით შეარჩია ივანიშვილმა ჭიათურის შეხვედრაზე მაინცდამაინც 22 „რეგრესის პენსიონერი“, როგორ საუბრობდა ჭიათურაში ხელისუფლების ზეწოლისგან მედიის გათავისუფლებაზე და როგორ განუცხადა საჩხერეში „მე-9“ არხის გადამღებ ჯგუფსა და მისივე პრესსამდივნოს ოპერატორებს „გამორთეთ კამერები!“ და როგორ იქედნურად, უცენზუროდ მიმართავდა მიხეილ სააკაშვილის მომხრე მოქალაქეებს შეზარხოშებული ზვიად ძიძიგური. „დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ ამონარიდებს ზემოთდასახელებული სტატიიდან, რომელიც, ვიმეორებთ, „ალიას“ 19 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა:
„...ისე იშლება „ქართული ოცნების“ დედაქალაქური ბომონდი, საჩხერის ოფისშიც არ შედის ივანიშვილი. საგულდაგულოდ გამზადებული კოალიციის უზარმაზარი ტორტი გაუჭრელი რჩება. შტაბის ხელმძღვანელი გურამ შუკაკიძე და მისი გუნდელები, დაბნეულები: „შეიცვალა რაღაცები, იმან წაიყვანა ხალხი...“ საკმარისი მინიშნებაა, საჩხერის შტაბი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, ვინ მაისურებს იხვეწება, ვინ დროშებს“.
„...გარეთ გამოსულ „ალიას“ ერთი ქალი ხვდება, სვეტა დევიძედ გვეცნობა და სურათის გადაღების უფლებასაც გვაძლევს, თან იმ წერილსაც გვიჩვენებს, ივანიშვილის დაცვას რომ მისცა და მან დაკუჭული ძირს გადმოაგდო“.
„ჭიათურაში დათქმულ დროზე ორი საათით ადრე მისულ „ალიას“ „ქართული ოცნების“ ოფისში შეკრებილი კატეგორია „რეგრესის პენსიონერები“ ხვდებიან, რომლებიც სახელმწიფოსგან დღემდე გაუცემელ დავალიანებას ითხოვენ. მათი რიცხვიც და შერჩეული აქტივიც პირველი ხელჩართული სკანდალის მიზეზი ხდება. უკმაყოფილო ხალხს ოფისში შესვლა ეკრძალება.
-ამით ვერ მოიგებს ვერც ბიძინაი და ვერც ოცნება. თქვენ მარტო 22 კაცი შეურჩიეთ და იმგენს ახვედრებთ. ჩვენ, აქანა, პენსიონერები რამდენი ვართ, იცით? კარვებში ვიწექით და ვიბრძოდით, ამგენს თუ უნდათ ფული, ჩვენც ქე გვინდა!
-არ რიგდება, ქალბატონო, ფული... თვითონ გადაწყვიტა, რომ 22 კაცი ყოფილიყო, დამშვიდდით, ხალხი შემოდის და ის კაციც მოსასვლელია...“
„წყობიდან ჭიათურის შტაბის უფროსობა გამოდის და განცხადებებიც ხმამაღალია:
-რა უნდა, ბიჯო, ამგენს, მაინცდამაინც უნდა გადმევიღო ბეჭზე?
-მოიცა, სირცხვილია!
-კარგად რომ მოვცხებ ამას, ისწავლის ჭკუას მერე!“
„რეგრესის პენსიონერებისა“ და უნარშეზღუდული ადამიანების თანხის პრობლემა შეხვედრაზე უფრო მწვავედ იშლება. ხმაურში გადაზრდილ პოლემიკას შეზარხოშებული ძიძიგური კიდევ უფრო ამწვავებს: „ჰე, რამდენი იქნებით ეს „რეგრესის“ პენსიონერები? გაწი-გამოწიე, 5 მილიონი ხომ არის საკმარისი?“
უადგილო და აშკარა კანონდარღვევას ისევ ივანიშვილი ასწორებს, თუმცა იგივე, არანაკლები შეცდომით: დარბაზში ტრიალდება კამერების წინ (ძირითადად „მე-9 არხისა“ და მისივე პრესსამდივნოს კამერები მუშაობბენ. - ნ.თ.) და აცხადებს:
-გამორთეთ კამერები, ეს არ ჩაიწეროთ, რომ არ დაგვადანაშაულონ ხალხის მოსყიდვაში. ამიტომ გპირდებით, რომ დღესვე დავიწყებ ამ პრობლემის გადაჭრას და წამოვა!
ტაში და შეძახილები აპობს ოფისის ოთახს, რომელსაც ივანიშვილი უხეში დაცვის წევრების თანხლებით ტოვებს.“
„მიუხედავად იმისა, რომ ოფისის გარეთ გასულ ივანიშვილს მართლა ჭიათურლები ხვდებიან და არა საჩხერიდან ორი მიკროავტობუსით ჩამოყვანილი ხალხი, ქალების გარემოცვას დაცვის ოსტატობით ადვილად არიდებს თავს და ესკორტიც იძვრება. აშკარა აგრესიის მოგერიება ზვიად ძიძიგურს უწევს. მიშას მაქებარ ხალხს შეზარხოშებული ძიძიგური უცენზუროდ ეპასუხება:
-სად ენაცვალე მიშას, სად, ქალო? მოდი, დაკარ ხელი. სად ენაცვალე, ერთი მითხარი, ყვერებში?! - გვიან აფიქსირებს „ალიას“ დიქტოფონს ერთ-ერთი მეოცნებე და ახლა უკვე წამებში გამოფხიზლებული ყვირის: „შენ რას მისმენ და იწერ ერთი?“
არადა, მოსმენილი და ნანახი იმდენი მაქვს ჭიათურა-საჩხერეში, ამას ერთი საგაზეთო მასალა, მართლა ვერ დაიტევს და მეც აქ ვჩერდები...“. (გაზეთი „ალია“, 19-23 აპრილი, 2012 წელი. გვ. 5)
კომენტარი