სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ოკუპანტები რაჭველებსაც გადასწვდნენ

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე სოფელ ღარში, რომელიც ტერიტორიულად ონის რაიონის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, ათი ადგილობრივი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

დაკავების თვითმხილველები არ არსებობენ, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები სალოცავთან შენიშნეს, მოგვიანებით კი იმ ადგილას ოკუპანტებით სავსე „ვილისის“ მარკის ავტომანქანა დაინახეს, რომელიც კონფლიქტის ზონის მიმართულებით გაუჩინარდა.

სოფელ ღარში, მაღლობზე მდებარე სალოცავში გუშინ სახალხო დღესასწაული, მეჯვარეობა აღინიშნებოდა, რომელსაც ადგილობრივი და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ესწრება. დღესასწაულის აღნიშვნა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება, ზოგჯერ კი ღამენათევი ხალხი მეორე დღესაც მაღლობზე რჩება.

„როცა ახალგაზრდები სალოცავზე დარჩნენ, ეს არავის გაკვირვებია, რადგან, როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე. უბრალოდ, მეორე დღეს იქ ნაკლები მომლოცველი იყო, ხალხი მაღლობიდან ჩამოვიდა და მხოლოდ სოფელში დაბრუნების შემდეგ მოისაკლისეს ახალგაზრდები. მოგვიანებით, სალოცავთან ახლოს ღარში მცხოვრებმა ბავშვებმა მანქანა და შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები შეამჩნიეს. ახალგაზრდები მათ გამოჩენასთან ერტად გაუჩინარდნენ“, - თქვა „დრონი.ჯი“-სთან სატელეფონო საუბარში ონის რაიონში მცხოვრებმა, მეჯვარეობაზე სტუმრად მყოფმა დოდო მეტრეველმა.

ახალგაზრდების გაუჩინარების ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ და ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდები რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არც იმას გამორიცხავენ, რომ ნასვამ ახალგაზრდებს, შესაძლოა, გზა აერიათ და რუს ოკუპანტებს გადააწყდნენ.

„სოფელი ღარი კონფლიქტის ზონის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს და, გამორიცხული არ არის, ახალგაზრდებს სიბნელეში მხარი აქცეოდათ, რის შემდეგაც რუსი ოკუპანტების საპატრულო ჯგუფი დააკავებდა“, - ამბობენ ონის გამგეობაში.

ოსურ და რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ჯერჯერობით არ გამოჩენილა ოფიციალური ან არაოფიციალური ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდების დაკავების შესახებ. საქართველოს შსს-მ უკვე დაიწყო გაუჩინარებული ახალგაზრდების ძებნა. ამისთვის სპეციალური ჯგუფი ონის რაიონში ქუთაისიდან გაიგზავნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100