რა კავშირია ციხის კადრებსა და სერიალებს შორის?
ბოლო ათწლეულია, ქართულ სატელევიზიო სივრცეში სერიალები აქტუალობას არ კარგავს. ტელესერიალების გმირები, ხშირ შემთხვევაში მამაკაცები, ქართველი ქალების გულთამპყრობელები ხდებიან. ამ საკითხზე კომენტარი ფსიქოლოგს და ფილოსოფოსს ვთხოვეთ.
ნათია გვიანიშვილი, ფსიქოლოგი, გენდერული კვლევების მაგისტრი:
- ჩემი აზრით, სერიალები მაყურებელს სთავაზობს ერთგვარ ალტერნატიულ რეალობას, რომელიც ძალიან არ განსხვავდება მაყურებლის რეალობისგან,
თუმცა ცოტათი უფრო საინტერესოა. სერიალის გმირები ხშირად გაზვიადებულად არიან შემკობილი პატრიარქალურ კულტურაში გაბატონებული თვისებებით,
როგორიცაა — სიმამაცე, ძალა, ფიზიკური მიმზიდველობა, ქალის თითქოს ხელისგულზე ტარება, საკუთარი ღირსების დაცვა. სამწუხაროა, რომ სერიალები პატრიარქალურ სტერეოტიპებში ჩარჩენის კიდევ ერთი ფორმაა. ერთ-ერთ თურქულ სერიალში ქალზე ძალადობის სცენებიც არის, რომელიც იმით
არის გამართლებული, რომ მან მეუღლეს უღალატა.
თათა ცოფურაშვილი, გენდერული საკითხების მკვლევარი, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი.
- ქალი, რომელიც სერიალების ყურებით არის გატაცებული, მის გმირებში საკუთარი ცხოვრების იდენტიფიცირებას ახდენს. ასეთი ქალის ფსიქოლოგია არარეალიზებულია. ადამიანს, რომელსაც არა აქვს საკუთარი ცხოვრება, ჩანაცვლებას ახდენს სერიალებით. გარდა ამისა, მოხდა სხვისი ცხოვრების თვალთვალის ფენომენის ინსტიტუციონალიზება, რაც აისახა სახელმწიფოს მოქმედებაში ფარული ჩანაწერების გავრცელების თვალსაზრისით. ასეთ საკითხებზე საზოგადოება დეკლარირებულ ქმედებას არ ახდენს, მიუხედავად იმ ფსიქოლოგიური სტრესისა, რაც ციხის კადრების ნახვისას განიცადა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი სხვისი ცხოვრების თვალთვალს მიეჩვია და ამ მოთხოვნილებას სერიალების ყურებით იკმაყოფილებს. სერიალებში აჩვენებენ ცხოვრების იმ მხარეს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გარიყული და ფარულია — სექსი და სიყვარული.
კომენტარი