სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას წერს ჩიორა თაქთაქიშვილი წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით?

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით ატეხილ ხმაურს დღეს ნაცმოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი გამოეხმაურა. წულუკიანის დიპლომსა და განათლებას თაქთაქიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მოზრდილი პოსტი მიუძღვნა, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც დღეს საფრანგეთის ელჩმაც დაადასტურა, თეა წულუკიანს საფრანგეთში არ მიუღია უმაღლესი იურიდიული განათლება, არამედ მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში. აქ ახალი არაფერია.

ასევე არაფერია ახალი იმაში, რომ საფრანგეთშიც ვერ გახდები სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურორი, მით უმეტეს გენერალური პროკურორი, რაც ჩვენთან იგივეა, რაც იუსტიციის მინისტრი, თუ არ გაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

შესაბამისად, დღეს საქართველოს ყავს არაუფლებამოსილი იუსტიციის მინისტრი, რომელსაც არ გააჩნია კანონით გათვალისწინებული იურიდიული განათლება.

საუბარი იმაზე, ენა-ს დიპლომით რისი გაკეთების უფლება აქვს საფრანგეთში, საფრანგეთის კანონმდებლობით, საფრანგეთის მოქალაქეს, სხვა დისკუსიის საგანია. მაგრამ კი ბატონო, ამაზეც ვისაუბროთ და განვიხილოთ დასახელებული ორი მაგალითი, სადაც ფრანგული კანონმდებლობით არაიურისტებიც შეიძლება დასაქმდნენ და რომელთაც მოსამართლეებიც შეიძლება ერქვათ. ეს არის ფინანსური კონტროლის სასამართლო (კონტროლის პალატა) და სახელმწიფო საბჭო.

ეს ორივე ორგანო არის კვაზი სასამართლო ინსტიტუტი, ანუ, მათი მთავარი არსი, განსხვავებით სხვა ქვეყნების სასამართლოებისგან, ემყარება იმას, რომ მხოლოდ იურისტები კი არ უნდა წყვეტდნენ დავებს ბიუროკრატიასა და მოქალაქეებს შორის (სახელმწიფო საბჭო), ან ბიუროკრატიის ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს (ფინანსური კონტროლის სასამართლო(კონტროლის პალატა), არამედ, ამაში კვალიფიციური იურისტების გარდა, თავად მაღალი ბიუროკრატიული გამოცდილების ადამიანებიც უნდა მონაწილეობდნენ იურისტებთან ერთად. საფრანგეთში დამკვიდრებული ტრადიციით, ორივე კატეგორიას, იურისტებს და ბიუროკრატებს ამ 2 ინსტიტუტში ქვიათ მოსამართლეები. ამას ხსიან იმით, რომ ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების შეფასება არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე მიზანშეწონილების საკითხი. თავისთავად ამ მიდგომას ბევრი ოპონენტი ყავს და ამიტომაც სხვა ევროპულ ქვეყნებში ასეთი მიდგომა არ არის გავრცელებული.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთის კანონმდებლობით, არც სახელმწიფო საბჭო და არც ფინანსური კონტროლის სასამართლო (კონტროლის პალატა) არ წარმოადგენს პროკურატურას და მით უმეტეს, არცერთ მის არაიურისტ მოსამართლეს არ აქვს უფლება განსაზღვროს ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკა, გაათავისუფლოს და დანიშნოს მთავარი და სხვა პროკურორები, მით უმეტეს, სისხლისსამართლებრივ ბრალმდებლად გამოვიდეს სასამართლოში გაერთიანებული შტაბის უფროსის და სხვა მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურეების დაპატიმრების მოთხოვნით, რისი უფლებაც ქართული კანონმდებლობით აქვს იუსტიციის მინისტრს. სხვათაშორის, თეა წულუკიანი, თუ ამასაც არ გვიმალავს, არის საქართველოს და არა საფრანგეთის მოქალაქე, და დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერ დაიკავებდა, ვერც საფრანგეთის ფინანსური კონტროლის სასამართლოს (კონტროლის პალატის) და ვერც სახელმწიფო საბჭოს მოსამართლის თანამდებობას, რომ აღარაფერი ვთქვათ საფრანგეთის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. ამას მხოლოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ თუკი მითითება კეთდება იმაზე, რისი უფლება აქვთ საფრანგეთში ენა-ს დიპლომით, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვრცელდება თვითონ საფრანგეთის მოქალაქეებზე, და ვერცერთი ქვეყნის კანონმდებლობით ვერ დარეგულირდება ის, საქართველოში, გენერალურ პროკურორს, იგივე იუსტიციის მინისტრს რა მოეთხოვება და რა არა.

საქართველოს კანონმდებლობით კი, იუსტიციის მინისტრი არის პროკურორი და მას უნდა ქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. თეა წულუკიანი კანონის ამ მოთხოვნას ისევ ვერ აკმაყოფილებს.

მეორა საკითხი, რომელიც დასახელდა, იყო ის, რომ თეა წულუკიანს ენა-ს დიპლომით უფლება მიეცა მუშაობა დაეწყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართოში ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. ეს მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ თეა წულუკიანის პროფესიული გამოცდილება მიჩნეული იქნა სათანადოდ იურისტის პოსტის დასაკავებლად, რაც არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თეა წულუკინისთვის უნდა არსებობდეს გამონაკლისი გართული კანონმდებლობიდან, რომელიც გარკვევით ითხოვს, არა იურისტად მუშაობის გამოცდილებას, არამედ უმაღლეს იურიდიულ განათლებას იუსტიციის მინისტრის პოსტის დასაკავებლად.

ამდენ იწილი-ბიწილოს, ბარემ აიღეთ პასუხისმგებლობა! აღიარეთ, რომ დაარღვიეთ კანონი, გააუქმეთ კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის პროკურორების უკანონო გათავისუფლება-დანიშვნები, უკანონო პროკურორების მიერ უკანონოდ აღძრული სისხლის სამართის საქმეები და შემდგომ ვიმსჯელოთ, მიზანშეწონილია თუ არა, თეა წულუკიანისთვის სკამის შესანარჩუნებლად და მის განათლებაზე კანონის მოსარგებად, კანონმდებლობის მოთხვონის შეცვლა და იმის ჩაწერა, რომ იუსტიციის მინისტრს აღარ სჭირდება უმაღლესი იურიდიული განათლება. მით უმეტეს, რომ ამის გაკეთებას ისედაც აპირებდით, ოღონდ იმის აღიარების აღიარების გარეშე, რომ არაფრად მიგაჩნიათ კანონის დარღვევა და რომ ერთ ადამიანს გინდათ მოარგოთ ახალი კანონი.“ - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100