ტარიელ კაკაბაძე: მოწმის ჩვენებით დადასტურდა მირზა სუბელიანის ჩართულობა კონფლიქტის მონაწილეთა გადამალვაში
„მოწმის ჩვენებით დადასტურდა მირზა სუბელიანის ჩართულობა კონფლიქტის მონაწილეთა გადამალვაში“ - ამის შესახებ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს, ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების შეფასებისას განუცხადა.
"მოწმის ჩვენებით ასევე დადასტურდა სხვადასხვა პირების მიერ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობა, მტკიცებულებათა განადგურებაში მონაწილეობა, კონკრეტულ ფაქტში მონაწილე პირების დამალვის ორგანიზება და დამალვაში მონაწილეობაც", - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ისაუბრა დავით სარალიძის დაჭრის ფაქტში სხვა პირების მონაწილეობაზეც.
"მისი ჩვენებით სრულად დადასტურდა რომ კონფლიქტში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, სხვა ადამიანების მიერ მოხდა დავით სარალიძის დაჭრა, ასევე სრულად დადასტურდა, რომ კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სხვადასხვა ადამიანები პასუხისგებაში არ ყოფილიყვნენ მიცემული. ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე საგამოძიებო ორგანომ ეს საქმე სწორად არ გამოიძია, თორემ დღეისთვის ბრალდების მხარე ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. თუმცა, თავის დროზე ყველაფერი გაკეთდა, რათა წაეშალათ გარკვეული პირების მიერ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და შესაბამისად, კონკრეტული პირები არ დასაჯეს, რასაც მოჰყვა ის, რომ საქმე მთლიანად დაინგრა სასამართლოში განხილვის დროს და ნათლად დადასტურდა რომ საგამოძიებო ორგანო ტენდენციური იყო. ბრალდების მხარე არათუ ჩიხშია, საერთო სისხლის სამართლის საქმე, რასაც ბრალდება ეყრდნობა, ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან მათი პოზიცია, რომელიც ისედაც ძალიან უსუსური იყო, დღევანდელ სხდომაზე მთლიანად დაინგრა", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
კომენტარი