სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბანოთუბნის სტატუსს ემუქრება -+

ტურისტულ და კულტურულ ცენტრ აბანოთუბნისთვის სტატუსის შენარჩუნების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აბანოთუბნის აბანოების გარეშე დატოვება დღის წესრიგში სემეკ-ისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გადაწყვეტილების შემდეგ დადგა.


როგორც ცნობილია, ჯერ სემეკ-მა დაუდგინა ტარიფი GWP-ს, შემდეგ კი, თავის მხრივ, წყლის კომპანიამ აბანოებს საკანალიზაციო მომსახურების გადასახადი გაუძვირა, რამაც აბანოების ხელმძღვანელები პრობლემის წინაშე დააყენა. სემეკი, რომელიც ზოგად დადგენილებებს აწესებს, კომპანიების არსებობას უქმნის საფრთეს. სახელმწიფო კომპანიის ფუნქციაც ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვაა, თუმცა კომისიამ არაგონივრული გადაწყვეტილება თვითნებურად, წინასწარი მოლაპარაკების გარეშე მიიღო. სხვადასხვა ტიპის წყლებზე შესაბამისი გადასახადის დაწესება კი ბიზნესის არსებობისთვის აუცილებელია.


უცნობია, ვისთან გაიარეს კონსულტაციები სემეკ-ის თანამშრომლებმა ტარიფის შემუშავების პროცესში. მოისმინეს თუ არა ბიზნესის და ენერგოომბუდსმენის აზრი? სემეკ-ის ფუნქციები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როდესაც ქვეყანაში ერთი მონოპოლისტი წყლის კომპანია -„ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერია" . წყალმომარაგების კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" პრივატიზაცია 2008 წელს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მოხდა. წყლის კომპანიის ახლანდელი მფლობელი „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზ" ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიაა. ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე განთავსებული კომპანია საკუთარი წესებით მოქმედებს.


რატომ ხუჭავენ თვალს მერიის და სემეკ-ის წარმომადგენლები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გადაწყვეტილებებზე? იურიდიული და ფიზიკური პირები საშემოსავლო სამსახურში იხდიან გადასახადს. საშემოსავლო სამსახურიდან თანხა ქვეყნის ბიუჯეტში გადადის. სახელმწიფო ბიუჯეტი სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს აფინანსებს. საბიუჯეტო ორგანიზაციებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ემსახურება, რომელიც წყალს აწვდის. გამოდის, რომ სახელმწიფო წყლის კომპანიას მაქსიმალურ თანხას უხდის და GWP ჩვენგან გადახდილი თანხით, ბიზნესზე და თბილისის მოსახლეობაზე ისევ მაქსიმალური ფასით ყიდის თავის პროდუქტს. ვის ჯიბეში ილექება საქართველოს მოსახლეობის ფული? ეს თანხა ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ ზონაში გადადის. სემეკის მიერ 2010 წელს მიღებულ დადგენილებას ვადა 2016 წლის დეკემბერში ეწურება. მომავალი წლისთვის კი, კომპანიამ ახალი ტარიფები უნდა დააწესოს. როგორც ცნობილია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" სემეკს მათთვის სასურველი ახალი ტარიფები უკვე წარუდგინა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გაზრდას მოითხოვენ. მოუწევს თუ არა თბილისის მოსახლეობას მომავალი წლიდან გაზრდილი გადასახადის გადახდა, ამას სემეკის გადაწყვეტილების შემდეგ გავიგებთ.


შეგახსენებთ, რომ თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან" დაწესებულ მაღალ გადასახადს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თუ სემეკ-მა და წყლის კომპანიამ მათთან შეთანხმებას არ მიაღწიეს, ძველი თბილისის ტურისტულ და კულტურულ ცენტრ, აბანოთუბანს გაუქმების საფრთხე დაემუქრება. სემეკ-ში აცხადებენ, რომ კომისია ტარიფებს არ უდგენს კონკრეტულად, რომელიმე აბონენტს/მომხმარებელს. მათი ინფორმაციით, ტარიფების დადგენა ხდება წყალმომარაგების მიმწოდებელი კომპანიებისათვის.და ამ შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" უფლებამოსილია, რომ მომხმარებელს სასმელი წყალი მიაწოდოს კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში. თავისმხრივ, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ დღეს, გოგირდის აბანოების შემოსავალი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ სხვა კომერციულ თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით პრივილეგიებით არ ისარგებლონ.

წყარო: რეპორტიორი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100