უტეიაზე დაკარგულ ქართველ გოგონას კვლავ ეძებენ
ოსლოდან 35 კილომეტრით დაშორებულ კუნძულ უტეიაზე, სამი დღის წინ ტრაგედია მოხდა. კუნძულზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმა პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა თავდამსხმელმა განახორციელა. 32 წლის ანდერს ბერინგ ბრეივიკმა ბანაკში შეაღწია და ახალგაზრდებს 90 წუთის მანძილზე ესროდა. პოლიციის თქმით, ბრეივიკმა, რომელიც ნეონაცისტური მოძრაობის წევრი აღმოჩნდა, კუნძულზე 93 ახალგაზრდა მოკლა. სამართალდამცველების ვარაუდით, სწორედ მან განახორციელა ოსლოს ტერაქტიც, რომელიც იუტეიას თავდასხმამდე ორი საათით ადრე მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმის დროს ბანაკში ორი ქართველი გოგონა იმყოფებოდა. ერთ–ერთი ქართველი გოგონა, ნათია ჩხეტიანი ტერაქტს გადაურჩა და ის, ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი, თამთა ლიპარტელიანის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.
მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, დაკარგული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის ძებნაში ქართული მხარეც ჩაერთვება. ეს განცხადება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ გააკეთა. კალანდაძემ აღნიშნა, რომ ამ მიზნით, ნორვეგიაში სპეციალური მისიით ჩავიდა საქართველოს კონსული დანიაში, ნინო ქოჩორაშვილი. „მივლინება გასტანს იქამდე, ვიდრე მომხდარის შესახებ სრული სურათი არ გახდება ცნობილი და დაკარგულის ადგილსამყოფელი არ დადგინდება“–განაცხადა ვაშაძის მოადგილემ.
ნორვეგიაში 32 წლის ტერორისტის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. იურისტები დიდი ინტერესით ელოდებიან ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკის ჩვენებას და დანაშაულის რეალური მოტივის გაგებას.
ტერორისტი აღიარებს, რომ თანამშრომლობს ანტიისლამისტურ ორგანიზაციასთან და ტერორისტული ოპერაცია რამდენიმე წლის განმავლობაში იგეგმებოდა. „მე მოვითხოვ რომ სასამართლო ჩატარდეს ღია რეჟიმში, რათა ხალხმა გაიგოს ის მოტივები, რისთვისაც დანაშაული ჩავიდინე. ვაღიარებ დანაშაულს, მაგრამ ვთვლი, რომ ამის გაკეთება აუცილებელი იყო", - განაცხადა ბრეივიკმა.
ტერორისტი საჯარო სასამართლო პროცესს ითხოვს, ნორვეგიელი სამართალდამცავები კი ამის წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, ტერორისტს არ უნდა მეცეს საშუალება მედიის საშუალებით ვინმეს მიმართოს.
ანდერს ბრეივიკი, თავდასხმის შესახებ, ვიდეოებსა და დოკუმენტებში რამდენიმე დღით ადრე იტყობინებოდა. მან Youtube–ზე გამოაქვეყნა 12 წუთიანი ვიდეო, სადაც ის იარაღით ემუქრება მუსულმანებს. თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე კი, მან ინტერნეტფორუმებზე გამოაქვეყნა ინგლისურ ენაზე დაწერილი 1500 გვერდიანი დოკუმენტი. მასში ასახული იყო ანტიისლამური განწყობები. ასევე, მითითებულია ისიც, რომ ის ტერორისტული აქტების განხორციელებას აპირებდა.
ნორვეგიის კონსტიტუციით, ანდერს ბრეივიკს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ ის საზოგადოებისთვის საშიშია, მისი ციხეში ყოფნის პერიოდი გაგრძელდება.
კომენტარი