დედოფლისწყაროში 6 წლის გოგონა დედ–მამის დავის მიზეზი და მსხვერპლია
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანში მცხოვრები 6 წლის მაკა ასლანიძის ბედი საბოლოოდ ჯერაც გაურკვეველია, იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოიტანა. როგორც გაზეთი „ქიზიყი“ იტყობინება, რაიონულმა სასამართლომ ბავშვის მშობლებს შორის ბავშვზე მეურვეობის შესახებ დავა განიხილა და, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბავშვის მამის ნათესავთა მტკიცებით, ალოგიკური და უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: ბავშვი დედას უნდა დაუბრუნდეს.
უკვე ერთი წელია, პატარა მაკა მამის ოჯახში იზრდება. მისი დედ–მამა ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდნენ. ამის შემდეგ მაკა დედასთან, მარიზა კირკიტაძესთან ცხოვრობდა და იზრდებოდა, დაახლოებით ერთი წლის წინ კი მოხდა შემთხვევა, რომელზეც დღესაც მთელი სოფელი საუბრობს: დედამ გვიან ღამით 4 წლის ბავშვი სახლში გარედან ჩაკეტა, თვითონ კი სახლიდან წავიდა.
გამოღვიძებული პატარა, როცა აღმოაჩინა, რომ სახლში მარტოა – ისტერიკაში ჩავარდა. მისი ტირილის ხმა მეზობლებმა სრულიად შემთხვევით გაიგონეს და როცა დარწმუნდნენ, რომ სახლში არავინაა, ხოლო კარები გარედანაა ჩაკეტილი, ბავშვის საძინებელ ოთახში ფანჯრიდან შევიდნენ და ტირილისგან დალურჯებული პატარა დაამშვიდეს. იმავე დილით მაკა ასლანიძეს მამამ მოაკითხა და თავის სოფელში წაიყვანა. მაკას დედა – 29 წლის მარიზა კირკიტაძე მას შემდეგ ბოლო დრომდე არ გამოჩენილა.
როცა დაახლოებით ოთხი თვის წინ მაკას დედა ისევ გამოჩნდა და ბავშვის ნახვა მოინდომა, მამამ ამის გაკეთება კატეგორიულად აუკრძალა. სოფელ ფიროსმანშიც და სოფელ სამთაწყაროშიც, სადაც პატარა ახლა მამის ოჯახში იმყოფება, მოსახლეობა ადასტურებს, რომ პატარა მაკას დედის ნახვა არათუ არ სურდა, მისი ხსენების დროსაც კი შიში იპყრობდა. როცა მარიზა კირკიტაძემ შვილის ნახვა ვერ მოახერხა, გადაწყვიტა, დედის უფლებები სასამართლოს მეშვეობით დაეცვა და დაებრუნებინა.
კირკიტაძემ სასარჩელო განცხადებით ჯერ ხელვაჩაურის, მერე კი დედოფლისწყაროს სასამართლოებს მიმართა. დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ, კერძოდ კი მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა ბავშვი დედას მიაკუთვნა, რამაც მაკას მამა, მისი ნათესავები და ადგილობრივი მცხოვრებლები ძალიან აღაშფოთა. საინტერესო ის არის, რომ სასამართლოს ბავშვის დედისთვის მიკუთვნების შესახებ რეკომენდაცია ადგილობრივმა სოციალური მომსახურების სააგენტომაც მისცა.
სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების მიუხედავად, ბავშვი ამ დრომდე მამის ოჯახში, სოფელ სამთაწყაროში იმყოფება. მამა და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მაკას დედას არ გაატანენ და „ბავშვის სულის დამახინჯების“ საშუალებას არ მისცემენ.
კანონის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა აღსრულდეს. მსგავს შემთხვევებში ოჯახში მოსალაპარაკებლად სოციალური სააგენტოს თანამშრომლები მიდიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება, საქმეში აღსრულების ბიურო და საპატრულო პოლიცია ერთვება.
გამორიცხული არ არის, 5 წლის მაკა ასლანიძის დედისთვის დაბრუნების პროცესს სამთაწყაროში მწვავე დაპირისპირება მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის სრული შემადგენლობით ეწინააღმდეგება 5 წლის მაკას ისევ დედასთან გადაბარგებას.
კომენტარი