საქართველოს პრეზიდენტს 44 წელი შეუსრულდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს 44 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 1967 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტად ჩაირიცხა ედმუნდ მასკის პროგრამით. 1995 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო სამართლის განხრით.
1995-1996 წლებში სწავლობდა ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტურანტურაში.
1995 წელს იგი მიიღეს ნიუ-იორკის ადვოკატურაში და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ბიზნეს სამართალს პეტერსონთან, ბელკნაფთან, ვებთან და ტაილერთან.
1995 წელს მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და სწორედ მისი ინიციატივით საქართველოში პირველად დაიწყო მოსამართლეების შერჩევა მათი დამსახურების მიხედვით. 2000 წლის 12 ოქტომბერს იგი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.
2003 წელს გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის აწ უკვე გარდაცვლილი წევრი ზურაბ ჟვანია გაერთიანდნენ არჩევნების შედეგების გასაბათილებლად და საზოგადოებას პროტესტისაკენ მოუწოდეს, რაც ვარდების რევოლუციის დასაწყისი გახდა.
2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და 2004 წლის 4 იანვარს ქართველმა ხალხმა ხმათა 96 პროცენტით ქვეყნის პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი აირჩია.
2008 წლის 5 იანვრის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი ხმათა 53.47%-ით მეორე ვადით იქნა არჩეული.
კომენტარი