"დედამ შემთხვევით მეზობლებისგან გაიგო, რომ ავადმყოფ ქალს 14 წლის ელენე უვლიდა" - ამბები პოლიტიკოსზე, რომელიც სხვებისთვის მაგალითად იქცა
18 ნოემბერს, "დროას" დამფუძნებელი, დეპუტატი ელენე ხოშტარია იუბილარი გახლდათ. პოლიტიკოსის დაბადების დღე, შიმშილობის მე -16 დღეს დაემთხვა. ის უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც პარლამენტში ექსპრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის მრავალპროფიულ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. სოციალურ მედიაში ხშირად წერენ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკოსების გასაკეთებელს, ოთხი შვილის დედა, ელენე ხოშტარია აკეთებს. ის მართლაც პირველი იყო, რომელმაც ამ მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო და ნელ-ნელა შეურთდნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. 42 წლის დეპუტატმა საჯარო ცხოვრება 2004 წელს დაიწყო. "მე ჩემი თავი ყოველთვის აქტიური მახსოვს. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც. საქმის კეთება ყოველთვის იყო ჩემთვის პრიორიტეტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქტიური ცხოვრება ხელს არ მიშლიდა ინტენსიურ პირად ცხოვრებაში. 2004 წელს, როცა მუშაობა დავიწყე, როგორც საჯარო მოხელემ, ზუსტად იგივე რეჟიმი მქონდა, როგორც ახლა. შესაძლოა ახლა უფრო ვჩანვარ, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა საქმისადმი, ჩემი რეჟიმი ყოველთვის ერთი და იგივე იყო. მაშინ ერთი შვილი მყავდა. 2012-ში გავაჩინე მეორე და 2014-ში კიდევ ორი. არასოდეს მქონია ის დილემა, რომ, აი, ახლა თუ ბავშვს გავაჩენ, საქმეს ვერ გავაკთებ ან ბევრ საქმეს თუ გავაკეთებ, ბავშვს ვერ გავაჩენ. მაგალითად, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ნახევარ საათში მივეცი ინტერვიუ. პარასკევს რომ გავაჩინე, ორშაბათს სამსახურში ვიყავი...“ - ამბობდა წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში. ის ცნობილი ხელოვნებათმცოდნის, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის (1990-1991 წლებში) გოგი ხოშტარიას ქალიშვილია. ბატონი გოგი ასევე გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). დედა ირინა გუნცაძეც ხელოვნებათმცოდნეა, ის შვილის ბავშვობაზე "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ჰყვებოდა: "გოგი ჰელსინკის ჯგუფში ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო. ზვიადთან მეგობრობდა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც ეკავა. მაშინ 12 წლის ელენე აპროტესტებდა, რომ მამამისს მანქანა ჰყავდა გამოყოფილი. ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო? თურმე, დილაადრიან დგებოდა და სადარბაზოებს ალაგებდა, მე კი საწოლში მხვდებოდა, როცა სკოლაში წასასვლელად ვაღვიძებდი. ჩემი ჭკუით, ვაღვიძებდი...