მთავარი პროკურატურის განცხადება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
2014 წლის 15 ივლისს, შემოვიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, #37-ე „დ“ კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი.
მითითებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც განპირობებული იყო საწყის ეტაპზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებით. შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ ა/მანქანაში აღმოაჩნდა ბატონი ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე დღეს - 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მომხდარია გასროლა. მომხდარი ფაქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე სრულყოფილი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების მიზნით შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი.
ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. კერძოდ; მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პარალელურ რეჟიმში დაინიშნა ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები და სხვა. მოწმდება და განიხილება მომხდარის სხვადასხვა ვერსიები.
გამოძიების შედეგებს საზოგადოებას ვაცნობებთ მოგვიანებით.
კომენტარი