ილია II: „ვფიქრობ, რომ ძმური ურთიერთგაგებით ვისაუბრებთ“
„26 ივლისს, რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრა იგეგმება. ვფიქრობ, რომ ძმური ურთიერთგაგებით ვისაუბრებთ“– ეს სიტყვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რუს ჟურნალისტ ალექსეი ვენედიქტოვთან საუბრისას წარმოთქვა. როგორც ჩანს, ხვალინდელ შეხვედრაზე ჩვენი პატრიარქი, დიდ იმედებს ამყარებს. შეხვედრა უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში შედგება. ილია მეორე უკრაინაში დღეს გაემგზავრა, ვიზიტი 30 ივლისამდე გასტანს.
კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში, კიევის რუსეთის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინაში ვიზიტის დროს, უწმინდესი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
გამგზავრების წინ, უწმინდესმა და უნეტარესმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კიევში რუსეთის პატრიარქსაც შეხვდება და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს. შეხვედრა კიევის პეჩორის ლავრაში შედგება. ეს პატრიარქების რიგით მეორე შეხვედრა იქნება, პირველად ორი ქვეყნის პატრიარქი, 2009 წელს, ბაქოში შეხვდა.
როგორც ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განუცხადა, ორი პატრიარქი, კიევში დაგეგმილი შეხვედრისას, საქართველოს პატრიარქის აფხაზეთში ჩასვლის საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრებენ აფხაზეთში მიმდინარე საეკლესიო პროცესებსა და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის აღდგენისა და რელიგიური მისიის განხორციელების თაობაზე.
28 ივლისს, კიევის რუსეთის გაქრისტიანებისა და მოციქულთა სწორის, დიდი კნიაზის, ვლადიმერის ხსენების დღესთან დაკავშირებით, კიევის პეჩორის ლავრაში, სადღესასწაულო წირვას უკრაინის მიტროპოლიტი, რუსეთის პატრიარქი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ერთობლივად აღავლენენ.
კომენტარი