“ ელენე ხოშტარიას რუსი ძიძა ჰყავდა, რომელმაც გოგონა გაზარდა. წლების შემდეგ კი როდესაც ქალი ცუდად გახდა და ლოგინად ჩავარდა, დედამ შემთხვევით მეზობლებისგან გაიგო, რომ ქალს 14 წლის ელენე უვლიდა. ცნობილმა ჟურნალისტმა ია ანთაძემ სოციალურ ქსელში ელენეს ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:"შევნატრი იმ დროს, როცა შენთვის ნებისმიერი რამ შემეძლო მეთხოვნა და ვიცოდი, რომ უსიკვდილოდ შემისრულებდი. ძალიან ვნერვიულობ". როგორც ირკვევა, ია ელენეს სკოლის პერიოდში ასწავლიდა. ჟურნალისტი ნიკა საჯაია სოციალურ ქსელში ელენეზე კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას წერს: "ბავშვთა სამყარო" რომ დაიწვა, ხომ გახსოვთ? - მანდ ერთი ქალი მუშაობდა და იქვე ერთ გამოყოფილ ოთახში ცხოვრობდა - მარტოხელა, აფხაზეთიდან იყო დევნილი... ამ ქალს, უკვე ხანში შესულს, ისევ თავიდან უნდა დაეწყო ყველაფერი. მისი საცოდაობით, სხვა დაზარალებულები იმდენად წუხდნენ, რომ მედიას ჯერ იმ ქალის ჩაწერას სთხოვდნენ, შემდეგ კი თავიანთ პრობლემაზე იწყებდნენ საუბარს. მაშინ ამ ქალზე ცალკე სიუჟეტი გავაკეთე - ვიდეოს ბევრი გამოხმაურება მოყვა. მეორე დღეს უცხო ნომერი მირეკავს, არ მახსოვს ვინ იყო - მითხრა, რომ ერთ პოლიტიკოსს ამ ქალის დახმარება უნდოდა. "სახლში უნდა წაიყვანოს, და რითაც შეძლებს დაეხმარება - უბრალოდ არ აქვს საკონტაქტო და იქნებ დაგვეხმაროო". თან სასტიკად გამაფრთხილა, რომ ეს არავის უნდა გაეგო, გადაღებაზე და ცალკე "ამბავის" გაკეთებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი... არა და რამდენია, არგაკეთებულითაც რომ თავს იპიარებს. ამ დღის მერე სხვანაირად შევხედე ამ ახალბედა პოლიტიკოსს, რომელიც არასამთავრობოებიდან მახსოვდა. ბევრი ადამიანური მომენტი დავინახე მასში - მისი პრინციპულობა კი ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის... აი იმ "თვალსახვევის" მუდმივი ტარებიდან დაწყებული, ნაგვის მანქანაზე შეხტომით გაგრძელებული და რაღაცეებზე თვალის არდახუჭვით დამთავრებული...“ ელენე ხოშტარიას პირველი ქორწინებიდან უფროსი შვილი გიორგი გაფრინდაშვილი ჰყავს, რომელიც 2002 წელს მოსკოვში დაიბადა. ელენე მეორედ არქიტექტორ ირაკლი ბერიძეზე დაოჯახდა. წყვილს სამი საერთო შვილი, ნატალია და ტყუპი ვაჟი - კონსტანტინე და რატი ჰყავთ. პოლიტიკოსის დედა ამბობს, რომ მის შვილს ძალიან კარგი ქმარი ჰყავს. ელენე იდეალური დიასახლისია და ოჯახისთვის ყოველთვის გემრიელ კერძებს ამზადებს, რომელსაც თავად იგონებს. ელენე მეუღლეზე ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა და აქციებზეც არასოდეს დადის, გარდა ერთი შემთხვევისა. "ერთადერთხელ იყო, როცა ნაგვის მანქანაზე შევხტი და ხელი გავიჭერი, მაშინ დარჩა დილამდე ჩემთან ერთად. მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს, თუმცა მოსწონს, რასაც ვაკეთებ და მგულშემატკივრობს...“ წყვილი შვილებთან ერთად წყნეთში, საკუთარ სახლში ცხოვრობს. 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ირაკლი ბერიძე შპს სიემსი-ში საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. "შეთანხმებისკენ უნდა ვიაროთ, ეს ჩემი მთავარი ამოცანა და თუ გნებავთ, იდეაა", - წერს ელენე ერთ - ერთ "ფეისბუქკომენტარში" იმათ საპასუხოდ, ვინც მას მწვავედ აკრიტიკებს. რთულია არ დაეთანხმო მას, დღეს პოლარიზებულ ქვეყანას სწორედ შეთანხმებისკენ სვლა სჭირდება.
კომენტარი