„ფონდმა ნატახტარმა“ და „კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს
სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის ახალი შესაძლებლობები ადგილობრივ მუნციპალიტეტებში გამოჩნდა.
როგორც კამპანიის ავტორები აცხადებენ, პროგრამის ძირითად ამოცანას ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ახალგაზრდების დახმარება წარმოადგენს. კერძოდ კი, მათი საცხოვრებლით უზურნველყოფა, დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების მხარდაჭერა და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება, მათ შორის, ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფა და კომუნალური გადასახადების დაფარვა. შედეგად, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდებისთვის დამოუკიდებელად ცხოვრების პრობლემა და შიში და ის კომპლექსური სირთულეები, რომლებსაც ისინი აწყდებიან სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლის დროს აღარ იარსებებს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან „ფონდი ნატახტარი“ ზუსტად ანალოგიური საკითხების მოგვარებით არის დაკავებული და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ ამიტომ გასაწყვიტა კომპანიამ ადვოკატობის კამპანიის ინიცირება და თანამშრომლობის თხოვნით „კოალიციას ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ მიმართა. კოალიციის დახმარებით გაიწერა პროგრამა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებთან კონსულტაციებისას დაიხვეწა.
პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. იგეგმება კონსულტაციები და შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობებთანაც. საბოლოო პროექტის შეკვრამდე გათვალისწინებული იქნება ყველა მხარის რეკომენდაცია და ხედვა.
პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.
„მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, სახელმწიფო ზრუნვის სისტემა (მინდობითი ოჯახი და მცირე საოჯახო სახლები) არა მხოლოდ 18 წლამდე ეხმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, არამედ 21-24 წლამდე აგრძელებს მათ მხარდაჭერას, რადგან შეუძლებელია 18 წლის ახალგაზრდამ სრულიად დამოუკიდებლად მოაგვაროს საცხოვრებლის და სამსახურის პრობლემა, რომ არაფერი ვთქვათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობაზე. ჩვენ ქვეყანაში კი 18 წლის ახალგაზრდას უხდება ზრუნვის სისტემის დატოვება, მაშინ როცა ჯერ კიდევ, არ აქვს დაძლეული მიტოვებით და ხშირად მის მიმართ განხორციელებული ძალადობით გამოწვეული ტრავმები, არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი, არ არის დასაქმებისათვის კონკურენტუნარიანი, არ აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ყველაზე მზრუნველ ოჯახში აღზრდილი ახალგაზრდებიც კი, საქართველოში, ტრადიციულად, გვიან ან შესაძლოა, საერთოდ არ გადავიდნენ მშობლიური სახლიდან , რადგან არ არიან მზად 18 წლის ასაკში დაიწყონ სრულიად დამოუკიდებელი ცხოვრება. მაშ, რატომ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მზრუნველობამოკლებული ბავშვები გახდებიან რა 18 წლის გაუმკლავდებიან ზრდასრულის ცხოვრებას და რომ მათ სახელმწიფოს დახმარება აღარ სჭირდებათ?!“ - განმარტავენ კოალიციაში.
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს, კომპანია „ნატახტარსა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, მაია მგელიაშვილმა და კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა. მემორანდუმის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს. “ფონდი ნატახტარი“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებზე ერთობლივად იზრუნებენ და მათ ადვოკატობას გაუწევენ.
კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველი წელს, 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად). 5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 747 857 ლარი და 300-ზე მეტ მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მიერ, საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.
“კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი 41 ორგანიზაციის გაერთიანებაა, რომლის მიზანს ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს. კოალიციის ძირითად საქმიანობას წარმოადგნეს ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების ადვოკატირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის რეგიონალურ და საერთაშორისო კოალიციებში წევრობის მეშვეობით.
კომენტარი