"მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ ლევან ზურაბაშვილს ხელში ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა - ის აზარტული თამაშების მსხვერპლია და მისი მხრიდან ეს იყო ერთგვარი პერფორმანსი"
ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, იარაღი არ ჰქონია, მას მეტი დამაჯერებლობისთვის ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა საუბრობს.
როგორც ჭკადუა განმარტავს, ზურაბაშვილის მხრიდან ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მას ფული არ მოუთხოვია. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ დაკავებული ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ ის მძევლებს აგრესიულად არ ექცეოდა, რამდენიმემ თავისუფლად დატოვა შენობა, თითოეულ მათგანს გადაადგილება შეეძლო. ასევე, გვესმოდა, როცა მოთხოვნებს აყალიბებდა, მძევალთაგან ორი უსწორებდა კიდეც, რომ 7 % ბევრია და საბანკო სესხის განაკვეთი 3 პროცენტამდე დაწეულიყო.
ამ ბატონის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები იმდენად საჭირო იყო, არცერთ პოლიტიკოსს, არც ოპოზიციიდან და არც ხელისუფლებიდან არ ჰქონია იმ ტიპის დაპირება, რა მოთხოვნაც ამ ბატონს ჰქონდა. ეს გულწრფელი პროტესტი, თითოეული ჩვენგანის სატკივარი იყო და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთგვარ პერფომანსს, რა ფორმითაც მან ეს შეძლო.
მას იარაღი არ ჰქონია, ხელყუმბარა არ ჰქონია, მეტი დამაჯერებლობისთვის სანთებელა იყო ყუმბარის ფორმით, რომელსაც საფერფლეც აქვს. ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან არც ერთი თეთრი არ მოუთხოვია, მოლარეს უთხრა, რომ სალარო დაეკეტა, რადგან არ ეფიქრა ვინმეს, რომ რამე ფორმით თანხასთან ჰქონდა შემხებლობა. ის აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში იყო, არც ნასვამი იყო და არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო აზარტული თამაშების მსხვერპლი, მან ავტომანქანაც კი გაყიდა ვალების ნაწილის გასასტუმრებლად, 12 წლის შვილი ჰყავს და ამბობს, არ მინდა, ჩემი შვილიც იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც მე ვარო“ - განაცხადა ჭკადუამ, რომლის თქმითაც, დაკავებულს უფასოდ დაიცავს.
კომენტარი