"ვისაც გქონდათ ბოლო ორი კვირა მამა იოსებთან ურთიერთობა, გაუფრთხილდით თავს...არ ვიცით საიდან დაინფიცირდა" - ქართველ მოძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამერიკაში ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი და ჩვენ ეპარქიასაც შეეხო ეს. ვადასტურებ, ჩვენ გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი. მას უკვე დაუდგინდა კორონავირუსი, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ეპარქიის მღვდელმთავარმა დაასახელა მოძღვრის ვინაობაც და თქვა, რომ იგი დეკანოზი იოსებ მინდიაშვილია.
„მისი ნებართვით, მინდა მისი სახელი და გვარი ვთქვა, ვინაიდან ამით მაგალითი მივცეთ სხვა პირებს. დღეს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დამალო არაფერი, არამედ - პირიქით. სასულიერო პირი, რომელიც დაინფიცირებულია, არის დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი. მადლობა ღმერთს, რომ მას არ აქვს ვირუსის მძიმე ფორმა და ეს არ არის გართულებული სიმპტომატიკა“, - განაცხადა მეუფე საბამ.
მისი თქმით, მამა იოსებმა არ იცის, საიდან დაინფიცირდა.
„ჩვენ არ ვიცით საიდან დაინფიცირდა მამა იოსები, თუმცა ნიუ-იორკში უწევდა მას გარკვეული სამუშაოს შესრულება და ვვარაუდობთ, რომ იქ მოხდა მისი დაინფიცირება. შაბათს ჩააბარა მამა იოსებმა ტესტი ვირუსზე და თითქმის ოთხი დღე დასჭირდა რომ ტესტის პასუხი მოსულიყო. თქვენ უნდა გაითავისოთ, რამდენად რთული მდგომარეობა დღეს ამერიკაში, რომ ტესტის პასუხის მიღებას 4-5 დღეს სჭირდება. მინდა სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ. მამა იოსები გადის ექიმებთან კონსულტაციას და მინდა გითხრათ ისიც, რომ თუ ადამიანს არ აქვს ვირუსის გართულებული ფორმა, ამერიკაში პაციენტი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. მადლობა ღმერთს, მას იოლ ფორმებში აქვს ვირუსი, მაგრამ ჩემი მიმართვაც ამას ემსახურებოდა, რომ ვისაც გქონდათ ბოლო ორი კვირა მამა იოსებთან ურთიერთობა, გაუფრთხილდით თავს,“ - განაცხა მეუფე საბამ.
ამერიკაში მოღვაწე დეკანოზს სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა. ის ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში მსახურობს.
კომენტარი