წვიმამ თბილისში სახლები დატბორა
თბილისში რამდენიმე დასახლება დაიტბორა. ბელიაშვილის ქუჩაზე ფეხით გადაადგილება პრაქტიკურად შეუძლებელია. ადგილობრივთა თქმით, ყოველი წვიმის შემდეგ ნიაღვარი აქ აღმაშენებლის ხეივნიდან მოედინება და შენობების პირველი სართულები იტბორება.
ასევე დატბორილია აღმაშენებლის ხეივანში მდებარე რამდენიმე რესტორანი.
ამ მონაკვეთზე მოძრაობა გადაკეტილია.
მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ძლიერი წვიმის შედეგად თითქმის მთლიანად დაზიანდა მუხიანის კერძო დასახლებებისკენ მიმავალი გზის ნაწილი. წყლის ძლიერმა ნაკადმა სახლების პირველი სართულები დატბორა. მოსახლეობა რამდენიმე საათის განმავლობაში სახლში შესვლას ვერ ახერხებდა, ისინი წყლის დონის დაწევას ელოდებოდნენ. დასახლების ნაწილი, პრაქტიკულად, სავალი გზის ნაწილის გარეშე დარჩა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციათა სამსახური და სასწრაფო. ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.
წვიმის შედეგად წარმოქმნილმა წყლის ძლიერმა ნაკადმა გზის სავალი ნაწილი ასევე გაანადგურა გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში. დაახლოებით 700 მდე ოჯახი გზის მეორე მხარს დარჩა. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. აღდგენითი სამუშაოები სოფელში წყლის ნაკადის კლების შემდეგ დაიწყება.
კომენტარი