ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრად დადიანების მუზეუმში
დადიანების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი უახლოეს მომავალში მომზადდება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დადიანების მუზეუმის დათვალიერებისას განაცხადა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობას რესტავრაცია სჭირდება.
საქართველოს მთავრობის მეთაურს არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, დედოფლისეულ სასახლეში არ არსებობს ვენტილაციის არანაირი საშუალება; სასახლის ლაზური აივანი, რომელიც 80-იანი წლების შემდეგ არ შეკეთებულა, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს; ხოლო ნიკო დადიანის სასახლეს განახლება სჭირდება.
პრემიერ-მინისტრი სასახლის დათვალიერებისას მუზეუმის დირექტორს დაჰპირდა, რომ რეაბილიტაციის პროექტი უახლოეს მომავალში მომზადდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ლილი ბერაიას მუზეუმის შესანარჩუნებლად გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერის განმარტებით, მუზეუმის დირექტორმა უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლი და მასში დაცული უნიკალური საგანძური თავგანწირვის ფასად გადაარჩინა, რაც ფასდაუდებელი ღვაწლია.
„თქვენნაირი მამულიშვილების თავდადებაზე იდგა ყოველთვის საქართველო. თქვენ ხართ მაგალითი მომავალი თაობებისთვის, როგორ უნდა ემსახურო შენს ქვეყანას", - მიმართა პრემიერმა მუზეუმის დირექტორს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა დადიანების მუზეუმის სამსახსოვრო წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
კომენტარი