ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძეს: 400 ლარიანი პენსია არის ისეთივე ტყუილი, როგორც ბევრი სხვა რამ, ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში
ირაკლი კობახიძე რომან გოცირიძეს: 400 ლარიანი პენსია არის ისეთივე ტყუილი, როგორც ბევრი სხვა რამ - ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში
„ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში, უკვე ორი თვეა, გვესმის თქვენი ტყუილზე აგებული კამპანია“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენელს, საარჩევნო დაპირებების შესახებ კითხვით მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა, როდის გახდება პენსია 400 ლარი.
„ბატონო რომან, მადლობა აღიარებისთვის. 400 ლარიანი პენსია არის ტყუილი, რაც ყველამ ვიცით. ეს იცის პოზიციამ და ოპოზიციამ და დღეს ეს აღიარა რომან გოცირიძემ, რომ 400 ლარიანი პენსია არის ისეთივე ტყუილი, როგორც ბევრი სხვა რამ. ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში, თვეებია. უკვე ორი თვეა, გვესმის თქვენი ტყუილზე აგებული კამპანია. რა იკადრეთ, წარმოიდგინეთ, რომ კანდიდატს დააბრალეთ, რომ თითქოს მან მეგრელებზე თქვა, რომ არის მოღალატე ხალხი თავისი ბუნებით, კახელებზე თქვა თურმე, რომ შაჰ-აბასის სისხლი ურევიათ და ამიტომ ვერ იტანს - ამაზეა აგებული თქვენი კამპანია. ამაზე შორს თქვენ ვერ წახვედით და ვერც წახვალთ და 400 ლარიანი პენსიაც ამის გაგრძელებაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, ამ მასშტაბის ტყუილი ადამიანის აზროვნებაზე ძალადობაა. „ტყუილის გარეშე თქვენ არსებობა არ შეგიძლიათ. ესეც არის ძალადობის გამოვლინება. ეს ტყუილი, ამ მასშტაბით, არის ძალადობა ადამიანის აზროვნებაზე. ესეც არის თქვენი ძალადობრივი ბუნების გამოვლინება. ასეთი ტყუილებით თქვენ შორს ვერ წახვალთ. არც რუსი შკლიაროვი, არც რუსული რბილი ძალა ამაში, ბუნებრივია, არ გიშველით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარი