სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მოვბრუნდი და გავიხედე კუნძულის მხარეს, იქ კი ეს შეიარაღებული იდიოტი დავინახე...“

ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი, 18 წლის ემა მარტინოვიჩი ერთ-ერთია მათგან, ვინც ანდრეს ბრეივიკს გადაურჩა და საშინელ სისხლისღვრას წყალში გადახტომით დააღწია თავი. საკუთარ ინტერნეტ-ბლოგზე კი, კუნძულიდან გაქცევის ფაქტები აღწერა:

ჩვენ დავიმალეთ კლდოვანი ფერდობების მიღმა, ყოველ შემთხვევაში, დამალვას ვცდილობდით. შეიარაღებულ იდიოტს ნებისმიერი მხრიდან შეეძლო მოევლო ფერდობისთვის და აღმოვეჩინეთ. ჩვენი სამალავიდან კი, თითქმის ვერაფერს ვხედავდით. წუთები საათებივით იწელებოდა. შემდეგ დაიწყო მოკლე ტექსტურმა შეტყობინებებმა მოსვლა: „სად ხარ?“, „ძალიან მიყვარხარ!“ და მსგავსი შეტყობინებები. ჩემი მეგიბარი, პერნი კი მწერდა: „იგი სკოლის შენობაშია, კარს ესვრის. ჩვენ ოცდაათნი ვართ და დამალვას ვცდილობთ. შენ როგორ ხარ?“ მე მას როგორც შემეძლო მოკლედ ვუპასუხე: „როგორ გამოიყურება? მარტოა? შემოაღწია შენობაში? ჩვენ დავიმალეთ, მაგრამ უსაფრთხოდ არ ვართ!“

როგორც იქნა, აღწერითი პასუხი მოვიდა: იგი პოლიციელის ტანისამოსშია გამოწყობილი და შეიარაღებულია. ვიღაც ამბობს, რომ ორნი არიან. შემდეგ კი, მოვიდა შეტყობინება, რომ ჩვენსკენ მოემართება. მე ლოცვა დავიწყე და სხვების დამშვიდებასაც ვცდილობდი. შემდეგ ვეცადე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნას, ნორვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტთა პარტიის ლიდერისთვის და მან მიპასუხა, რომ ცოცხალი იყო. მე მას ვკითხე: „რა ვქნათ? ოთხნი ვართ და კლდოვანი ფერდობის უკან ვიმალებით“. მან მოკლედ და კონკრეტულად მიპასუხა: „გაცურეთ!“

მე დანარჩენებს მივმართე და ვთხოვე რომ გასაცურად მომზადებულიყვნენ. უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ნაპირზე არავინ იყო. სწორედ ამიტომ, პირველმა შევცურე წყალში და დავინახე ადამიანის სხეული, რომელიც სახით წყალში იყო ჩამხობილი. შევცურე წყალში, მუდმივად ცას შევყურებდი და ვლოცულობდი. გამოვიტანე ბიჭის სხეული წყლიდან, მოვხსენი ქუდი თავიდან და მივხვდი, რომ იგი ჩემი მეგობარი იყო. მას ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, შესაბამისი რეაგირებისთვის კი დრო არ მქონდა, ლოყაზე ვაკოცე ჩემს გარდაცვლილ მეგობარს და კლდოვან ფერდობთან დავბრუნდი.

იქ სხვა ბავშვებიც შევნიშნე, რომლებიც დამალვას ცდილობდნენ და მათთან წავედი. მე მათ ვუთხარი, რომ ჩემმა ლიდერმა კუნძულის დატოვება ცურვით გვირჩია. გოგონებს ვთხოვე, რომ რაიმე საცნობი ნიშნები მიემაგრებინათ თავიანთ ბიუსტჰალტერებზე. შემდეგ კი გეგმა შევიმუშავეთ: რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა გაგვეცურა და მეზობელ კუნძულამდე მიგვეღწია.

გახდა დავიწყეთ - ვიცოდით, რომ სველი ტანისამოსით ცურვა ძალიან რთულია. სანამ გავცურავდით, დედას, მამას, უმცროს ძმას და საუკეთესო მეგობარს, რობინს, უკანასკნელი შეტყობინება გავუგზავნე. მე წინ კიდევ ერთ გოგონასთან ერთად მივცურავდი, ვბრუნდებოდი და ვამოწმებდი დანარჩენები მოცურავდნენ თუ არა ჩვენსკენ. გავიყინე, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და კონცენტრაცია მოვახდინე იმიტომ, რომ თავი წყლის ზემოთ მქონოდა. ერთ-ერთი თანმხლები პანიკამ მოიცვა, ამიტომ დავუყვირე:“თავი წყალს ზემოთ გქონდეთ და გამოცურეთ კუნძულიდან. ისუნთქეთ!“

შემდეგ მოვბრუნდი და გავიხედე კუნძულის მხარეს, იქ კი ეს შეიარაღებული იდიოტი დავინახე. ქერა, ღია ფერის კანით, იგი იდგა პოლიციელის ტანისამოსით შემოსილი, ხელში კი იარაღი ეჭირა. მომეჩვენა, რომ იარაღს ჩვენ გვიმიზნებდა. ერთი გასროლა და ტყვია ერთ-ერთ მოცურავეს მოხვდა. სისხლმა შემაშინა და ხელი უფრო აქტიურად მოვუსვი, შემდეგ კიდევ მოვბრუნდი და დავინახე, რომ მან მიზანში ისინი ამოიღო, რომლებმაც წყალში შესვლა ვერ მოასწრეს. თითქოს მიხვდა, რომ ჩვენ, ვინც წყალში ვიყავით, ვეღარ მოგვწვდებოდა და ყურადღება კუნძულზე დარჩენილებზე გადაიტანა.

