რუსთაველის თეატრში კონფერენცია "მიხეილ თუმანიშვილი - თეატრის თეორეტიკოსი" ჩატარდება
დიდი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობის თაოსნობით, 20 ივნისს, 12:00 სთ-ზე რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში სამეცნიერო კონფერენცია "მიხეილ თუმანიშვილი - თეატრის თეორეტიკოსი" ჩატარდება.
სამეცნიერო კონფერენცია თუმანიშვილის მემკვიდრეობის თეორიული მოსაზრებების სპეციფიური შესწავლისათვის პირველი მცდელობაა.
"რეჟისორის თეორიული განსჯანი, ისევე, როგორც სასცენო ნიმუშები, შესაძლებელია, მსოფლიოს რეჟისორ-ლიდერთა ხელოვნებისა და თეორიულ განსჯათა კონტექსტით განვიხილოთ. მისი მემკვიდრეობა საგანგებო შესწავლას ითხოვს. ინტერდისციპლინარული კვლევა მიხეილ თუმანიშვილის მემკვიდრეობის უფრო თანამიმდევრულ და სფეციფიურ კვლევას მისცემს დასაბამს" - აცხადებენ კონფერენციის ორგანიზატორები.
კონფერენციაში რეჟისორები რობერტ სტურუა, გიორგი ქავთარაძე, თეატრმცოდნეები ნათელა არველაძე, ლელა წიფურია, ხელოვნებათმცოდნე ელენე თუმანიშვილი, ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი, ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე და ისტორიკოსი გიორგი კალანდია მიიღებენ მონაწილეობას.
კომენტარი