ტელეფონიდან მიზანმიმართულად ამოშალეს Facebook-ი, რომ სიმართლე არ მეჩვენებინა - მალხაზ მაჩალიკაშვილი
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის ტელეფონში, რომელიც ოჯახს გამოძიების დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დაუბრუნეს, Facebook-ი და Whatsapp-ი წაშლილია.
მისი თქმით, საგამოძიებო უწყებამ ეს მიზანმიმართულად გააკეთა, რათა ოჯახს საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა არ ჰქონოდა.
"როგორც კი დაგეგმეს, რომ ნივთები უნდა დაებრუნებინათ, ტელეფონიდან მიზანმიმართულად ამოშალეს მთლიანად Facebook-ი, იმიტომ, რომ იმ Facebook-ზე ისინი ავრცელებდნენ ძალიან ცუდ, ბინძურ და გარყვნილ ჭორებს, ვითომ ჰქონდა იქ რაღაცა. ეს მე დღეს თქვენთვის რომ არ მეჩვენებინა სიმართლე, Facebook-ი წაშლილია.
რაც შეეხება whatsapp-ს, გიორგობიანის ენით, რომელიც იყო დიდი დანაშაული, მცდელობა, რომ დაებრალებინა თემირლანისთვის ეს ტერორიზმი, ჩემი ოჯახისთვის, მთელი პანკისის ხეობაში მაცხოვრებელი ქისტებისთვის, იქნა გავრცელებული ძალიან დამახინჯებულად და შეურაცხმყოფელად. რაც არ ყოფილა whatsapp-ში, არ ჰქონია მას არავისთან საუბარი, ეს ტელეფონიც ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს და რასაც ესენი ავრცელებდნენ და მე და ჩემ ოჯახს გვანადგურებდნენ, იმ whatsapp-შიც არაფერი მასეთი არ არის", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
კომენტარი