დავინახე, თუ როგორ ჩახტა ჩემი ერთ-ერთი მეგობარი წყალში, მაგრამ იმ წამსვე ტყვია მოხვდა. შორიდანაც კი დავინახე და გავიგე ეს ორი გასროლა, ზუსტად თავში: დავინახე რა დაემართა ჩემი მეგობრის თავს. ისინი ვინც კუნძულზე დარჩნენ, პანიკამ მოიცვა. ძალიან მომინდა მათთან ყოფნა, მსურდა გაქცევაში დავხმარებოდი: „გაცურეთ ან გაიქეცით!“ ვყვიროდი, მაგრამ ვერაფრით ვეხმარებოდი - ყოველივეს ვერტმფრენების ხმაური და გასროლების სერია ახშობდა.

როგორც კი კუნძულს ზურგი ვაქციე, მივხვდი, რომ პანიკამ შემიპყრო. თვალები მეხუჭებოდა და წყალი ნელ-ნელა მფარავდა. საშინლად მინდოდა მიბრუნება, ტკივილი ვიგრძენი. ვეღარ ვსუნთქავდი და ვგრძნობდი, რომ ვიხრჩობოდი: „ემა, მეტი აღარ შემიძლია“.

ეს ერთ-ერთი ჩემი მეგობარი იყო. კბილებს ვაკაწკაწებდი, მივცურე მასთან და რიტმის შენარჩუნება ვთხოვე: „ისუნთქე ჩემთვის და შენთვის, მალე უსაფრთხოდ ვიქნებით, აი, ნახავ“. იგი მხრებზე მომეხვია და მხოლოდ ფეხებს ამოძრავებდა. ერთად ცურვა განვაგრძეთ. ძლივს ვსუნთქავდი. მუდმივად ვიმეორებდი ჩემთვის: „დედასთვის, მამასთვის, ძმისთვის, რობინისთვის. ისინი იქ მელოდებიან, მეორე ნაპირზე“.

სულ იმ გოგონას ველაპარაკებოდი, რომელიც მხრებზე მეყრდნობოდა. უეცრად კი მან თქვა: „ემა, სისხლი გდის“. მარცხენა ხელს შევხედე და დავინახე, რომ სისხლი მდიოდა. ვეცადე ამაზე არ მეფიქრა და კონცენტრირება მოძრაობაზე გადავიტანე - მაშინ მივხვდი, თუ რატომ მტკიოდა ისე ძალიან ხელი, მაგრამ გაჩერება არ მინდოდა.

ჩვენს უკან ისმოდა გასროლის ხმები, ყვირილი და მისი სიცილი. იგი ისროდა და გვიყვიროდა: „ვერსად გაიქცევით!“ შემდეგ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ თავად შეეძლო ცურვის გაგრძელება. იგი ჩემს გვერდით მოცურავდა და კარგადაც გამოსდიოდა. გვეჩვენებოდა, თითქოს საათობით გრძელდებოდა ყოველივე, მაგრამ კარგად მესმოდა, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთი მივცურავდით.

ჩემთან პატარა ბიჭმა მოცურა და მას ვუთხარი: „შენ შენი ასაკისთვის ძალიან კარგად ცურავ“. შემომხედა და მიპასუხა: „მამაჩემი მოკვდა“. მეც ვუპასუხე: „ უკან არ გაიხედო, უბრალოდ იცურე მამაშენისთვის. შენ ძალიან კარგად გამოგდის“. მან შემომხედა: „მე კი ვფიქრობდი, რომ პოლიციელები კეთილები არიან!“

ძალიან გავბრაზდი და ამან ძალა შემმატა. სამნი მივცურავდით. როცა მოვბრუნდი, რომ დამენახა თუ რა ხდებოდა ჩვენს უკან, დავინახე, რომ თავდაპირველთან შედარებით იქ ძალიან ცოტა ხალხი იყო. იდიოტი კი კვლავ გვესროდა ჩვენ. საკუთარ თავს ვუთხარი:“აღარ მობრუნდე, გაცურე“. როგორც კი ვთქვი ეს, ნავის ხმა გავიგე და შემდეგ დავინახე კიდეც. ამის შემდეგ უფრო ენერგიულად დავიწყეთ ცურვა და ყვირილი:“მადლობა, ღმერთო, მადლობა!“ ხელებს ვიქნევდით და ვყვიროდით:“გვიშველეთ, ჩვენ აქ ვართ!“

ჩემს მეგობარსა და ბიჭუნას ვუთხარი, რომ პირველი მივცურავდი ნავთან, რათა შემემოწმებინა ნამდვილად ჩვენს გადასარჩენად იყვნენ მოსულები თუ არა. აღარავის ვენდობოდით. გავცურე. ნავში მამაკაცი იჯდა, რომელმაც ამიყვანა და გულში ჩამიკრა. მითხრა: „ახლა უსაფრთხოდ ხარ. არის კიდევ ვინმე?“ მეც მივუთითე და ჩემი მეგობრებიც ნავზე ავიყვანეთ.

სანამ მოყოლას დავასრულებ, მსურს აღვნიშნო, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ. იმ იდიოტს ჩვენი გატეხა სურდა, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით. იმდენი კითხვა გამიჩნდა მისი მიმართულებით და ძალიან მსურს მასთან შეხვედრა. რატომ? რაზე ფიქრობდა? მსგავს კითხვებზე სწორ პასუხს კი ვერასდროს მივიღებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100