სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წვეტიანი აზრები ანუ მფრინავი ვირის ამბავი

საქართველოში ცოტამ თუ უწყის ,,მფრინავი ვირების“ წარმოშობის ნამდვილი ამბავი, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი გამყინვარების დროს გადაშენდნენ. თუმცა, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ამ ეგზოტიკური ცხოველების შთამომავლების ნაკვალევს ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში არქეოლოგები დღესაც პოულობენ.

მეტიც, ზოგიერთი მათგანი, ვგულისხმობ „მფრინავ სახედარს“, ქართულ პოლიტიკაში, დროსა და სივრცეში დამკვიდრებას შესაშური მონდომებით ცდილობს. მოკლედ, ახლა სწორედ ამ უნიკალური არსების შესახებ მინდა მოგითხროთ.

დავწერ ლაღად და ქვეშეცნეულად, მაგრამ, როგორც ეროვნულ მასმედიაშია მიღებული, იმ პიროვნების გვარსა და სახელს არ დავაკონკრეტებ, რომელიც ჩემში კეთილშობილი ცხოველის ასოციაციას იწვევს. იგი გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს მოევლინა ქართულ პოლიტიკას. მაშინ აღნიშნული სუბიექტი ისეთი გულუბრყვილო, საცოდავი და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით დაიარებოდა თბილისის ქუჩებში, რომ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა და დაიჯერებდა ჯერ კიდევ „ჩოჩრობაში“ მყოფი არსების „მფრინავ ვირად“ გარდაქმნის შესაძლებლობას.
საოცარი იღბალი და ქვემძრომობის არაჩვეულებრივი ნიჭი აღმოაჩნდა უშველებელი ყურების პატრონს და მისი „გასახედრების“ პროცესიც „შევარდნაძის ეპოქაში“ ელვისებური სისწრაფით განვითარდა. პირველ რიგში, იმჟამინდელმა მაღალჩინოსნებმა სწორედ ამ ინდივიდის ვეება ყურებს მიაპყრეს ყურადღება.
(ალბათ, მსგავსი პროტოტიპების დეფიციტის გამო. კარგია, როცა გვერდით ისეთი ვინმე გეგულება, რომელსაც იოლად აახევ ბარაქიან ყურებს - ავტ.) გამოხდა მცირე ხანი და გადაშენებას გადარჩენილმა სუბიექტმა კარიერული აღმასვლა დაიწყო. იგი ყველა თანამდებობას და ხელმძღვანელს საცობივით ერგებოდა.
განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი მისთვის ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი გახლდათ, როცა „ბებერი მელა“ „სახლში წავიდა“. ახალმა შესაძლებლობებმა უკვე „დაფრთიანებულ ჩოჩორს“ საასპარეზოდ ფართო გზა და მრავალმილიონიანი ქონება უბოძა.
წესით, ეს „ლიმონები“ გასაცოდავებულ ხალხს უნდა მოხმარებოდა, მაგრამ „კეთილშობილ ცხოველს“ ამდენი კეთილშობილება არ აღმოაჩნდა. პირიქით, იგი ხარბად და დაუნდობლად „ძოვდა გაშლილ მდელოზე“ ამოსულ ნოყიერ „დოლარებს“ და მაღალ-მაღალ თანამდებობებს წამის უსწრაფესად იცვლიდა. არავინ ელოდა, თუ ასეთი გონიერი აღმოჩნდებოდა ბუნებით მშვიდი, მონური მორჩილებით გამორჩეული და „დიდყურებიანი ფენომენი.“ თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დასასრული.
ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი ეგზოტიკურ-უნიკალური პერსონაჟი „ვარდის ეკლებმა“ ისე დაალილავეს, რომ კუდამოძუებულმა, ყურის გამაყრუებელი ყროყინით, უკანმოუხედავად მოკურცხლა. „მფრინავ ვირს“, რომელიც ჩრდილოეთისკენ კვნესა-ვაებით მიუყვებოდა, გზაზე ერთობ უცნაური, სისხლისმსმელი და ვერაგი არსება, „კრემლოვან პუტი“ შემოხვდა. ამ მტაცებელმა სახედრის საცოდაობას მცირე ხანს უყურა და მისი შეჭმა გადაიფიქრა იმ მიზეზით, იქნებ რამეში გამომადგესო.
„კრემლოვანმა“ დიდყურება თავის სასახლეში მიიწვია, დაწვრილებით გამოკითხა გასაჭირი და დახმარებასაც შეჰპირდა. როცა ვირმა ძლევამოსილი გვერდით მდგომი დაიგულა, ისე გადიდგულდა, რომ საკუთარ სამშობლოს წყევლა-კრულვა დაატეხა თავს და ერს განადგურებით დაემუქრა. აქაოდა, ჩემი ახალი ბატონი იმდენ ჯარს მომცემს, შაჰაბასის შემოსევებს დაგავიწყებთო. დაბრუნდა თუ არა საქართველოში „პუტის“ ქვეშევრდომი, მყისვე შემოიკრიბა გარშემო „დოლარსდახარბებული“ და ვირის მბრძანებლობას მოწყურებული ქართველები. სწორედ ასეთ დროს და მსგავსი საცოდაობის ნახვისას იტყვიან ხოლმე: ჰოი, საოცრებავ!

ჩვენი კეთილშობილი ცხოველის ამბიციებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა: არჩევნებში გამარჯვება, ახალი ხელმწიფის დამხობა და გატირანება მოინდომა. ეს უტოპიური ჩანაფიქრი, რეალურად, მხოლოდ უბედური ვირუკას ოცნებად დარჩა.., მაგრამ სახედარი რისი სახედარია, მითუმეტეს დაფრთიანებული. თავლაფდასხმული, საყოველთაოდ შერცხვენილი, იგი ახლაც წინ და უკან დაფრინავს და „უზარმაზააარი“ შედეგის მიღწევას ცდილობს. „ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია“-ო
– ზედგამოჭრილია ეს ანდაზა ზემოხსენებული არსებისთვის, რომელსაც მიზნად საქართველოს აოხრება დაუსახავს. მდაა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100